საქართველოში ყვავილოვანი პარაზიტი მცენარეებიდან თავისი გავრცელებით და მავნეობით გამოირჩევიან: აბრეშუმა, კელაპტარა, ფითრი, ჩაწყობილა და სხვ.
აბრეშუმა (Cuscuta)
აბრეშუმა ეკუთვნის – Cuscutaceae-ს ოჯახს, რომელიც ერთ გვარს შეიცავს. კერძოდ, Cuscuta-ს. აბრეშუმას სხეული შდგება გრძელი, წვრილი, ყვითელი ძაფებისაგან. ყვავილობის ფაზაში ძაფებზე ალაგ-ალაგ უვითარდება მოთეთრო ანუ მოპირისფრო ყვავილების ჯგუფი, თავაკების ან მოკლე მტევნის სახით. ნაყოფი კოლოფია და შეიცავს წვრილ თესლს. აღსანიშნავია, რომ ჩანასახს ლებნები არა აქვს და სპირალურად დახვეული ძაფისაგან შედგება.
აბრეშუმას ღერო ეხვევა მკვებავ მცენარეს და არ აძლევს მას განვითარების საშუალებას. ხანდახან იმდენად ძლიერად ეხვევა, რომ მთელი მცენარე აბრეშუმას ხლართებშია გახვეული.
აბრეშუმას თესლი ღივდება მიწაში. გაღივებული თესლიდან მოკლე ძაფისებრი ჩანასახი, ერთი მხრიდან გაღივებული თესლის გარსთან არის დაკავშირებული, ხოლო ზედა მხარე თავისუფალია და სპირალურად ქანაობს, ვიდრე მკვებავი მცენარის ღეროს არ შეეხება. შეხების შემდეგ ღეროს ეხვევა და თესლის ნარჩენებთან კავშირი წყდება.
ღეროზე შემოხვეული აბრეშუმა, ღეროსთან შეხების ადგილზე ივითარებს საწოვრებს, რომლებიც იჭრებიან ღეროს ქსოვილებში და მისგან იღებენ ორგანულ ნივთიერებას; ამის შემდეგ იწყება აბრეშუმას სწრაფი ზრდა.
აბრეშუმას თესლი კარგად იტანს ბუნებრივ პირობებს. ის მშრალ ნიადაგებში ძლებს 12-წლამდე. ნიადაგში თუ 5სმ-ზე ღრმად მოხვდა, ზედაპირზე ვერ აღწევს. აბრეშუმას გავრცელება დამოკიდებულია მკვებავი მცენარის გავრცელებაზე.
საქართველოში გვხვდება აბრეშუმას რამდენიმე სახეობა, კერძოდ: Cuscuta opthymum (სამყურაზე); Cuscuta europea (იონჯაზე და თამბაქოზე); Cuscuta epilinum (იონჯაზე); Cuscuta monogyna (მზესუმზირაზე, ხეხილის სანერგეებში, ბუჩქოვნებზე და სხვ.).
კელაპტარა (Orobanche)
კელაპტარა ფესვის პარაზიტია. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც აქვს მარტივი ან დატოტვილი ღერო. ფოთლები ქერცლისებურია და ღეროზე სპირალურადაა მოთავსებული. ქლოროფილი არ აქვს, რის გამოც ღერო ან ყვითელი ან მოპირისფროა (სურ. 93). ყვავილები ტოტებზეა მჯდომარე და თავთავისებრ ან მტევნისებრ ყვავილედებს ქმნის. ნაყოფი კოლოფია, რომელშიც ვითარდება მრავალი თესლი, რის გამოც ის სწრაფად ვრცელდება.
