ბაკურციხე-წნორის შემოვლითი16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, აღნიშნული გზის 13 კმ-ზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი.
აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
სამშენებლო სამუშაოები, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.