საქართველოში პომიდვრის სელექცია ჰიბრიდიზაციის გზით

პომიდვრის

შესავალი

სელექცია არის მეცნიერება, ადამიანის მოთხოვნის შესაბამისად, არსებული ჯიშების გაუმჯობესებისა და ახალი ჯიშების გამოყვანის შესახებ, რომლის მიზანია მოსავლიანობის გაზრდა, კვებითი ღირებულების გაუმჯობესება, გარემო პირობებთან ადაპტაცია და სხვა.

მცენარეთა სელექციას ადამიანები უძველესი დროიდან მისდევდნენ, თუმცა თანამედროვე პირობებში იგი ეფუძნება გენეტიკის პრინციპებს და სელექციონერებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით, რაც აჩქარებს და მრავალფეროვანს ხდის მიღებულ შედეგებს.

სელექციის ერთ-ერთი მეთოდია ჰიბრიდიზაცია,  გენეტიკურად განსხვავებული ფორმების შეჯვარება, რის შედეგადაც ერთ ჰიბრიდულ ორგანიზმში შესაძლებელი ხდება ორი და მეტი მშობლიური ფორმის ნიშნებისა და თვისებების შერწყმა. ამ მეთოდის სწორად გამოყენებით შესაძლებელია ისეთი ჯიშების გამოყვანა, რომელიც არსებულთან შედარებით უკეთესად უპასუხებს სოფლის მეურნეობის წარმოების მოთხოვნებს. ჯიშთაშორისი შეჯვარება ახალი ჯიშის გამოყვანის მიზნით, მრავალფეროვანი სელექციური მასალის შესაქმნელად შედეგიანი და ძირითადი მეთოდია.

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურში მიმდინარეობს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექცია. სელექციური მასალის მიღება ხორციელდება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ადგილზე – ექსპერიმენტული მუტაგენეზით, კერძოდ რადიაციული დასხივებითა და ჰიბრიდიზაციის გზით.

პომიდვრის კულტურაზე სელექციური მუშაობა დაიწყო 2019 წელს. მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია 2019 – 2021 წლებში შესრულებული სამუშაოები და მიღებული შედეგები.

პომიდორი ჩვეულებრივ თვითმტვერია მცენარეა (ბუტკო იმტვერება იმავე ყვავილის მტვრით), თუმცა მცირე პროცენტით ადგილი აქვს ჯვარედინ დამტვერვასაც. პომიდორი შედის ძაღლყურძენასებრთა (Solanaceae) ოჯახში. მისი ყველა ფორმა: სფეროსებური, მსხლისებური და ქლიავისებური ერთი სახეობაა Lycopersicum esculentum Mill. ამავე სახეობას მიეკუთვნებიან წვრილნაყოფა ველურად მოზარდი მოცხარისებური და ალუბლისებური ფორმებიც. ასევე მრავალგვარია ნაყოფების ფერი, ხოლო ღეროს ზრდის მიხედვით გამოიყოფა მაღალმოზარდი (ინდეტერმინანტული), დაბალმოზარდი (დეტერმინანტული) და გარდამავალი ტიპები.

2019-2021 წლებში შესრულებული სამუშაოები და მიღებული შედეგები

2019 წელს, სელექციური მუშაობის პირველ ეტაპზე პომიდვრის ჰიბრიდიზაციისთვის მშობლებად შერჩეული იქნა 6 ინტროდუქცირებული ჯიში, რომლებსაც ჰქონდათ მკვეთრად განსხვავებული მახასიათებლები (ცხრილი #1), კერძოდ 4 ჯიში იყო დეტერმინანტული, ხოლო 2 ჯიში – ინდეტერმინანტული, ერთმანეთისგან ასევე განსხვავდებოდნენ ნაყოფის ფერის (ვარდიფერი, წითელი, ყვითელი), ფორმის (მრგვალი, მსხლისებური, ოვალური), ზომის (ე.წ. ჩერის ტიპი, საშუალო და მსხვილი ნაყოფები) და სხვა ნიშნების მიხედვით. ყველა ეტაპზე ჩითილის გამოყვანა და გადარგვა, ისევე როგორც შემდგომი სელექციური სამუშაოები განხორციელდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, სადაც ღია გრუნტში განთავსებულ მცენარეებს რეგულარულად უტარდებოდათ მოვლის ღონსძიებები: ნიადაგის გაფხვიერება, მინერალური სასუქებით გამოკვება, მაღალმოზარდი მცენარეებისთვის ჭიგოების მიდგმა და ფორმირება, ასევე მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ჩატარება და სხვ.

პომიდვრის ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაცია გულისხმობს ერთი ჯიშის მცენარის ყვავილის მტვრის ხელოვნურად გადატანას მეორე ჯიშის მცენარის ყვავილის ბუტკოზე. თვითდამტვერვა რომ გამორიცხულიყო ყვავილის გაშლამდე მცირე ხნით ადრე დედა მცენარეზე ხდებოდა მოუმწიფებელი მტვრიანების მოცილება (კასტრაცია), ხელოვნურად დამტვერილი ყვავილი კი ინიშნებოდა ეტიკეტით, რომელზეც მითითებული იყო მშობელი ფორმები და თარიღი. სამუშაო ტარდებოდა დილის საათებში. აღნიშნული ყვავილებიდან განვითარებული ნაყოფების აღება განხორციელდა სიმწიფის სტადიაზე. სულ მიღებული იქნა 9 განსხვავებული ჰიბრიდული კომბინაცია, საიდანაც აღებული იქნა თესლი.

