ოქროულა თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია. საქართველოს ამპელოგრაფიის მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ჯიშებს ეკუთვნის.
წარმოშობა: კახეთი.
ფოთოლი დიდი ზომის და მომრგვალოა, ზოგჯერ განივოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, ხშირად საშუალოდ დანაკვთული, ქვედა მხარეს შეუბუსავი. ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ პატარა ფრთით, საშუალოდ კუმსი, ზოგჯერ თხელი ან ძლიერ კუმსიც.
მარცვალი საშუალო ზომისაა და მსხვილი, მომრგვალო ან მცირედ-ოვალური, ზოგჯერ ოვალური, ღია-ყვითელი (ქარვისფერი) ფერის. კანი თხელია და საკმაოდ მტკიცე; რბილობი საშუალოდ მკვრივი, სასიამოვნო, ჰარმონიული გემოთი.
ვაზი საშუალო ზრდისაა, რქა კარგად მწიფდება. ყურძენი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის და 16-20%-მდე შაქარს აგროვებს, მჟავიანობა 5.0 – 8.0 გ/ლ-ს.
სავეგეტაციო პერიოდი 155 დღე.
ჯიში ძირითადად ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად და იშვიათად სხვა ჯიშებთან შერეული სახით საღვინედაც მოიხმარებოდა. მისგან შეიძლება დამზადდეს ყურძნის წვენიც.
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
იხილეთ: ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი