კონსერვაციული სოფლის მეურნეობა არის რესურს დამზოგავი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომლის მიზანი გარემოს დაცვის უზრუნველყოფით მიღწეული მაღალი ეკონომიკური შედეგია.
კონსერვაციული სოფლის მეურნეობა ემყარება ნიადაგში და მის ზედაპირზე, ნიადაგის მექანიკური დამუშავების მაქსიმალურად შეზღუდვის საფუძველზე, ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესების გაძლიერებას.
გარდა ამისა, მცენარეთა დაცვის საშუალებების და მინერალური ან ორგანული წარმოშობის საკვები ნივთიერებების გამოყენება ხდება ოპტიმალურ დონეზე, რათა მათ ხელი არ შეუშალონ და არ დაარღვიონ ბიოლოგიური პროცესები.
ტრადიციული მიწათმოქმედება ნიადაგის დამუშავებისას ეფუძნება ხვნას, როგორც ერთ-ერთ მთავარ პროცედურას. ხოლო ძირითადი იარაღი გუთანია, რაც სოფლის მეურნეობის სიმბოლოდაც კი იქცა.
ნიადაგის დამუშავება ასოცირდებოდა ნიადაგის ნაყოფიერების ზრდასთან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პროცესი ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცირებას იწვევს.
ნიადაგში არსებული ორგანული მასალა არა მარტო კვებავს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არამედ ნიადაგის სტრუქტურის შენარჩუნება-გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან ელემენტსაც წარმოადგენს.
ნიადაგის ხანგრძლივმა და ინტენსიურმა დამუშავებამ, ნიადაგის დიდი ნაწილის დეგრადაცია გამოიწვია.
მექანიკური დამუშავება, რომელიც გულისხმობს ხვნას და ისეთი იარაღების გამოყენებას, როგორიცაა _ გუთანი, დისკებიანი ფარცხი და როტაციული კულტივატორი, განსაკუთრებით აზიანებს ნიადაგის სტრუქტურას და ასეთ დროს მოსალოდნელია: ნიადაგის სტრუქტურის გაუარესება, ნიადაგში ორგანული ნივთიერებების და ბიომრავალფეროვნების შემცირება და ეროზიის განვითარება.
ნიადაგის დამუშავებით გამოწვეული ეროზიის გამო, საჭირო გახდა ისეთი ალტერნატიული გამოსავლის ძიება, რომელიც ნიადაგის ეროზიის პროცესს შეაჩერებდა, რისთვისაც, პირველ რიგში, მიწის დამუშავება უნდა შეზღუდულიყო.
უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტექნოლოგიები და მოხდა მათი ადაპტირება სხვადასხვა ზომის ფერმების, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების და კლიმატური ზონებისთვის. სოფლის მეურნეობის წარმოების ეს ახალი მიდგომა ყოველდღიურად ვითარდება.
კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდები უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ნიადაგის მექანიკური დამუშავების შეზღუდვა.
დაუმუშავებელი ნიადაგის ზედაპირზე, წლების განმავლობაში გროვდება მცენარეების ნარჩენები, რომელიც მულჩის ფენას წარმოქმნის. ეს ფენა არა მარტო იცავს ნიადაგს წვიმისა და ქარის მექანიკური ზემოქმედებისგან, არამედ _ მის ზედა ფენებში ტენიანობას და ტემპერატურას არეგულირებს.
შედეგად, ნიადაგის აღნიშნული ზონა, მრავალი ცოცხალი ორგანიზმის _ დაწყებული მწერებით და დამთავრებული ნიადაგის სოკოებითა და ბაქტერიებით, საცხოვრებელი ადგილი ხდება.
მათი დახმარებით შესაძლებელია მულჩის (ნიადაგის ზედაპირზე არსებული ორგანული ნარჩენები) გახრწნა და ნიადაგში შერევა, რის შედეგადაც ნეშომპალა წარმოიქმნება, რომელიც ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ნიადაგის ფაუნის დიდი ზომის წარმომადგენლები (მაგ.: ჭიაყელები) ხელს უწყობენ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას, რადგან უწყვეტი მაკროფორების შექმნის გზით, რომელიც ნიადაგის ზედაპირიდან ვრცელდება სიღრმეში, ძლიერი წვიმების დროს, ნიადაგის ქვედა ფენებში, წყლის შეუფერხებლად გადაადგილებას უზრუნველყოფენ. მულჩი იცავს ნიადაგს და ქმნის მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს.
პროცესს, რომელსაც ახორციელებს ედაფონი (ნიადაგში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა), შეიძლება „ნიადაგის ბიოლოგიური დამუშავება“ ვუწოდოთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიადაგის ბიოლოგიური დამუშავება არ არის თავსებადი ნიადაგის მექანიკურ დამუშავებასთან. ინტენსიური მექანიკური დამუშავების დროს, ნიადაგის ფორმირების ბიოლოგიური პროცესი წყდება.
