მცენარეები რთული ცოცხალი ორგანიზმებია, რომელთაც გააჩნიათ ურთიერთ-დაკავშირებული და შეთანხმებულად მოქმედი ორგანოები. მცენარის ორგანო მცენარის განსაზღვრული ნაწილია, რომელსაც ახასიათებს თავისებური აგებულება და ასრულებს განსაზღვრულ ფუნქციას.
ფუნქციების მიხედვით არჩევენ: ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოებს. ვეგეტაციური ორგანოების მეშვეობით ხორცილედება მცენარის კვება და განპირობებულია მცენარის ინდივიდუალური სიცოცხლე. ვეგეტაციური ორგანოებია: ფესვი, ღერო, ფოთოლი და მათი სახეცვლილებები.
გენერაციული ორგანოებია: ყვავილი, ნაყოფი და თესლი. ამ ორგანოების საშუალებით მიმდინარეობს მცენარის სქესობრივი გამრავლება.
ფესვი – მცენარის ძირითადი ვეგეტაციური ორგანოა, რომელიც ჩასახულია თესლის ჩანასახში. ფესვის ძირითადი დანიშნულებაა მცენარის დამაგრება ნიადაგში, ნიადაგიდან წყლისა და მასში გახსნილი მინერალური მარილების შეწოვა, სამარაგო ნივთიერებათა წარმოქმნა და დაგროვება. ფესვის სახეცვლილებებს იყენებენ საკვებად.
მცენარის ფესვები გამოყოფენ ნიადაგში ორგანულ მჟავეებს – ძმარმჟავას და ჭიანჭველმჟავას, რომლებიც შლიან ნიადაგის მკვრივ ნაწილებს და ფესვს ნიადაგში უადვილებენ მოძრაობას. ფესვის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა ორგანული ნივთიერებები ხელს უწყობენ ნიადაგში მიკროორგანიზმების განვითარებას. მათ მოქ-მედებას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის კვებისათვის.
წარმოშობის მიხედვით არსებობს სამი ტიპის ფესვი: მთავარი, გვერდითი და დამატებითი.
თესლის გაღივებისას ჩანასახოვანი ფესვაკისაგან ვითარდება მთავარი ფესვი. მთავარი ფესვის გვერდებზე წარმოიქმნება გვერდითი ფესვები, რომლებიც იტოტებიან და წარმოქმნიან მეორე, მესამე და ა.შ. რიგის გვერდით ფესვებს.
მთავარი და გვერდითი ფესვების გარდა მცენარეებს უვითარდებათ დამატებითი ფესვები. დამატებითი ფესვები არასოდეს ფესვებზე არ ვითარდებიან, ისინი მცენარის მიწისზედა ორგანოების წარმოშობის არიან. დამატებითი ფესვები აგებულე-ბით და ფუნქციით თითქმის არ განსხვავდებიან მთავარი და გვერდითი ფესვები-საგან. დამატებითი ფესვები ხშირად უვითარდებათ ბოლქვიან მცენარეებს, რომლებიც ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებებს წარმოადგენენ. ფოთლისებური წარმოშობის დამატებითი ფესვების მეშვეობით, მცენარე უფრო ძლიერ ფესვიანდება ნიადაგში.
არსებობს შემდეგი სახის ფესვთა სისტემა: მთავარღერძა, ფუნჯა და ძაფნაირი.
მთავარღერძა ფესვთა სისტემა დამახასიათებელია ორლებნიანი მცენარეებისათვის და უფრო კარგად არის გამოსახული ხე-მცენარეებში.
ფუნჯა ფესვები მოგვაგონებენ ფუნჯს. ისინი ძირითადად უვითარდებათ ერთლებნიან მცენარეებს.
ძაფნაირი ფესვები დამახასიათებელია ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეებისა-თვის.
ფესვის სახეცვლილებებია: მასაზრდოებელი ფესვები, მისაკიდი ფესვები, მისაწოვრები, საჰაერო, სასუნთქი და საბჯენი ფესვები.
მასაზრდოებელი ფესვები დამახასიათებელია ორწლიანი მცენარეებისათვის, როგორებიცაა: ჭარხალი, ბოლოკი, სტაფილო.
მისაკიდი ფესვები – მისაკიდი ფესვები ძირითადად დამახასიათებელია ტროპიკული მცენარეებისათვის. მაგ. ლიანა მცენარეები.