კელაპტარას თესლი ნიადაგში ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ მკვებავი მცენარის ფესვებზე მოხვდა და ნიადაგის მჟავიანობა (pH) არ აღემატება 6,5-ს. თესლში ჩანასახი არ არის დიფერენცირებული ცალკე პირველად ორგანოებად. გაღივებული თესლი ჯერ მარტივ ღივს იძლევა, შემდეგ საწოვრებს, რომლებიც მკვებავი მცენარის ფესვზე მოხვედრისას მის ქსოვილებში იჭრება. შეჭრის ადგილზე ჯერ გამურული წარმონაქმნი ვითარდება, შემდეგ კი კელაპტრას ღერო და ზედ – ყვავილები. თუ მკვებავი მცენარე მრავალწლოვანია, შესაძლებელია კელაპტარაც მრავალ წელს შერჩეს მას.
პარაზიტი იზამთრებს ნიადაგში თესლის სახით ან მკვებავი მცენარის თესლთან ერთად (თუ თესლი ინახება). კელაპტარა გავრცელებულია როგორც ერთწლოვან, ისე მრავალწლოვან კულტურებზე. სულ ცნობილია მისი 30-მდე სახეობა.
საქართველოში გავრცელებულია თამბაქოს კელაპტარა (Oronbache ramosa), რომელიც იშვიათად გვხვდება პამიდორსა და კარტოფილზე. მზესუმზირას ნათესებში გავრცელებულია – Orobanche cumana ზოგჯერ ისე ძლიერ, რომ მცენარე კალათს არ იკეთებს. ბოსტნეულ კულტურებზე გავრცელებულია – Orobanche egiptiaca, ხოლო კომბოსტოზე – Orobanche brassicae, რომელიც ასევე აავადებს თამბაქოსა და პამიდორს.
ჩაწყობილა (Lathraea squamaria)
ჩაწყობილა ეკუთვნის სკროფულარისებრთა (Scrophulariaceae) ოჯახს. გავრცელებულია ტყის მცენარეულობაზე, კერძოდ, წიფელზე, რცხილაზე, მურყანზე და სხვ. მისი ღერო მთლიანად მიწაშია და ზედაპირზე მხოლოდ მტევნისებრი ყვავილედია ამოსული. ღეროები თითქოს განგებ ერთ რიგშია განლაგებული, რის გამოც ჩაწყობილას უწოდებენ. ფესვები ნიადაგში საკმაოდ ღრმად აქვს და საწოვრეებითაა დაკავშირებული მკვებავი მცენარის ფესვთან, საიდანაც საკვებს იღებს.
აღსანიშნავია, რომ მისი თესლი არ გაღივდება, თუ მკვებავი მცენარის ფესვების გამონაყოფი არ გააღიზიანებს. თესლის ღივი მცენარის ქსოვილში იჭრება, იკიდებს ფეხს და დასაბამს აძლევს ჩაწყობილას ღეროების განვითარებას. ვიდრე ნიადაგის ზედაპირზე ყვავილები გამოჩნდება, შესაძლებელია განვითარება რამდენიმე წელს გაგრძელდეს.
ყვავილოვანი პარაზიტი მცენარეებიდან მუხაზე გვხვდება – Lorantus europeus. ფოთოლმცვენია, აქვს ექვსწევრიანი ყვავილი.
ფითრი (Viscum, თეთრი ფითრი -Viscum album L.)
საქართველოში ფითრი ფართოდაა გავრცელებული როგორც ტყის მცენარეებზე, (ფოთლოვნებზე, წიწვოვნებზე) ისე ხეხილზე. დაავადების შეხვედრის სიხშირიანობით და სიძლიერით გამოირჩევა – მსხალი, ვაშლი, ფიჭვი, ვერხვი და ალვის ხე.
ფითრი სახლდება მცენარის შტამბზე, დედა ტოტებზე და უკანასკნელი რიგის ტოტებზეც. გარეგნულად ადვილი შესამჩნევია, უფრო მეტად ფოთლოვან ჯიშებზე, ზამთარში, როდესაც მკვებავი მცენარის ფოთლები ჩამოცვენილია. ამავე პერიოდში ფითრის ნაყოფები კარგად ჩანს განტოტების ადგილებზე. ნაყოფი მრგვალია, თეთრი და გამჭვირვალე. ნაყოფის რბილობი და თესლი წებოვანია, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის გავრცელებაში.
