სათბურში ბოსტნეულის თანმიმდევრული შემჭიდროების მეთოდით მოყვანა

მზის თბიერების სათბურში ერთი სეზონის (იანვარი – დეკემბერი) განმავლობაში ბოსტნეული კულტურების მოყვანის თანმიმდევრული შემჭიდროების მეთოდის გამოყენება.

საქართველო სოფლის მეურნეობის მხრივ უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა. გამორჩეულია თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ხასიათდება კლიმატისა და ნიადაგის მრავალფეროვნებით. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 43,4% ანუ 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად. აქედან ბოსტნეულ კულტურებზე დაახლოებით 14% მოდის. დღესდღეობით მთლიანი ბოსტნეულით თვითუზრუნველყოფა შეადგენს 64%-ს, რაც საქართველოს გეოკლიმატის გათვალისწინებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

ზოგადად, საქართველო ბოსტნეული კულტურებით თვითუზრუნველყოფის თვალსაზრისით პრობლემის წინაშე დგას. მას უნდა შესწევდეს ძალა, არა თუ აკმაყოფილებდეს მოსახლეობას ბოსტნეულით, არამედ ექსპორტზეც უნდა გაჰქონდეს, მაგრამ ეს ვერ ხორციელდება მოსახლეობაში აგრარული განათლების დაბალი დონის და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. რეალურად, ვერ ხორციელდება ფერმერების მიერ აგრორესურსების ათვისება.

პრობლემის განსაზღვრის პროცესში ასევე აღმოჩნდა, რომ ფერმერები, რომლებიც დამოუკიდებლად აშენებენ სათბურებს, ძირითად შემთხვევაში მათი ეს მცდელობა კრახით სრულდება, რადგან არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიების არასწორი და არაეფექტური გამოყენების შედეგად ფინანსურად ზარალდებიან.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით,კვლევის მიზნად დასახულ იქნა, მზის თბიერების ენერგოეფექტურ სათბურში თანმიმდევრული შემჭდროების მეთოდის გამოყენებით: ა)ერთი სეზონის (იანვარი-დეკემბერი) განმავლობაში მოცემული ფართობის მაქსიმალურად დატვირთვა-ათვისება; ბ) მართებულად შერჩეული კულტურებისა და აგროტექნიკის გამოყენებით მაღალი ეკონომიკური ეფექტის მიღება.

თემის სათაურად განისაზღვრა „მზის თბიერების სათბურში ერთი სეზონის (იანვარი-დეკემბერი) განმავლობაში ბოსტნეულ კულტურების მოყვანის თანმიმდევრული შემჭიდროების მეთოდის გამოყენება“.

აღნიშნული თემა საინტერესო და აქტუალურია, რადგან საქართველოს პირობებში, მზის თბიერების სათბურში პირველად ხორციელდება თანმიმდევრული შემჭიდროების მეთოდის მეცნიერული კვლევა და მიღებული შედეგების საფუძველზე, რეკომენდაციების ჩამოყალიბება.

ცდის განთავსების ადგილად შერჩეულ იქნა სსიპსოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შულავერის ბაზის №6 მზის თბიერების სათბური. სამუშაო ფართი განისაზღვრა 500მ2-ის ოდენობით. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა სამი სასოფლო-სამეურნეო კულტურა: 1) კარტოფილის 2 ჯიში: ა) საშუალო საადრეო „იმპალა“,  ბ) საადრეო „მარაბელი“;  2) საპარკე ლობიოს 1 ფორმა სატაცურისებრი და 3) საადრეო კიტრის ჰიბრიდი „ფენიქსი“.

კვლევა განხორციელდა საცდელი საქმის მეთოდიკის მიხედვით, როგორც აგროტექნიკური, ისე ცდის საიმედოობის თვალსაზრისით.

