საყრდენის მოწყობა საძირე ვაზის სადედეში
საძირე ვაზის სადედეში საყრდენის მოწყობა მიზანშეწონილია ვაზის დარგვის წელსვე, რისთვისაც გამოიყენება რკინა-ბეტონის, ხის ან გალვანიზებული ბოძები, როგორც საშუალო სიმაღლის, ისე მაღალი, ვერტიკალური შპალერი ვენახში.
საშუალო სიმაღლის ვერტიკალური შპალერის მოსაწყობად კიდურა (მთავარი) ბოძების სიმაღლე უნდა იყოს 2,30მ, ხოლო შუა ბოძების 2.20მ. კიდურა ბოძები ნიადაგში უნდა ჩაისვას 60-70სმ, ხოლო შუა 50-60 სმ სიღრმეზე.
კიდურა ბოძები დახრილად მაგრდება ზუსტად ვაზების მწკრივ¬ის სიბრტყეში, 70-80სმ სიღრმის ორმოში მოთავსებულ ღუზაზე ისე, რომ ბოძის წვერზე მობმული მავთული ვერტიკალურად შეუერთდეს ღუზას. ვაზების მწკრივში შუა ბოძებს შორის მანძლი არ უნდა აღე¬მატებოდეს 6 მეტრს.
საშუალო სიმაღლის ვერტიკალურ შპალერზე უნდა გაიბას 3, ხოლო მაღალზე 4-5 წვერი მავთული. ორივე შემთხვევაში უმჯობესია მავთული გაიბას ბოძებზე 30-40 სმ-ის დაშორებით.
ყლორტების დანორმება
ვაზის საბოლოო დატვირთვა ყლორტების დანორმებისას უნდა განისაზღვროს. იგი პირველად უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც ყლორტების სიგრძე 15-20 სმ-ს მიაღწევს.
მეორედ დანორმება უნდა დაუკავშირდეს ყლორტების პირველ ახვევას და მათ განაწილებას შპალერის სხვადასხვა იარუსის მავთულზე, ე.ი. ყლორტების საბოლოო დანორმება დაიწყება მაშინ, როდესაც მათი უმეტესობა 40-50 სმ-ს მიაღწევს.
საერთოდ, ვაზის სიძლიერის მიხედვით დატოვებული ყლორტების რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს სუსტი განვითარების ვაზისათვის 6-8, საშუალოსათვის _ 10-12, ძლიერისათვის 15-18 ყლორტით.
ყლორტების აღზრდის წესი საძირე ვაზის სადედეში
სადედეში ძირითადად უნდა გამოვიყენოთ ყლორტების თანაბრად განაწილებისა და ვერტიკალური შპალერის 3-4 წვერ მავთულზე ჰორიზონტულად აღზრდის წესი.
ვაზზე განვითარებული ყლორტების საერთო რაოდენობიდან დანორმების შემდეგ, სამმავთულიანი შპალერის შემთხვევაში, ვაზის სიძლიერის მიხედვით შეირჩევა უკეთესი მდებარეობის 12-14, ხოლო ოთხმავთულიანი შპალერისთვის _ 16-18 და მეტი კარგად განვითარებული ყლორტები, როდესაც ყლორტები გადააჭარბებს შპალერის პირველი მავთულის სიმაღლეს, შპალერზე მავთულის რაოდენობის შესაბამისად, თანაბრად განაწილდება 3-5 ყლორტი, აიკვრება პირველ მავთულზე ქარების მიმართულებით, ოდნავ დახრილად და აღიზრდება ჰორიზონტულად.
როცა ყლორტების მეორე ჯგუფი გადააჭარბებს მეორე მავთულის სიმაღლეს, აიკვრება მასზე დახრილად და აღიზრდება ჰორიზონტულად მეორე მავთულზე. ყლორტების დანარჩენი ჯგუფებიც შესაბამისი განვითარების შემდეგ ჰორიზონტულად დაკავდება და აღიზრდება მესამე, მეოთხე მავთულზე, პირველ, მეორე მავთულზე აკრული ყლორტების ანალოგიურად. ვეგეტაციის განმავლობაში 5-6-ჯერ ნამხრევების შეცლასთან ერთად ხდება ყლორტების ჰორიზონტულად დაკავება.
ვერტიკალურ შპალერზე ყოველი მავთულის ახლომდებარე თავიდან განვითარებული ყლორტები უნდა განაწილდეს თანაბრად, განლაგდეს და დამაგრდეს (აიხვეს) მავთულზე ჰორიზონტალურად.
ასევე, დაბალ კორდონულ ფორმაზე ყლორტების ახვევა შესაძლებელია განხორციელდეს კომბინირებულად ჰორზონტალურად და ვერტიკალურად.
ყლორტების აღზრდის აღწერილი წესი ხელს უწყობს სადედეში ვაზის განათებისა და აერაციის გაუმჯობესებას, რითაც იქმნება ოპტიმალური პირობები მოზარდი ყლორტების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. ეს კი განაპირობებს ნაზარდის უკეთ მომწიფებასა და სტანდარტული ლერწის გამოსავლიანობის გაზრდას.
ოთხმავთულიან შპალერზე განლაგებული და აღზრდილი ყლორტები ვეგეტაციის ბოლოს
გაცდენილი ადგილების შევსება სადედეში
სადედის შევსება დარგვიდან პირველ-ორ წელს ხდება ერთწლიანი ნერგის გამორგვით. შემდეგ კი ჩვეულებრივი რქისა და მწვანე ყლორტების გადაწიდვნით, რაც ისეთივე წესით ხორციელდება, როგორც მოსავლიან ვენახშია მითითებული (იხ. ვენახში გაცდენილი ადგილის შევსების მეთოდები).
მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.
იხილეთ აგრეთვე: სავენახე ნაკვეთის შერჩევა, ნიადაგის ძირითადი და დარგვისწინა დამუშავება