ვალელმა ფერმერმა მათე ჩიტაშვილმა კარტოფილი ინოვაციური მეთოდით მოიყვანა. მას საჩუქრად ლაბორატორიაში გამოყვანილი ჩითილები გადაეცა, რომლიდანაც ფერმერმა უხვი მოსავალი მიიღო.
მათე ჩიტაშვილი წარმატებული ფერმერია. წელიწადის ყოველ სეზონზე იგი სოფლის მეურნეობაში აქტიურად არის ჩაბმული. აქვს სამი სათბური და გარე გრუნტში დაახლოებით 3.5 ჰექტარს ამუშავებს. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ბოსტნეული მოჰყავს და რეალიზაციას ახდენს.
სწორედ იმის გამო, რომ მათე ჩიტაშვილი აქტიური ფერმერია, მას ორგანიზაცია USAID –ის პროგრამის ფარგლებში კარტოფილის ჩითილები გადაეცა. ეს ჩითილები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ლაბორატორიაში გამოიყვანეს. ფერმერმა შესაბამისი ტრენინგებიც გაიარა და შემდეგ უკვე კარტოფილის მოყვანის პროცესში დაიწყო.
„2020 წლის ივნისში გადმომცეს 210 ჩითილი. შარშან უკვე ტუბერები დავთესე და ფაქტობრივად, კარგ მოსავალზეც გავედი. ზოგი ჩითილი დაიკარგა, რადგან ყველამ ვერ გაიხარა. მთლიანობაში 20–30 ცალი გაფუჭდა, თუმცა 200 ჩითილიდან ზუსტად 70 კილოგრამი კარტოფილი მივიღე, რაც ძალიან კარგი შედეგია მე ვფიქრობ“, – ამბობს მათე ჩიტაშვილი.
ფერმერის თქმით, ასე მიღებული კარტოფილი უხვმოსავლიანია და მას შემედეგ რაც 70 კილოგრამი კარტოფილი მიწაში ჩააბრუნა, შემოდგომით 2 ტონა კარტოფილი მიიღო.
თუმცა უხვმოსავლიანობის გარდა, ჩითილებით გამოყვანილ კარტოფილის უპირატესობა ის არის, რომ მას დაავადებები არ ხვდება და წამლობა თითქმის არ სჭირდება.
„არა მხოლოდ უხვმოსავლიანია, არამედ ბაქტერიებიდან ფაქტობრივად გათავისუფლებულია. ლაბორატორიულად გამოყვანილი ჩითილებია და მასში ფაქტობრივად ყველა ის პროცედურაა გავლილი, რაც ჩვენთან კარტოფილს უჭირს ხოლმე. ამიტომ მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების გატარება სჭირდება და არა უხვი წამლობა სხვადასხვა დაავადებებზე“, – ამბობს ფერმერი.
ინოვაციური მეთოდის გამოყვანილი კარტოფილის ჩითილები ორგანიზაცია USAID–მა მატე ჩიტაშვილის გარდა, სამცხე–ჯავახეთში კიდევ 38 ფერმერს გადაეცა. „ეს იყო სატესტე მდგომარეობა, უნდა გვენახა რამდენად გაამართლებდა. ჩემთან გამოვიდა და თავად ორგანიზაციაც ძალიან კმაყოფილი დარჩა, რომ ასეთი კარგი მოსავალი მივიღე, თუმცა იყვნენ ფერმერები, რომლებთანაც არ გაამართლა. თან პრობლემა ისიც იყო, რომ ცოტა გვიან მივიღეთ ჩითილები, პანდემიის გამო, ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა“.
კარტოფილს, რომელიც ფერმერებს გადაეცათ, „სუპერ ელიტის“ ხარისხის აქვს: „ეს არის ის კარტოფილი, რომელიც ფიზიკურად გაყიდვაში არ არის. პროგრამა სამწლიანი იყო წელს უკვე დიდ მეურნეობაზე იქნება გათვლილი, ვისაც 2 და მეტ ჰექტარზე მოჰყავს კარტოფილი“.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩითილების გადაცემასთან ერთად, გათვალისწინებული იყო წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებაც, თუმცა მათე ჩიტაშვილი ასეთ სისტემას უკვე წლებია იყენებს ბოსტნეულ კულტურებში: „მუნიციპალიტეტში ერთ–ერთი პირველი ფერმერი ვიყავი, რომელსაც წვეთოვანი სისტემა ჰქონდა. იმიტომ, რომ სათბურები მაქვს და ბოსტნეულის მოსაყვანად კარგი მეთოდია“.
ზოგადად, წლის განმავლობაში მათე ჩიტაშვილი კარტოფილს 1-1.5 ჰექტარზე თესავს. ამბობს, რომ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში არ აქვს, ამიტომ დიდი ტერიტორიების არენდით აღებასა და დამუშავებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ცდილობს თესლბრუნვა მოახერხოს.
„წელს, ძირითადად ხორბალი დავთესე, იმიტომ, რომ მიწას თესლბრუნვა სჭირდება. ანუ 4 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს მიწაზე კულტურა და შარშან რომ კარტოფილი მქონდა, წელს იქ ხორბალი დავთესე, მომავალ წელს სიმინდს დავთესავ, მესამე წელს, სხვა რამეს და მეოთხე წლისთვის უკვე კარტოფილს მოვაბრუნებ“.
მათე ჩიტაშვილი სოფლის მეურნეობაში რამდენიმე სახის ბოსტნეულს აწარმოებს. 75 მეასედზე გაშენებულ სათბურში თებერვლიდან კიტრის მოყვანას დაიწყებს, მერე კი სხვა ბოსტნეულს დაამატებს. მას შემდეგ, რაც სათბურში მუშაობა დასრულდება, ღია გრუნტში გადაინაცვლებს. მისთვის შეუცვლელის ბროკოლი, რომლის რეალიზაციასაც გვიან შემოდგომამდე ახდენს. „თებერვლიდან უკვე სამუშაობი დაიწყება. კიტრის შემდეგ საადრეოდ ბროკოლის ჩითილს გამოვიყვანთ.
ადრე ჩითილებსაც ვყიდდი, მაგრამ ახლა აღარ ვაპირებ, რადგანაც მიწას ვაცდენ, მხოლოდ ბოსტნეულზე ვმუშაობ და ადგილობრივ ბაზარზე ვახდენ რეალიზაციას. დაახლოებით 3 კვირა, 1 თვე კიტრს კარგი ფასი აქვს ხოლმე, მერე ბევრი შემოდის. ჩემი აზრით, მთავარია ეს საქმე გიყვარდეს და დასათესი და სამუშაო არ გამოილევა“, – ამბობს მათე ჩიტაშვილი.
თაკო ფეიქრიშვილი,
ვალე 2022წ.