2020 წლის მაისში ღია გრუნტში გადაირგა პომიდვრის აღნიშნული 9 ჰიბრიდის (F1) და მათი მშობელი 6 ჯიშის ჩითილი. ვეგეტაციის პერიოდში აღირიცხა მცენარეთა ფენოლოგიური განვითარების ფაზები და მორფოლოგიური მახასიათებლები, როგორიცაა: ნაყოფის ფერი, ფორმა, ზომა, საშუალო მასა, თესლბუდეების რაოდენობა და სხვ. საბოლოოდ 9 ჰიბრიდიდან გამორჩეული იქნა 4 ფორმა (ცხრილი #2), რომელთა გემური თვისებების შესაფასებლად განხორციელდა დეგუსტაცია. სადეგუსტაციო კომისიის მიერ ნაყოფის კონსისტენციის და გემური მახასიათებლების მიხედვით 2 ფორმამ (#3 F1 და #8 F1 ) დაიმსახურა მოწონება. #3 F1 (იხ. ფოტო #1) ხასიათდება გარდმავალი ზრდის ტიპით, ივითარებს წითელი ფერის ‘ჩერი’-ს ტიპის ნაყოფებს, ოვალური, სუსტად გამოხატული მსხლისებური ფორმით. აქვს წვნიანი რბილობი და მოტკბო-მომჟავო გემო. #8 F1 (იხ. ფოტო #1) არის ინდეტერმინანტული ზრდის ტიპის მცენარე, აქვს წითელი ფერის, მრგვალი ‘ჩერის’ ტიპის ნაყოფები, რომლებიც გამოირჩევა ხორციანი რბილობით და მოტკბო-მომჟავო გემოთი.

ჰიბრიდულ მცენარეებში (F1) მშობელი ჯიშების ძირითადი მახასიათებლებიდან გამოიკვეთა ის, რომ მცენარის მაღალმოზარდობა 2 შემთხვევაში სრულად დომინირებდა დაბალმოზარდობაზე, ხოლო ერთ შემთხვევაში – არასრულად, ნაყოფის წითელი ფერი დომინირებდა ყვითელსა და ვარდისფერზე (2 კომბინაცია), ნაყოფის მცირე ზომა (ე.წ. „ჩერის ტიპი“) არასულად დომინირებდა საშუალო ზომის და მსხვილ ნაყოფებზე (7 კომბინაცია).

აღებული იქნა თესლი, როგორც F1 ჰიბრიდებიდან, ასევე მათი მშობელი ჯიშებიდან, შემდგომში სელექციური მუშაობის მიზნით.

2021 წელს გაგრძელდა პირველი თაობის ჰიბრიდებიდან მიღებული მასალის შესწავლა მომდევნო F2 თაობაში. მაისის თვეში წილკნის ბაზაზე, ღია გრუნტში გადაირგა პომიდვრის აღნიშნული ფორმების ჩითილი. როგორც მოსალოდნელი იყო F2 თაობაში მცენარეები დაითიშა და მიღებული იქნა მრავალფეროვანი სელექციური მასალა, სადაც მცენარეები განსხვავდებოდნენ, მორფოლოგიური მახასიათებლებით (ცხრილი #3). პომიდვრის F2 თაობის სელექციური მასალის მცენარეთა და ნაყოფების მახასიათებლების გათვალისწინებით საბოლოოდ შეირჩა 16 ფორმა, მათ შორის სადეგუსტაციო კომისიის მიერ დადებითად შეფასდა 4. გამორჩეული ფორმებიდან კვლავ აღებული იქნა თესლი შემდგომი სელექციური მუშაობისთვის (ცხრილი #3).

პომიდორი, ჰიბრიდი, სელექცია

პომიდორი, ჰიბრიდი, სელექცია

პომიდორი, ჰიბრიდი, სელექცია

                                        ფოტო #1 F1 თაობის ფორმა #3                         ფოტო #F2 თაობის ფორმა #8                                      

გიორგი ბადრიშვილი, ს/მ დოქტორი
ირმა ირემაშვილი, დოქტორანტი

გამოყენებული ლიტერატურა:

ნასყიდაშვილი, პეტრე.,  მაკა ნასყიდაშვილი, მარიამ სიხარულიძე და შოთა სურგულაძე. 2002. კულტურულ მცენარეთა სელექცია, მეთესლეობა და თესლმცოდნეობა. თბილისი: გამომცემლობა ‘განათლება“.

ჯაფარიძე, ვაჟა. 2016. მებოსტნეობა, თბილისი.

Organic Seed Alliance. How to Breed Tomatoes for Organic Agriculture. 2014 https://workingfood.org/wp-content/uploads/2020/04/Breeding-Tomatoes-OSA-1-1.pdf

კრედო ბანკი