ფითრი უმთავრესად ერთსქესიან ყვავილებს იძლევა, რის გამოც მათი ორბინიანობა გამორიცხული არაა. ღერო დატოტვილია დიქტომიურად, ფოთლები მოგრძო – კვერცხისებრია, კიდე – მთლიანი.
განაყოფიერებული ყვავილიდან მიღებული ნაყოფი – წიპწაა და ერთ თესლს შეიცავს, რომელიც ზამთრის პერიოდში მწიფდება.
თესლის გაღივება და მცენარის დაავადება შემდეგნაირად ხდება: თესლი დაახლოებით მაისის თვიდან ვრცელდება. თესლში რამდენიმე ჩანასახია. თესლიდან გამოსული ღივი, რომელიც ძირითადად თესლის ჩანასახს წარმოადგენს, სქელია და მწვანე. ღივის წვერი შემდეგ თანდათან ქერქისაკენ იხრება, ფარივით ბრტყელდება და წვერით ქერქს ეკვრის. რამდენიმე დღის შემდეგ გაბრტყელებული წვერის ცენტრიდან იწყება ფითრის პირველადი ფესვის განვითარება, რომელიც უშუალოდ ქერქის ქსოვილებში იჭრება.
ქერქში შეჭრილი პირველადი ფესვის ფუძიდან ქერქში ფესვის დამატებითი მორჩები წარმოიქმნება, რომლებიც ქერქში ზემოდან ქვემოთ ვერტიკალური მიმართულებით ვრცელდებიან. ამ ვერტიკალური მორჩებიდან შემდეგ მეორეული ფესვები ვითარდებიან, რომლებიც ქერქს არღვევენ და უშუალოდ მერქანში იჭრებიან. ასეთ მეორეულ ფესვებს პარაზიტი ყოველ წელს იძლევა. მეორეული ფესვები სისქეში არ იზრდება, მაგრამ მერქნის სიღრმეში კი აღწევენ. იმის გამო, რომ მისი მკვებავი მცენარე ყოველწლიურად სისქეში მატულობს, ახალ წლიურ რგოლებს აჩენს. მეორეული ფესვი ხანდახან საკმაოდ ღრმად რჩება მერქანში.
მცენარეში შეჭრილი ფესვებით ფითრი მას ართმევს წყალსა და მინერალურ ნივთიერებებს, შემდეგ კი ქლოროფილისა და მზის სხივების დახმარებით მის ასიმილაციას ახდენს. მცენარეში შეჭრილი ფითრი თავის პირვანდელ ფოთლებს იძლევა რამდენიმე წლის შემდეგ (2-დან 10 წლამდე).
ვინაიდან ფითრი მრავალწლოვანი მცენარეა, იგი უმრავლესად საშუალო და ხნოვანი ხეების დაავადებას იწვევს. ტოტების ის ადგილი, რაზედაც ფითრია განვითარებული, გასიებულია. ფითრის ზედაპირული ტოტების მოცილებას აზრი არ აქვს, ვინაიდან მისი ღეროს ფუძე და საწოვრები ისევ ტოტებში, მერქანში რჩება და შემდეგ წელს იმავე ადგილზე ახალი ღერო-ფოთოლი უვითარდება. უმჯობესია დაავადებული ტოტების მოჭრა.
საქართველოში გავრცელებულია ასევე ჯუჯა ფითრი (Rasumovskaia oxycedri), რომელიც აავადებს ღვიას, შედარებით იშვიათად სხვა მცენარეებსაც. დაავადების ადგილი, ისევე როგორც ჩვეულებრივი ფითრით დაავადების შემთხვევაში, სტიმულაციის გამო სქელდება. ჯუჯა ფითრის ღერო წვრილია და ერთმანეთზე მჯდომი ქერცლისებური ფოთლებითაა დაფარული. ნაყოფი ლურჯია. თესლი წიპწოვან ნაყოფშია. მისი განვითარება ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივი ფითრის.
