შავთხილა – წითელყურძნიანი ვაზის ჯიში

შავთხილა, წითელყურძნიანი, ვაზის, ჯიში

შავთხილა წითელყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშია, რომლისგანაც სუფრის წითელი, მშრალი ღვინო მიიღება.

წარმოშობა: კახეთი.

გავრცელებულია კახეთში, ძირითადად ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც შერეული სახით გვხვდება ძველ ვენახებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. იშვიათად განივოვალური ფორმის ფოთლებიც გვხვდება, ხუთნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია, მის ქვეშ მოფენილია საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო ზომისაა, ვიწრო-კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის და მხრიანი. მხრები ძირითადი მტევნის სიგრძის ნახევარი და ზოგჯერ მეტია. საშუალო სიკუმსისაა ან კუმსი.

მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური. გვხვდება მომრგვალო ფორმის მარცვლებიც. მუქი იისფერია, თითქმის შავი. კანი სქელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი მკვრივი და კნატუნაა, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული, წვენი უფერულია ან ოდნავ მოვარდისფრო.

შავთხილას სავეგეტაციო პერიოდი 132-დან 167 დღემდეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 140-150 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.2-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7-8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი, მშრალი ღვინო. იგი ალუბლისფერია, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთო და მცირე სხეულით. ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

კრედო ბანკი