ბადრიჯანი – დარგვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ბადრიჯანი

ზოგადი ინფორმაცია

ბადრიჯანი (ლათ. Solanum melongena) — მრავალწლოვანი სითბოსა (20-30 °C) და ტენის მოყვარული მცენარეა.

მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი. ველურად იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი და სხვა), ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ.

ამიერკავკასიაში, რუსეთსა და უკრაინის სამხრეთით, მოლდოვასა და შუა აზიაში მოჰყავთ ღია გრუნტზე. სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში ბადრიჯანი მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა ჩითილის გამოყვანის მეთოდით.

ივ. ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბადრიჯანი ცნობილი ყოფილა XII საუკუნემდე. ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები.

ნაყოფი შეიცავს 89-94 % წყალს, 3–4,5% შაქარს, 2,7 – 4% უჯრედისს, B,P ვიტამინებს, ცილებს, ცხიმებს, მინერალურ მარილებს და სხვა.

ბადრიჯანს იყენებენ საკონსერვო წარმოებასა და კულინარიაში.

თესვა/დარგვა

თესლის ჩათესვის სიღრმე: 0,5-1,5 სმ. მწკრივებს თესვის დროს ერთმანეთისაგან 6 სმ-ით აშორებენ. კარგად განვითარებული ჩითილის მისაღებად აღმონაცენს ამეჩხერებენ, იმგვარად რომ მცენარეებს შორის 5-6 სმ მანძილი დარჩეს.

დარგვის ხერხი: ჩითილებით. გადასარგავი ჩითილების ასაკი: 45-50 დღე, ჩითილებს უნდა ჰქონდეთ 5-7 ფოთოლი.

ბადრიჯანს რგავენ წინასწარ გამოყვანილი ჩითილით. საადრეო და საშუალო ჩითილის გამოყვანას აწარმოებენ კვალსათბურებში, ხოლო საგვიანოდ მისი გამოზრდა შეიძლება ღია საჩითილე კვლებზეც.

ჩითილს რგავენ რიგებს შორის 60-70 სმ დაშორებით, ხოლო მცენარეებს შორის 40-50 სმ დაშორებით.

წინამორბედი კულტურები

კარგი წინამორბედი კულტურებია: პარკოსნები, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ხახვი, გოგრა.

ბადრიჯანი არ უნდა დაირგას ბადრიჯნის, პომიდვრის, წიწაკისა და კარტოფილის შემდეგ.

მოთხოვნილება ნიადაგისადმი

ბადრიჯნის მოყვანა შეიძლება ყოველგვარი ტიპის ნიადაგებზე. ადრეული მოსავლის მისაღებად უმჯობესია მსუბუქი და ქვიშიანი ნიადაგები, ხოლო საუკეთესოა მსუბუქი თიხნარი წყალგამტარი და ამავე დროს კარგი წყალტევადობის მქონე ღრმა ნიადაგი.

აქვს საკმაოდ მძლავრი ფესვთა სისიტემა (1,5 მეტრამდე იზრდება), ამიტომ ვერ ეგუება მაღლა მდგომ გრუნტის წყლებს.

ნიადაგი უნდა დამუშავდეს 25-40 სმ სიღრმეზე, 1 კვ.მ-ზე შეაქვთ 4-6 კგ ნეშომპალა ან კომპოსტი. ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა pH 6,0-6,5.

განოყიერება

ბადრიჯანი ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების მიმართ ზომიერ მოთხოვნას აყენებს. ორგანული ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგში ჰექტარზე შეაქვთ 30-40 ტ. გადამწვარი ნაკელი ან 40-50 ტ. ტორფ-კომპოსტი.

მინერალური სასუქების შემთხვევაში ჰექტარზე შეაქვთ: 40-60 კგ. აზოტი, 90-120 კგ. ფოსფორი და 40-80 კგ. კალიუმი მოქმედი ნივთიერება. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მასზე ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი შეტანა.

ძალიან კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე თხევადი, ორგანული მცენარეთა განოყიერების საშუალებები.

მოვლა 

ბადრიჯანი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ გრუნტში მაშინ რგავენ, როდესაც კარგად გათბება. მცენარის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 18-200C, თესლი აღმოცენდება 18-240C-ზე.

ბადრიჯნის ჩითილი მეტად ფაქიზია და გადარგვის შემდეგ ძნელად ხარობს. ამიტომ ჩითილი კარგად განვითარებული უნდა იყოს. გადარგვისას მიწიდან ფრთხილად უნდა ამოითხაროს მიწასთან ერთად, კარგად რომ გაიხაროს.

ბადრიჯანი ტენისადმი მეტი მოთხოვნილებით გამოირჩევა, ამიტომ სჭირდება მეტი სიხშირით მორწყვა.

ამინდის მიხედვით ყვავილობამდე მცენარეები კვირაში 1-2 ჯერ უნდა მოირწყას (10ლ. 1მ2-ზე), ხოლო ყვავილობის და მსხმოიარობის დროს 2-3 ჯერ (12ლ. 1მ2-ზე).

მორყვისას წყალი უნდა იყოს გრილი (დაახლოებით 300C).

მოსავალი

საადრეო ჯიშების შემოსვლის ვადა 100-110 დღეა აღმოცენებიდან, საშუალო ვეგეტაციის მქონე ჯიშების კი 120-140 დღე.

ბადრიჯანი, ბოსტნეული

წყარო: აგროვიტა-მცენარეთა დაცვა, აგროკავკასია

თქვენი რეკლამა