მისაწოვრები – მცენარეებს, რომლებსაც არ უვითარდებათ ნამდვილი ფესვები, წარმოქმნილი აქვთ მისაწოვრები, რითაც ისინი იწოვენ საკვებს იმ მცენარეები-საგან, რომლებზეც სახლდებიან. ასეთ მცენარეებს პარაზიტი მცენარეები ეწოდება. პარაზიტი მცენარეებია: აბრეშუმა, კელაპტარა და ნახევრად პარაზიტი მცენარე ფითრი.
საჰაერო ფესვები – საჰაერო დამატებითი ფესვები უვითარდებათ ტროპიკულ მცენარეებს: ლიანებს და ეპიფიტებს. ეპიფიტები სახლდებიან სხვადასხვა მცენარეთა ღეროებზე. ისინი დამოუკიდებლად იკვებებიან, ვინაიდან უვითარდებათ ჰაერში ჩამოკიდებული ფესვები და ფოთლები. საჰაერო ფესვები ატმოსფეროდან ისრუტავენ წყალს, ხოლო ფოთლებში მიმდინარეობს ფოტოსინთეზი. საჰაერო ფესვები დამახასიათებელია ჯადვარისებრთა, მანანასებრთა ოჯახის წარმომადგენლებისათვის.
სასუნთქი ფესვები _ სასუნთქი ფესვები უვითარდებათ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან დაჭაობებულ ადგილებში. ესენი, ძირითადად ტროპიკული მცენარეებია. მაგ. ჭაობის კვიპაროსი.
საბჯენი ფესვები _ დამატებითი ფესვების სახით ბევრ ტროპიკულ მცენარეს უვითარდება საბჯენი ფესვები. საბჯენი ფესვები უვითარდება სიმინდს. მათი სა-შუალებით მცენარე უფრო კარგად არის დამაგრებული ნიადაგში.
მიკორიზა _ ხშირად მცენარის ფესვებზე სახლდებიან სოკოები, ბაქტერიები და ეწევიან თანაცხოვრებას, ანუ სიმბიოზს. მცენარის ფესვებისა და სოკოების სიმ-ბიოზს _ მიკორიზა ეწოდება. მცენარეებისა და სოკოების ჰიფები, ამ შემთხვევაში ასრულებენ ფესვის ბუსუსების ფუნქციას, აწვდიან მცენარეს წყალს და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს. თავის მხვრივ კი, მცენარე აწვდის სოკოს ორგა-ნულ ნივთიერებებს.
ღერო – მცენარის ერთ-ერთი მიწისზედა ვეგეტაციური ნაწილია. მისი ძირითადი დანიშნულებაა საკვები ნივთიერებების ტრანპორტირება. ღერო ატარებს წყალს და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს, რომელსაც ფესვი ბუსუსების საშუალებით ითვისებს ნიადაგიდან. ღერო ვეგეტაციური გამრავლების ორგანოს წარმოადგენს (ყლორტი, კალმები). ზოგიერთი მცენარის ღეროში (გორგლი) გროვდება საკვები ნივთიერებების მარაგი, რის გამოც მას საკვებად იყენებენ.
ღეროსა და ყლორტის მორფოლოგია. უმრავლეს ხე-მცენარეებს, ბუჩქებს, მრავალწლიან და ერთწლიან ბალახოვან მცენარეებს უვითარდებათ სწორმდგომი ღერო. მაგრამ ბუნებაში გვხვდება ისეთი მცენარეებიც, რომლებსაც უვითარდებათ მხოხავი, მწოლიარე, მცოცავი და მხვიარა ღერო. ასეთი ტიპის ღერო დამახასიათე-ბელია ლიანა მცენარებისათვის.
მცენარეების უმრავლესობას უვითარდება ცილინდრული ფორმის ღერო (ვაშლი, მუხა, ვარდი, არყი და სხვ.), ხშირად გვხვდება წახნაგოვანი, სამწახნაგოვანი (ისლისებრთა ოჯახი), ოთხწახნაგოვანი (კაკტუსები) ღერო. ზოგიერთი მცენარის ღერო ბრტყელია (დედინაცვლის ენა).
