რძის ცხიმიანობის განსაზღვრის მარტივი მეთოდი ფერმერისთვის

რძის, ცხიმიანობა

რძის ცხიმის საშუალო პროცენტის გამოანგარიშება

ფურების სარძეო პროდუქტიულობის შესახებ ყველაზე ზუსტ მონაცემებს ღებულობენ მონაწველის ყოველდღიური აღრიცხვით და მათი შემდგომი შეჯამებით ლაქტაციის განმავლობაში, რაც ძალიან რთულია.

სიმარტივისათვის სარძეო პროდუქტიულობის განსაზღვრა ხდება საკონტროლო წველის ჩატარებით თვეში 3-ჯერ ან ერთხელ მაინც. რაც უფრო ნაკლებია საკონტროლო დღეთა შორის პერიოდი, მით უფრო ზუსტია საკონტროლო დღეების მიხედვით აღრიცხული რძის რაოდენობა.

რძის რაოდენობას ანგარიშობენ საკონტროლო წველის დროს მიღებული მონაწველის გამრავლებით საკონტროლო წველათა შორის დღეების რაოდენობაზე. ამ ცალკეულ პერიოდებში მიღებული რძის რაოდენობის დაჯამებით მიიღება თვის და ლაქტაციური ნაწველი.

რძეში ცხიმის შემცველობა შეიძლება განისაზღვროს თვეში ერთხელ, რაც დღეს გამარტივებული წესით ხდება რძის სხვადასხვა ტიპის ანალიზატორების მეშვეობით.

ლაქტაციის მანძილზე თითოეული ფურის რძის საშუალო ცხიმიანობის დასადგენად რძის ცხიმის პროცენტთან ერთად საჭიროა ყოველთვიური მონაწველის რაოდენობის ცოდნაც.

ყოველთვიური მონაწველის გამრავლებით შესაბამის ცხიმის პროცენტზე, მიიღება 1 პროცენტიანი რძის რაოდენობა, ხოლო ლაქტაციის განმავლობაში 1 პროცენტიანი რძის რაოდენობის დაჯამებით და ამ უკანასკნელის გაყოფით ლაქტაციურ მონაწველზე-საშუალო ცხიმიანობა ლაქტაციაზე იხ. ცხრილი.

რძის ცხიმის საშუალო პროცენტის გამოანგარიშება ლაქტაციის განმავლობაში

რძის, ცხიმი

რძის ცხიმიანობის განსაზღვრის უმარტივესი მეთოდი

არსებობს რძის ცხიმიანობის განსაზღვრის უმარტივესი მეთოდი ოჯახის პირობებში, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

ავიღებთ ცილინდრულ კოლბას და ჩავასხამთ მასში რძეს. დავდგამთ 7-8 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ რძე თავზე მოიგდებს ცხიმს და ზღვარი რძის დონესა და ცხიმს შორის იქნება მკვეთრად გამოკვეთილი.

შემდეგ ჩვეულებრივი სახაზავით გავზომავთ რძის საერთო სიმაღლეს და მათ შორის ცხიმის სიმაღლეს. რძის საერთო სიმაღლის მაჩვენებელს მივიჩნევთ 100%-ის ტოლად და პროპორციით გამოვიანგარიშებთ ცხიმის პროცენტს ამ რძეში.

მაგალითისათვის: ვთქვათ კოლბაში რძის საერთო სიმაღლე არის 190 მმ, ცხიმის სიმაღლე 7.4 მმ. ამ შემთხვევაში ცხიმის პროცენტი იქნება 7.4X100 : 190=3.89.

ავტორები: დ.ბასილაძე, ც.ქილიფთარი, მ.კობახიძე, ფურის სარძეო პროდუქტიულობის გადიდების გზები ფერმერულ მეურნეობებში.

იხილეთ აგრეთვე: ზრდასრული რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონის დადგენის ცხრილი

თქვენი რეკლამა