ფესვთა სისტემაზე დასახლებულ ნახევარად-პარაზიტებიდან აღსანიშნავია სანთელა (Melampyrum arvensis), რომელიც გავრცელებულია ხორბლეულსა და სხვა მცენარეებზე. მართალია ხშირად გვხვდება, მაგრამ მისგან მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა.
ყვავილოვანი პარაზიტი მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
ყვავილოვანი პარაზიტი მცენარეების მიმართ უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
→ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ინფექციისაგან თავისუფალი თესლი და სარგავი მასალა.
→ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია პატრონ-მცენარეს უნდა შეეჭრას პარაზიტი მცენარეები (განსაკუთრიბით ეს ეხება ხე მცენარეებს).
→ ძლიერ დაავადებული ხეები აუცილებლად უნდა განადგურდეს.
→ პარაზიტის თესლი რომ არ დაგროვდეს ნიადაგში, საჭიროა გამოყენებულ იქნას თესლბრუნვა.
→ ზოგჯერ სასარგებლოა ჩავრთოთ ისეთი კულტურები, რომელთაც შეუძლიათ ითამაშონ „სატყუარას“-ის როლი. ასეთი კულტურები ასტიმულირებენ პარაზიტი მცენარის თესლის გაღივებას ნიადაგში, რის შემდეგაც თვითონ სატყუარა კულტურა ნადგურდება მოხვნით (პარაზიტის ყვავილობის დაწყებამდე). არსებობს ამ მეთოდის უფრო სრულყოფილი მოდიფიკაცია: ისეთი კულტურებით სარგებლობა, რომელიც გათვლილია პარაზიტის განადგურებაზე. ასეთმა კულტურამ უნდა მოახდინოს პარაზიტის თესლის გაღივების სტიმულირება. ამავე დროს, უნდა იყოს საკმაოდ გამძლე მის მიმართ, რათა პარაზიტმა ვერ შეძლოს მომაგრება და შესვლა ყვავილობის ფაზაში. სატყუარა კულტურები შეიძლება დაითესონ ზედიზედ რამდენიმე წელს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივაღწიოთ პარაზიტის კონცენტრაციის შემცირებას ნიადაგში. მიმღებიანი მცენარეების არარსებობისას კარგია ნიადაგის დამუშავება ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც გამოიწვევენ პარაზიტის თესლის ნაადრევ გაღივებას.
→ შესაძლებელია გამოვიყენოთ სელექციური მოქმედების ჰერბიციდები, რომლებიც ანადგურებენ პარაზიტს, მაგრამ არ მოქმედებენ პატრონ-მცენარეზე.
→ შესაბამისი სასუქების გამოყენებით, შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ დაავადებულმა მცენარეებმა მოგვცენ კარგი მოსავალი. რასაკვირველია, ეს არ ჩაითვლება პარაზიტი-მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებად, ამ მეთოდით ჩვენ უბრალოდ ვამცირებთ პარაზიტებით გამოწვეულ ზიანს.
→ გამოყენებული უნდა იქნას პარაზიტი მცენარეებისადმი გამძლე ან ტოლერანტული კულტურულ მცენარეთა ჯიშები. კულტურულ მცენარეთა ცალკეული ჯიშები განსხვავდებიან თავიანთი გამძლეობით პარაზიტი მცენარეების მიმართ და ეს თვისება გამოყენებული უნდა იქნას გამძლე ჯიშების გამოყვანის დროს. ამჟამად მცირე მონაცემებია პარაზიტი მცენარეების მიმართ კულტურული მცენარეების გამძლეობის ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური და გენეტიკური საფუძვლების შესახებ.
ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.
„ბიოაგროს“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.
იხილეთ გარეთვე: მცენარეთა კარანტინი