სოინჯი (Nigella) – გვარი აერთიანებს დაახლოებით 20 სახეობას, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, მცირე და ცენტრალურ აზიაში.
იზრდება მშრალ ფერდობებსა და დანაგვიანებულ ადგილებზე. ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა სწორმდგომი, უხვად დატოტვილი, წახნაგოვანი, ზოგჯერ ოდნავ იისფერი, შიშველი ღეროებით, რომელთა სიმაღლეც 30-60 სმ-ს აღწევს.
ფოთლები უხეშია, 2-3-ჯერ ფრთისებურად დანაკვთული. ყვავილები მარტოულია ან ყვავილედად შეკრებილი, თეთრი, ცისფერი, ან ყვითელი შეფერილობის. გვირგვინის ფურცლები სანექტრეებადაა გადაქცეული.
ნაყოფი ხუთფურცელა კოლოფია, რომელშიც ვითარდება მრავალრიცხოვანი სამწახნაგოვანი, შავი ფერის, კვერცხისებური, განივად დანაოჭებული თესლები. ისინი აღმოცენების უნარს ინარჩუნებენ 2 წლის განმავლობაში.
სოინჯი დამასკური (Nigella damascena)
სამშობლო – ხმელთაშუაზღვისპირეთი. 30-50 სმ სიმაღლის ერთწლოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი.
ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, 6-10 სმ სიგრძისა და 4-5 სმ სიგანის, ორმაგად ან სამმაგად ხაზურ ნაწილებად ფრთისებრ დანაკვთული. ზედა ფოთლები ყვავილის ძირშია თავმოყრილი და საფარს ქმნის, რომელიც ყვავილს 2-3-ჯერ აღემატება.
ყვავილები მარტოულია, 4 სმ დიამეტრის, 5 ცალი ლურჯი, ცისფერი ან თეთრი გვირგვინის ფურცლის მსგავსი ჯამის ფოთლით. ნაყოფი სფეროსებურ კოლოფს მოგვაგონებს. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
გარემო პირობებისადმი მომთხოვნი არაა. უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ, საშუალო ტენიანობის და კირისშემცველ ნიადაგს.
ფართოდაა კულტივირებული როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. გამოიყენება ყვავილნარებში.
წყარო: ბაღის დიზაინერი