დაუტოტავ ღეროს კვირტებითა და ფოთლებით ყლორტი ეწოდება. ყლორტი შედგება მუხლებისაგან და მუხლთაშორისებისაგან. ყლორტის იმ ნაწილს, სადაც ფოთოლი და კვირტი ზის, მუხლი ეწოდება, ხოლო ორ მუხლს შორის მანძილი მუხლთაშორისია. ყლორტი ორი სახისაა _ სავეგეტაციო და სანაყოფე. სავეგეტა-ციო ყლორტებს წაგრძელებული მუხლთაშორისები უვითარდებათ, ასეთ ყლორტებ-ზე ძირითადად ფოთლები და კვირტები ვითარდებიან. სანაყოფე ყლორტებს უვი-თარდებათ დამოკლებული მუხლთშორისები და ზოგჯერ იმდენად დამოკლებული, რომ მუხლი მუხლზე ზის. სანაყოფე ყლორტებზე, როგორც სახელწოდება გვი-ჩვენებს, ნაყოფი ვითარდება (ვაშლი, მსხალი).
ღეროს სახეცვლილება. მიწისზედა ღეროს სახეცვლილებებს მიეკუთვნება ეკალი, ულვაში და პწკალი.
მიწისქვეშა ღეროს სახეცვლილებებია: ფესურა, ტუბერი (გორგლი) და ბოლქვი.
ეკალი – ღეროსეული წარმოშობისაა თუ ის ფოთლის უბეში ზის. ეკლების საშუალებით მცენარე თავს იცავს მწერებისაგან და ცხოველებისაგან მაგ. პანტა, მაჟალო, კუნელი და სხვ.
ულვაში – ხშირად მცენარეებს ან მუხლთაშორისებს უვითარდებათ, რითაც ისინი ემაგრებიან საყრდენს. დამოკლებული მუხლთშორისებიდან უვითარდებათ ულვაში, ხოლო დაგრძელებული წარმოშობს პწკალს. პწკალი უვითარდებათ ვაზისებრთა, გოგრისებრთა და ზოგიერთ ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს. მაგ. მარ-წყვი, კიტრი და სხვ.
ფესურა – გარეგნულად და ფუნქციებით ფესვს წააგავს, მაგრამ მორფოლოგიური და ანატომიური აგებულებით ღეროსეული წარმოშობისაა. ფესურას დანიშნულებაა სამარაგო ნივთიერებების დაგროვება, ვეგეტაციური გამრავლება და უარყოფით პირობებთან შეგუება. ფესურა დამახასიათებელია ილისებრთა, მარცვლოვანთა და ზამბახისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისათვის.
გორგლი ანუ ტუბერი – წარმოადგენს გამსხვილებულ ყლორტს. ტუბერი შეიძლება იყოს მიწისზედა და მიწისქვეშა. მიწისზედა ტუბერი წარმოიქმნება მთავარი ღეროს გამსხვილების შედეგად. მაგ. კოლრაბი, ან გვერდითი ტოტებისაგან (ტროპიკული ჯადვარი).
მიწისქვეშა ტუბერის კარგი მაგალითია კარტოფილი, ყოჩივარდა, მიწავაშლა და სხვ.
ბოლქვი – მრავალი მცენარე ივითარებს სახეცვლილებას ბოლქვების სახით. ბოლქვი ძირითადად უვითარდებათ ერთლებნიან ბალახოვან მცენარეებს. ბოლქვი მცენარის ვეგეტატიური გამრავლების ორგანოა, ზოგჯერ კი მასში გროვდება სამარაგო ნივთიერება.
კვირტი – დამოკლებული ყლორტის ჩანასახია, კვირტები განსხვავდებიან გარეგა-ნი და შინაგანი აგებულებით: წარმოშობით, ზომით, ფორმით, განლაგებით და ფიზიოლოგიურად. კვირტი შეიძლება იყოს სავეგეტაციო, რომლისგანაც შეფოთ-ლილი ყლორტი ვითარდება. საყვავილე, რომლებიც ყვავილებს ქმნიან და შერე-ული, რომელიც ფოთლებსა და ყვავილების ჩანასახს წარმოადგენს. არსებობენ ჩეკია კვირტები, რომლებიც ვეგეტაციურ გამრავლებას უწყობენ ხელს. არჩევენ აგ-რეთვე მძინარა, მოზამთრე და დამატებით კვირტებს.