ფრთიანი გუთნით ან დისკებიანი ფარცხით დამუშავება ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ნიადაგზე. ნიადაგის დამუშავების მრავალი მეთოდის მიზანს ნიადაგის გაფხვიერება წარმოადგენს, რაც იწვევს ნიადაგში ჟანგბადის შემცველობის ზრდას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციას, რასაც ნიადაგში არსებული ცოცხალი ორგანიზმებისთვის საჭირო ორგანული ნივთიერებების შემცირება მოსდევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის წარმოება ნიადაგის მინიმალური ან ნულოვანი დამუშავებით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ნიადაგის დამუშავებას მასში მცხოვრები ორგანიზმები უზრუნველყოფენ. ასეთ დროს გასათვალისწინებელია ქიმიური საშუალებების გამოყენების საკითხიც.
პესტიციდების და მინერალური სასუქების გამოყენება ისე უნდა მოხდეს, რომ მათი უარყოფითი ზეგავლენა ნიადაგში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე მინიმუმამდე შემცირდეს.
კონსერვაციული სოფლის მეურნეობა მავნებლებთან და სარეველა მცენარეებთან ბრძოლის არსებული პრაქტიკის ცვლილებასაც მოითხოვს. მცენარეული ნარჩენების დაწვა და ნიადაგის მოხვნა, ძირითადად, ფიტოსანიტარიული მიზნებიდან გამომდინარე ხდება მავნებლებთან, დაავადებებთან და სარეველა მცენარეებთან საბრძოლველად.
ნიადაგის მინიმალური დამუშავების სისტემის პარალელურად, რომელიც ეყრდნობა ნიადაგის მულჩირებას და მის „ბიოლოგიურ დამუშავებას“, საჭიროა მავნებლებსა და სარეველა მცენარეებთან ბრძოლის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება, რაც აუცილებელს ხდის მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვას. ამის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას კი, კულტურათა მონაცვლეობა (თესლბრუნვა) წარმოადგენს.
თესლბრუნვისას ირღვევა ინფექციების ჯაჭვი და მცენარეების სხვადასხვა სახეობებს შორის ხდება ფიზიკური და ქიმიური ურთიერთქმედების პოტენციალის სრულად ათვისება.
პირველ წლებში მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების, განსაკუთრებით კი _ ჰერბიციდების გამოყენება გარდაუვალია, თუმცა მათ გამოყენებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რათა უარყოფითი გავლენა ნიადაგში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე მინიმუმამდე დავიყვანოთ.
მას შემდეგ, რაც დამყარდება ახალი წონასწორობა ეკოსისტემის შემადგენელ ორგანიზმებს, მავნებლებსა და სასარგებლო ორგანიზმებს შორის, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და სარეველა მცენარეებს შორის და როდესაც ფერმერი ისწავლის ასეთი სისტემის მართვას, სინთეზური პესტიციდებისა და მინერალური სასუქების გამოყენება შემცირდება და მისი დონე, „ტრადიციულ“ სოფლის მეურნეობაში პესტიციდებისა და სასუქების გამოყენების დონეზე დაბალი იქნება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სარეველა მცენარეების ნარჩენების დაწვით ნადგურდება მცენარეთა საკვები ნივთიერებების წყარო და ნიადაგის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ფიტოსანიტარიული მიზნების მიღწევა მცენარეული ნარჩენების დაწვისა და მოხვნის ნაცვლად, შესაძლებელია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სხვადასხვა მეთოდით და კულტურათა მონაცვლეობის პრაქტიკის დანერგვით.
ამ სახით განსაზღვრულ კონსერვაციულ სოფლის მეურნეობას აქვს რიგი უპირატესობები გლობალურ, რეგიონულ, ადგილობრივ და მეურნეობის დონეზე:
→ კონსერვაციული სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნო წარმოების სისტემის მდგრადობას, რომელიც არა მარტო იცავს ბუნებრივ რესურსებს, არამედ აუმჯობესებს მათ, ხელს უწყობს ნიადაგში არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნების შენარჩუნება-გაუმჯობესებას და მათ ცხოველმყოფელობას.