ცდა დაიწყო 2019 წლის იანვრის მეორე დეკადაში. იანვრის დასაწყისში სოფ. შულავერის სამენიერო კვლევითი ბაზის №6 სათბურში სამუშაოები დაიწყო ნიადაგის მომზადებით. სათბურის ნიადაგის დამუშავება განხორციელდა მოტობლოკით. ნიადაგში შეტანილ იქნა 1.5 ტ ორგანული სასუქი. ამის შემდეგ უკვე 15 იანვარს კარტოფილის ორი ჯიშის მარაბელისა და იმპალას ელიტური სათესლე მასალა დაითესა ბაზოკვლებში. ნათესი შეადგენდა 500 მ²-ს. მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ნიადაგი თესვის შემდგომ დამუშავდა სამჯერ გაფხვიერებისა და სარეველებთან ბრძოლის მიზნით. მოსავალი აღებულ იქნა 20 მარტს 500 კგ-ის ოდენობით.  აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მავნებელ დაავადებებთან არ განხორციელებულა, რადგან არ იყო ამის საჭიროება მავნებლებისათვის კლიმატისა და დროის შეუსაბამობის მიზეზით. მოსავლის აღებისას ახალი კარტოფილის ფასი ბაზარზე საშუალოდ შეადგენდა 8 ლარს.

კვლევის მიხედვით დანახარჯების რაოდენობა შეადგენდა 805 ლარს. შემოსავალი 500 კგ კარტოფილისა და 8 ლარის ღირებულების პირობებში გაუტოლდა 4000 ლარს. შესაბამისად, მოგებამ შეადგინა 3195 ლარი. გაანგარიშებულ იქნა რენტაბელობა დანახარჯებთან მიმართებით, რომელიც გაუტოლდა 39%-ს. საშუალოდ, 1კგ კარტოფილის მოსაყვანად საჭირო დანახარჯის რაოდენობაა 1.61 ლარი. (ფასები ცვლადია, სტატიაში მოცემულია კონკრეტულ დროში არსებული ფასები).

კარტოფილის მოსავლის აღებისთანავე გასუფთავდა სათბური, კვლავ დამუშავდა ნიადაგი მოტობლოკით, რადგანაც შემდგომი კულტურა იყო ლობიო. მოეწყო პოლიეთილენის მულჩი და დამონტაჟებულ იქნა წვეთოვანი სისტემა. პოლიეთილენის მულჩის გამოყენებით თავიდან იქნა აცილებული ნიადაგის გაფხვიერების, სარეველებთან ბრძოლისა და წყლის დამატებითი დანახარჯები. ასევე, ჩამოება პოლიპროპილენის ძაფი, რომელზეც მოხდა შემდგომ ლობიოს მიბმა. ამავდროულად, მარტის დასაწყისიდან  მიმდინარეობდა ლობიოს ჩითილის გამოზრდა. 10 აპრილს 500 მ² ფართობზე გადაირგო სატაცურისებრი ლობიოს წინასწარ გამოყვანილი ჩითილი. ვეგეტაციის პერიოდში საჭირო გახდა სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ წამლობა კუპერვალით, რიდომილ გოლდითა და კონფიდორმაქსით. მაისის ბოლოდან დაიწყო მოსავლის კრეფა. ლობიოს მწვანე პარკი მოიკრიფა ხუთჯერ. მოსავლის ოდენობამ შეადგინა 1000 კგ. ამ პერიოდისთვის ბაზარზე ფასი 2.5 ლარი (აღებულია მინიმალური ღირებუ-ლება. სატაცურისებრი ლობიოს ფასი გაცილებით მეტია). დანახარჯი მოგვცა 828 ლარის ოდენობით, მოგებამ კი შეადგინა 1672 ლარი. დანახარჯთან მიმართებით რენტაბელობა გამოვიდა 202%, 1კგ ლობიოს მოსაყვანად კი საჭიროა 0.83ლარი.

ლობიოს მოსავლის აღების შემდეგ ზაფხულის ცხელ პერიოდში (აგვისტო) სათბური გაჩერდა. ამით თავიდან იქნა აცილებული გაგრილებისათვის საჭირო დანახარჯები. თუმცა ამ პერიოდში მიმდინარეობდა კიტრის ფორმა „ფენიქსის“ ჩითილის გამოზრდა. გასუფთავდა სათბური. ნიადაგი დამუშავდა, მოეწყო წვეთოვანი სისტემა და გაიშალა მულჩი. ჩაბმულ იქნა პოლიპროპილენის ძაფი, რომელზეც შემდგომ მიება კიტრი.  5 სექტემბერს მოხდა ჩითილის გადარგვა.