კვირტებს, რომლებიც ზამთარში არ ვითარდებიან და ისვენებენ, მოზამთრე კვი-რტებს უწოდებენ. ყლორტზე განლაგების მიხედვით არჩევენ კენწრულ და გვერდით კვირტებს.
ფოთოლი – ფოთოლში ხორციელდება სამი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი: ფოტოსინთეზი, ტრანსპირაცია და გაზთა ცვლა (სუნთქვა).
ფოთოლი შედგება სამი ნაწილისაგან: ფოთლის ფირფიტის, ყუნწისა და თანაფოთლებისაგან.
ფორმის მიხედვით ფოთოლი შეიძლება იყოს ნემსისებრი ანუ წიწვი (ფიჭვი, ნაძვი, კედარი და სხვ.), ხაზურა (ხორბალი); ლანცეტისებრი (ტირიფი); მოგრძო ელიფსური (წყავი); მომრგვალო (ვერხვი); კვერცხისებრი (წიფელი); გულისებრი (ცაცხვი); თირკმლისებრი (იუდას ხე); ისრისებრი (ისარა); ფარისებრი (დედოფლის ყვავილი); შუშისებრი (ღოლო) და სხვ.
ფოთლის ზომა სიგრძით და სიგანით რამდენიმე მილიმეტრით განისაზღვრება, ზოგიერთის, კი რამდენიმე მეტრს აღწევს. ყველაზე დიდი ზომის ფოთლები აქვს ამაზონკის პალმა – რაფიას, რომლის სიგრძე 20-22 მეტრია, ხოლო სიგანე 12 მეტრი.
ფოთლის დაძარღვის შემდეგი ტიპებია ცნობილი: ბადისებრი, ფრთისებრი, თათისებრი, პარალელური, რკალისებრი, ფარისებრი და სხვ.
არსებობს მარტივი და რთული ფოთლის სახეები. მარტივი ფოთოლი ეწოდება ისეთ ფოთოლს, რომელსაც ყუნწზე ერთი ფირფიტა უვითარდება. რთული ფოთო-ლი ეწოდება ისეთ ფოთოლს, რომელიც მთავარ ყუნწზე რამდენიმე ფირფიტას ივი-თარებს.
ფოთლის სახეცვლილებაა ეკალი (კოწახური, ხურტკმელი და სხვ.) ულვაში (ბარდა, ყანის მატკვარცანა, ეკალღიჭა).
ყვავილი – ყვავილი დამოკლებულ და ზრდაშეზღუდულ ყლორტს წარმოადგენს. ყვავილის შემოკლებულ და გამსხვილებულ ღეროს ყვავილსაჯდომი ეწოდება, ხოლო ყვავილსაჯდომის ქვემოთ მდებარე ღეროს ნაწილს_ყვავილის ყუნწი. ყვავილსაჯდომი სამი სახისაა: ბრტყელი, (ყვავილების უმრავლესობას ახასიათებს) ამო-ზნექილი (ბაია და მაგნოლია), ჩაზნექილი (ასკილი).
ჯამი – ყვავილის გარეთა წყება ფოთლებია, რომელიც გვირგვინთან ერთად ორპირ ყვავილსაფარს ქმნის, რომლის დანიშნულებაა გაუშლელი ყვავილის შიგა შედარებით ნაზი ნაწილების დაცვა.
გვირგვინი – ჯამთან ერთად ყვავილსაფარს ქმნის. გვირგვინი უმეტესად სხვადსხვა ზომის და შეფერილობისაა. გვირგვინის ფოთლები ჯამის ფოთოლაკებთან შედა-რებით ნაზია და შედგება ორი ნაწილისაგან: ქვედა შევიწროვებული ნაწილისაგან, რომელსაც ფრჩხილი ეწოდება და რომლითაც ემაგრება ყვავილსაჯდომს და ზედა შედარებით გაფართოებული ნაწილისაგან, რომელსაც ფირფიტა ეწოდება.
ყვავილის სქესიანობა და სახლიანობა – ორსქესიანი ეწოდება ყვავილს, როდე-საც მცენარის ერთ ყვავილში მტვრიანა და ბუტკო ვითარდება. თუ ყვავილში მარტო მტვრიანა ან მარტო ბუტკოა, მაშინ ყვავილი ერთსქესიანია (შესაბამისად მამრობითი ან მდედრობითი). თუ ერთსქესიანი მდედრობითი და მამრობითი ყვავილები ერთ მცენარეზე არიან განლაგებული, მათ ერთსახლიანი მცენარეები ეწოდებათ. ზოგჯერ ცალსქესიანი მცენარეების მდედრობითი და მამრობითი ყვავილები სხვადასხვა მცენარეზე ვითარდებიან, მაშინ ასეთი მცენარეები ორსახლიანია.