→ კონსერვაციული სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია ბიოლოგიურ პროცესებზე და სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემაში ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მიკრო და მაკრო დონეზე;
→ დაუმუშავებელი (მოუხნავი) სავარგულები (ნიადაგები) კარგად აკავებენ CO2-ს, შესაბამისად, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის მსოფლიო მასშტაბით გავრცელება ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების კონტროლს და გლობალური დათბობის ტემპის შემცირებას;
→ ნიადაგის დამუშავება სასოფლო-სამეურნეო ოპერაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ენერგოტევადი და, შესაბამისად, მექანიზებულ სოფლის მეურნეობაში, ატმოსფერული ჰაერის ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ოპერაციაა. ნიადაგის დამუშავებაზე (ძირითადად ხვნაზე) უარის თქმის შემთხვევაში, ფერმერებს შეუძლიათ დაზოგონ სამუშაო დროის და სამუშაო ძალის 30-40% და იმ მოცულობის საწვავი, რომელსაც მექანიზებული სოფლის მეურნეობის შემთხვევაში გამოიყენებდნენ;
→ კონსერვაციული სოფლის მეურნეობისას ნიადაგს წყლის ინფილტრაციის კარგი უნარი აქვს, რისი საშუალებითაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზედაპირულ ჩამონადენს და, შესაბამისად, ნიადაგის ეროზიის განვითარების შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს ზედაპირული წყლის ხარისხის გაუმჯობესებას და გრუნტის წყლის მარაგის ზრდას. აღსანიშნავია, რომ, სადაც ფერმერები კონსერვაციულ სოფლის მეურნეობას რამდენიმე წლის განმავლობაში მისდევდნენ, წლების წინ დამშრალ წყაროებშიც კი წყალი გაჩნდა; ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გაცნობიერებული კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მოსალოდნელი ზემოქმედება წყლის გლობალურ ბალანსზე.
→ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებლები არ ჩამოუვარდება თანამედროვე ინტენსიური სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებლებს, თუმცა იგი ამას მდგრადი მეთოდებით აღწევს. კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პირობებში მოსავლიანობა წლიდან წლამდე იზრდება;
→ ფერმერისთვის კონსერვაციული სოფლის მეურნეობა მიმზიდველია, პირველ რიგში, იმით, რომ ყველაზე ინტენსიურ პერიოდებში _ ნიადაგის მომზადებისა და თესვის დროს, წარმოების ხარჯების შემცირების და დროისა და შრომის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
→ მექანიზებული სისტემების შემთხვევაში, ფერმერებს კაპიტალური (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა) და მიმდინარე (ტექნიკური მომსახურება) ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლიათ.
კონსერვაციული სოფლის მეურნეობის უარყოფით მხარედ _ ისიც მხოლოდ საწყის ეტაპზე, შეიძლება სპეციალური სარგავი/ სათესი ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული, თავდაპირველი საინვესტიციო ხარჯები მივიჩნიოთ, ასევე _ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის სისტემის განსხვავებული დინამიკა, რომელიც მოითხოვს მართვის კარგ უნარ-ჩვევებს და ფერმერის მხრიდან სწავლის პროცესში მუდმივ ჩართულობას.
კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პრინციპია ნიადაგზე მაქსიმალურად ნაკლები ზემოქმედებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოება და გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, მოსავლის აღების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენების მინდვრად დატოვება.
ამ გზით კონსერვაციული სოფლის მეურნეობა:
ქმნის და ინარჩუნებს მცენარეების ფესვთა ზონის ოპტიმალურ გარემოს მაქსიმალურ სიღრმემდე. ფესვებს ეძლევა ეფექტურად ფუნქციონირების საშუალება და საკვები ნივთიერებებისა და წყლის დაუბრკოლებლად ათვისების შესაძლებლობა;
უზრუნველყოფს ნიადაგში წყლის მოხვედრას ისე, რომ (ა) მცენარეები არ განიცდიან წყლის ნაკლებობას, ან ასეთი პერიოდი ხანმოკლეა და (ბ) მცენარეების მიერ აუთვისებელი წყალი ჩაედინება ნიადაგის ქვედა შრეებში და ხვდება მიწისქვეშა წყლებში და მდინარეებში _ არ წარმოიქმნება ზედაპირული ჩამონადენი;
ხელს უწყობს ნიადაგში მიმდინარე სასარგებლო ბიოლოგიურ პროცესებს: (ა) ნიადაგის სტრუქტურის შენარჩუნებისა და აღდგენის; (ბ) ნიადაგში არსებულ პათოგენებთან ბრძოლის; (გ) ნიადაგში არსებული ორგანული ნივთიერებების და ნეშომპალას რაოდენობის ზრდის; (დ) მცენარეთა საკვები ნივთიერებების შეკავების, დაგროვების, გარდაქმნისა და ნელ-ნელა გამოთავისუფლების მიზნით;
გამორიცხავს ფესვების ფიზიკურ და ქიმიურ დაზიანებას, რამაც შეიძლება მათი ფუნქციონირება შეაფერხოს.
კონსერვაციული სოფლის მეურნეობის სამი ძირითადი პრინციპია:
→ ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება (სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესვა/რგვა, ნიადაგის დამუშავების/მოხვნის გარეშე);
→ ნიადაგის მულჩირება ორგანული მასალით, განსაკუთრებით _ წინამორბედი კულტურების ნარჩენებით და საფარი კულტურებით;
→ კულტურათა მონაცვლეობა (თესლბრუნვა).
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და ის არ წარმოადგენს რეკომენდაციას „აგროკავკასიის“ მხრიდან, განურჩევლად ჩვენი პოზიციისა.
იხილეთ აგრეთვე: რა არის ორგანული სოფლის მეურნეობა