სამცხე–ჯავახეთში მარცვლოვანი კულტურების აღება–დაბინავება დასრულებულია. წელს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ფერმერებმა ხორბლის გაცილებით ნაკლები მოსავალი მიიღეს. ამის მიზეზად ისინი სტიქიასა და არასაკმარის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკას ასახელებენ.
ხორბლის მოსავლის აღება სამცხე–ჯავახეთში აგვისტოს ბოლოდან დაიწყო. ახალქალაქი ის მუნიციპალიტეტია, სადაც ყველაზე მეტი მარცვლოვანი კულტურა ითესება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, 2021 წელს ხორბალი მუნიციპალიტეტში სულ 1 940 ჰექტარზე იყო დათესილი. მოსავლიანობამ კი 1 ჰა–ზე 3.3 ტონა შეადგინა.
ფერმერები, რომლებსაც ხორბალი ახალქალაქის ტერიტორიაზე ჰქონდათ დათესილი, ამბობენ, რომ გასული წლისგან განსხვავებით მოსავლიანობა მაღალი იყო, თუმცა აგვისტოში მოსულმა სეტყვამ ნაწილი გაუნადგურათ.
თემურ ხმალაძემ, რომელსაც რამდენიმე სახეობის ხორბალი სოფელ კოთელიაში 30 ჰექტარზე ეთესა, მოსავლის 70% დაკარგა. ამის მიზეზად იგი არა მხოლოდ სტიქიას, არამედ არასაკმარის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკას ასახელებს: „აგვისტოში მოვიდა სეტყვა და მოსავალი გაანადგურა. დანაკარგი არ გვექნებოდა, კომბაინი რომ ყოფილიყო ახალქალაქში. არ იყო ტექნიკა, რომ თავის დროზე აგვეღო ხორბალი და ამხელა ზარალი არ იქნებოდა. რაც დაგვისეტყვა იქ ჰექტარზე ტონა–ნახევარი ავიღეთ და რაც არ დასეტყვა იქ 5–დან 6 ტონამდე გვქონდა მოსავალი“, – ამბობს თემურ ხმალაძე და ამატებს, რომ ხორბლის რეალიზაცია მისთვის შემოსავლის წყაროა და ასეთმა დანაკარგმა მნიშვნელოვნად დააზარალა: „ვყიდით ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილს კი ოჯახშიც ვიყენებთ, მაგრამ არ გვქონდა წელს მოსავალი“.
აგვისტოს სტიქიამ მარცვლოვანი კულტურები დააზიანა ახალქალაქის სხვა სოფლებშიც, განსაკუთრებით კი კოთელიაში, ტურცხსა და ხანდოში.
მაისში მოსულმა სეტყვამ შეუქმნა პრობლემა ასპინძაში მცხოვრებ ფერმერებსაც: „სოფელ ხიზაბავრაში მქონდა, კლიმატური პირობების გათვალისიწნებით, რუსულ ჯიშს ვთესავ, რომელიც სიცივეს უძლებს, მაგრამ ჯერ 20 მაისს სეტყვამ გაანადგურა, მერეც გვალვიანი წელი იყო და ტონა–ნახევარზე მეტი ვერ ავიღეთ ჰექტარზე, მაშინ, როცა შარშან ჰექტარზე 3 ტონა ავიღე“, – ამბობს ვახტანგ მურადაშვილი.
ხორბლის ნაკლები მოსავალი მიიღეს ახალციხეშიც. ვალელი ფერმერი, პავლე გოზალიშვილი, რომელიც უკვე 25 წელია საშუალოდ 6 ჰექტარზე თესავს ხორბალს, ამბობს, რომ 2021 წელი გვალვიანი იყო და თავთავი არ გაიზარდა.
„გასულ წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლები მოსავალი მივიღეთ. მაისში წვიმები არ იყო და არ გაიზარდა ხორბალი. ვთესავ „ლომთაგორას“ ჯიშის ხორბალს, მაგრამ არც სხვა ჯიში მოვიდოდა, ხორბლისთვის ცუდი წელიწადი იყო“.
მესხეთში ამბობენ, რომ დაახლოებით 20-25 წლის წინ აქ მოსახლეობა მასობრივად თესავდა ხორბლის ადგილობრივ ჯიშებს. ძირითადად „დიკასა“ და „ახალციხის წითელ დოლს“. ეს ჯიშები სიცივესა და სოკოვანი დაავადებებისადმი გამძლეა, თუმცა შემოტანილი სათესლე მასალით იმის გამო ჩაანაცვლეს, რომ უხვმოსავლიანი არ იყო.
ამჟამად მესხეთში სულ რამდენიმე ფერმერია, რომელიც ხორბლის ადგილობრივ ჯიშებს თესავს.
„წელს პირველად „ჯავახური დიკა“ და „ახალციხის წითელი დოლი“ გვქონდა, ვცდილობთ მისი პოპულარიზაცია მოვახდინოთ. სათესლე მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან შევიძინეთ. იაფი არ დაჯდა, დაახლოებით 2.80 ლარი გადავიხადე, ჯერჯერობით მცირე რაოდენობა გვქონდა, საცდელად, 1 ჰექტარზე ორივე ჯიში. განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით აქვს, ჩვენ სახლშიც ამას მოვიხმართ“, – ამბობს თემურ ხმალაძე.
გადაშენების პირას მყოფი ხორბლის ჯიშების გადარჩენაზე ზრუნვა წლების წინ ასოციაცია „ელკანამ“ დაიწყო. ორგანიზაცია ფერმერებს სათესლე მასალას აწვდიდა და ატრენინგებდა. შედეგად, სამცე-ჯავახეთში ძველი მესხური ხორბლის ჯიშები მცირე ფართობზე, მაგრამ მაინც ითესება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, საერთო ჯამში, სამცხე-ჯავახეთში 2021 წელს, გასული წლისგან განსხვავებით ხორბლის ნათესებმაც იკლო და 1 ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობამაც.
სტატისტიკური მაჩვენებელი კი ასეთია:
2020 წელი: ნათესი ფართობი – 3735 ჰა. / მოსავლიანობა 1ჰა–ზე – 3,3 ტონა.
2021 წელი: ნათესი ფართობი – 3450 ჰა. / მოსავლიანობა 1 ჰა–ზე – 3,2 ტონა.
თაკო ფეიქრიშვილი,
სამცხე-ჯავახეთი, ოქტომბერი, 2021წ.