არსებობს შემდეგი ტიპის ყვავილედები: მტევანი, თავთავი, ტარო, ფარი, ქოლგა, თავაკი და კალათა.
მტევანი – ისეთი ყვავილედია, რომლის დაგრძელებულ მთავარ ღერძზე თანაბარი სიგრძის ყუნწზე თითო ყვავილი ზის (ეკლის ხე, მოცხარი, კოწახური, შროშანა). თუ დაგრძელებულ ყუნწზე ყვავილები უყუნწოდ ზის, მაშინ ყვავილედს თავთავი ეწოდება (მრავალძარღვა). თავთავს მიაგავს ტარო, მხოლოდ ამ უკანას-კნელის მთავარი ღერძი გამსხვილებულია და მასზე წრიულად სხედან უყუნწო ყვავილები (ლაქაში, ნიუკა, სიმინდი). ხშირად მთავარი წვეროს ღერძთან თითქმის ერთ სიმაღლეზე განლაგებულია სხვადასხვა სირგძის ყუნწიანი ყვავილები. ის, რომ ქვედა ყვავილები გრძელყუნწიანია, ხოლო ზედა ყვავილების ყუნწები თანდათანობით მოკლდება, ასეთ ყვავილედს ფარი ეწოდება (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კუნელი). თუ ყვავილედში ყვავილები თანაბარი სიგრძის ყუნწიანია და ერთი წერტილიდან გამოდიან, მაშინ ყვავილედი ქოლგაა (შინდი, ხახვი, ფურისულა და სხვ.). ზოგჯერ დამოკლებული მთავარი ღერძის წვერზე ჯგუფებად განლაგებულია უყუნწო ყვავილები, ასეთ ყვავილედებს თავაკი ეწოდება (სამყურა, ცხრატყავა, გოქშო, ფოლიო). თუ გაბრტყელებულ, ერთ მთლიან ყვავილსაჯდომზე მჭიდრო ჯგუფებად უყუნწო ყვავილები სხედან, მათ კალათა ეწოდება და დამახასიათებელია რთულ-ყვავილოვანი ოჯახის წარმომადგენლებისათვის. რთული ქოლგა ყვავილედი ახა-სიათებს სტაფილოს, რთული ფარი _ ძახველს, დიდგულას და სხვ.
საგველა ანუ რთული მტევანი ახასიათებს სიმინდის მამრობით ყვავილედს, ვაზს, იასამანს, შვრიას და სხვ.
თესლი – თესლი არის განაყოფიერების შემდეგ განვითარებული თესლკვირტი, რომელშიც მოთავსებულია ჩანასახი და მისი საკვები ნივთიერება. თესლი გარედან დაფარულია კანით. თესლი ხან შიშველია, ხან მრავალი გამონაზარდით არის და-ფარული (ბეწვიანი, ლორწოვანი, წებოვანი, ან ხორციანი).
ნაყოფი – ნაყოფი არის განაყოფიერების შედეგად განვითარებული სახეცვლილი ბუტკო. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ვითარდება ნაყოფი, ხოლო თესლკვირტი გადაიქცევა თესლად. ნაყოფი წარმოადგენს თესლის საფარს და გამავრცელებელ მოწყობილობას. ნაყოფი, ნასკვის გარდა, ყვავილის სხვა ნაწილებისაგან წარმოიქმნება (ყვავილსაჯდომი, ყვავილსაფარი, ბუტკოს დინგი, სვეტი, მტვრიანა და სხვა. როდესაც ნაყოფის შექმნაში მარტო ნასკვი იღებს მონაწილეობას, ასეთი ნა-ყოფი ნამდვილი ნაყოფია. თუ ნასკვთან ერთად ნაყოფის წარმოქმნაში ყვავილის სხვა ნაწილებიც იღებენ მონაწილეობას, მაშინ ვითარდება ცრუნაყოფი. (მარწყვი, ასკილი, ვაშლი, მსხალი). თუ ყვავილში ერთი ბუტკოა და მისგან მხოლოდ ერთი ნაყოფი წარმოიქმნება, მას მარტივი ნაყოფი ეწოდება. როდესაც ყვავილში რამ-დენიმე ბუტკოა და თითოეული ბუტკოდან თითო ნაყოფი ვითარდება, მაშინ რთუ-ლი და ნაკრები ნაყოფი იქმნება.