მოსავალი აღებულ იქნა ეტაპობრივად 5-ჯერადად, რაც დასრულდა 8 ნოემბერს. ამის შემდეგ გასუფთავდა და მოწესრიგდა სათბური, რითაც  დამთავრდა აღნიშნული ცდა. კიტრის აღების მომენტში მისი ფასი მერყეობდა 3-4 ლარის ფარგლებში. მოსავლის რაოდენობა ჯამში გამოვიდა 2000 კგ. დანახარჯმა შეადგინა 1135.5 ლარი. შემოსავალი 2000კგ გათვალისწინებითა და მინიმალური ფასის- 3 ლარის ფარგლებში რომ ვიანგარიშოთ, შეადგენს 6000 ლარს. მოგებაა 4864ლ. რენტაბელობა დანახარჯებთან გაანგარიშებით შეადგენს 428,4%-ს. 1კგ-ს მოყვანის დანახარჯია 0,57ლ.

საბაზრო ფასები დადგენილია 2019 წლის ბაზრის კვლევის შესწავლით. სამივე კულტურასთან მიმართებით საერთო ჯამში რენტაბელობამ დანახარჯთან მიმართებაში შეადგინა 352%.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შესაძლებელია სათბურში ძირითადი (გათბობის) დანახარჯის გამორიცხვით მოყვანილ იქნას სამი  მოსავალი წლის იმ პერიოდში, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტის დეფიციტია და, შესაბამისად, მაღალშემოსავლიანია.

აღნიშნული კვლევა რეკომენდაციის სახით დაეხმარება  ფერმერებს სწორად წარმართონ თავისი ენერგოეფექტური სათბურების საქმიანობა, რაც თავისთავად გაზრდის მათ შემოსავალს. ასევე, ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია წლის განმავლობაში ბაზარზე დეფიციტური პროდუქტით მოსახლეობის მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფა.

ფოტოზე ნაჩვენებია ცდაში გამოყენებული მზის თბიერების ერთნახევარფერდა  სათბური.

სათბური, ენერგოეფექტური

დასკვნა/რეკომენდაცია

დადგინდა ბოსტნეული კულტურების: კარტოფილის, საპარკე ლობიოსა და კიტრის მოყვანის შესაძლებლობა ერთი სავეგეტაციო წლის განმავლობაშიმზის თბიერების სათბურში თანმიმდევრული შემჭიდროების მეთოდის გამოყენებით და კულტურათა ურთიერთმონაცვლეობის ეფექტურობა

შეფასდა ეკონომიკური ეფექტიანობა და რენტაბელობამ შეადგინა 352%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია

დადგინდა, რომ შესაძლებელია სათბურში ძირითადი (გათბობის) დანახარჯის გამორიცხვით მოყვანილ იქნას სამი მოსავალი წლის იმ პერიოდში, როდესაც ამა თუ ამ პროდუქტის დეფიციტია და, შესაბამისად, მაღალშემოსავლიანია

შემუშავდა პრაქტიკული  რეკომენდაციები, რომელიც დაეხმარება  ფერმერებს სწორად წარმართონ სამუშაოები ენერგოეფექტური სათბურებში, რაც თავისთავად გაზრდის მათ შემოსავალს

შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია წლის განმავლობაში ბაზარზე დეფიციტური პროდუქტით მოსახლეობის მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფა. ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ, სათბურები აითვისონ მაქსიმალურად და რესურსი გამოიყენონ ეფექტურად.

გიორგი ბადრიშვილი, ს/მ დოქტორი;
დალი წიკლაური;
იოანე ლაცაბიძე.

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

იხილეთ აგრეთვე: მზის თბიერების სათბური

თქვენი რეკლამა