ნაყოფსაფარის მიხედვით ნაყოფი შეიძლება იყოს: წვნიანი ანუ ხორცოვანი და მშრალი.
წვნიანი ნაყოფებიდან გამოირჩევა კენკრა და კურკიანა ნაყოფის ტიპები. კენკრა მრავალთესლიანი, იშვიათად ერთთესლიანი, წვნიანი ან ხორცოვანი ნაყოფია. კენ-კრა ზედა ან ქვედა ნასკვისაგან წარმოიქმნება, ნაყოფი თხელი კანითაა დაფარუ-ლი (კოწახური, ხურტკმელი, ვაზი, მოცვი, პამიდორი, სატაცური და სხვ). ტიპიური კენკრა ნაყოფიდან ცალკეა გამოყოფილი კენკრას მსგავსი ნაყოფები, ვაშლურა, რომელთაც ნაყოფსაფრის შიგნითა ნაწილი, განსაკუთრებით რბილობი ხორცოვნია და ცრუ ნაყოფს წარმოადგენს (ვაშლი, მსხალი, კომში და სხვ.). გორგულა, როდე-საც ნაყოფის კანი გამაგრებულია, მისი ხორციანი ნაწილი კი ნასკვის კედლების შიგა შრეებიდან ვითარდება (გოგრა, ნესვი, საზამთრო, კიტრი და სხვ.). კურკიანა უფრო ხშირად ერთთესლიანი ნაყოფია, ხანდახან მრავალთესლიანი. კურკიანას ნაყოფსაფარი ჩვეულებრივ ხორცოვანია, იშვიათად მშრალი. ერთთესლიანი კურკიანა ნაყოფების მაგალითებია: ქლიავი, ბალი, ალუბალი, ტყემალი, გარგარი, ჭერამი, ატამი, ზეთისხილი და სხვ.).
მშრალი ნაყოფები – ნაყოფს, რომელსაც ნაყოფსაფარი გახევებული ან ტყავი-სებრი აქვს და წვენს არ შეიცავს, მშრალი ნაყოფი ეწოდება. მშრალი ნაყოფები ორ ჯგუფად იყოფა: მშრალი თვითხსნადი და მშრალი თვითუხსნადი.
მშრალი თვითხსნადია ნაყოფი, რომლის ნაყოფსაფარი მომწიფებისას იხსნება და შიგ არსებული თესლი გადმოიბნევა. მშრალი თვითხსნადი ნაყოფებია: ფოთლურას პარკი, ჭოტი და კოლოფი.
კოლოფი ისეთი ნაყოფია, რომლის შექმნაში ორი ან რამდენიმე ნაყოფის ფოთოლი მონაწილეობს.
მშრალი უხსნადი ნაყოფებია: კაკალი, თესლურა, მარცვალა და ფრთიანა.
კაკლუჭა _ ერთთესლიანი, ნაყოფსაფარი ტყავისებრი. კაკლუჭა ნაყოფები ტუჩოსან და ლაშქარასებრთა ოჯახის მცენარებს უვითრდებათ.
თესლურა ორი ნაყოფის ფოთლისაგან შემდგარი, ერთთესლიანი, მშრალი, უხსნადი ნაყოფია (რთულყვავილოვნები, ვარდისებრნი).
მარცვალა ნაყოფის ნაყოფსაფარი მჭიდროდაა შეზრდილი თესლთან. მარცვალა სამი ან რამდენიმე ნაყოფის ფოთლისგანაა განვითარებული და ერთთესლიანია (მარცვლოვანები).
ფრთიანა ისეთი ნაყოფია, რომლის ნაყოფსაფარი ტყავისებრი ან სიფრიფანი-სებრია, მას ნაყოფსაფარი ფრთისებრ გამონაზარდად აქვს ქცეული (არყი, თელა, იფანი, ნეკერჩხალი და სხვ.).
რ. ძიძიშვილი
აგრონომიის საფუძვლები