ცისარტყელა კალმახის სწორად ფორმირებული და მაღალპროდუქტიული სადედე ჯოგი (გუნდი) წარმოადგენს, საკალმახე მეურნეობის წარმატებული საქმიანობის წინაპირობას და საშუალებას იძლევა სამუშაოთა მცირე მოცულობის პირობებში მივიღოთ გამოსაზრდელი და სანასუქე ფართობებიდან პროდუქციის დიდი რაოდენობა.
კალმახის სადედე ჯოგი (გუნდი) უნდა შედგებოდეს 4-7 წლის მდედრებისაგან, მასით 0,8-3 კგ და 2-5 წლის მამრებისაგან, მასით 0,4-1,5 კგ. მდედრებისა და მამრების შეფარდება არ არის აუცილებელი იყოს 1:1 – თან, რადგან ქვირითობის (ტოფობის) პერიოდში შესაძლებელია ერთი მამრის მრავალჯერადად გამოყენება.
ერთ მამრს შეუძლია გამოჰყოს 10 ულუფა სპერმა (ეაკულატი) განაყოფიერების ერთნაირი უნარით. ამიტომ მამრების რაოდენობა მდედრებთან შედარებით შესაძლებელია შემცირდეს 30%-მდე.
მამრები და მდედრები უნდა იყვნენ კარგად ნაკვებნი, გამოირჩეოდნენ მკვეთრი და ძლიერი მოძრაობით და ქვირითობის პერიოდისათვის დამახასიათებელი გამოკვეთილი შეფერილობით.
მწარმოებელთა ნასუქობისათვის ყველაზე ხელსაყრელია 500-1000მ 2 -მდე ფართის ტბორები, თუმცა დასაშვებია 2 ჰა-მდე ფართის ტბორების გამოყენებაც.
მწარმოებელთა ჩასხმის მინიმალური სიმჭიდროვე შეადგენს 1 ცალს ტბორის 10მ 2 -ზე, ხოლო მაქსიმალური 1 /მ 2 -ზე. ჩასხმის სიმჭიდროვე შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან ტბორებში წყალცვლის სხვადასხვა პირობების გამოც.
გრანულირებული საკვებით მწარმოებელთა გამოკვება საშუალებას იძლევა სადედე ჯოგის შესანახად გამოვიყენოთ 120მ 2 -მდე ფართის კვადრატული აუზები, 5-30 წუთიანი წყალცვლით. ცნობილია, რომ მწარმოებლები უძლებენ 0,1-30 0 C წყლის ტემპერატურას, თუმცა საჭიროა მათი შენახვა 5-დან 20 0 C -მდე ტემპერატურის პირობებში.
შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისა და ახლონათესაური შეჯვარების (ინბრიდინგი) თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია 3-5 წელიწადში ერთხელ სანდო მეურნეობისაგან დაავადებისაგან დაცული ჯანმრთელი ქვირითის სპერმის ან უკვე განაყოფიერებული ქვირითის შემოტანა.
იმ მწარმოებლებს, რომლებიც პირველად ქვირითობენ, ჩვეულებრივ არ იყენებენ, რადგან ის იძლევა წვრილ ქვირითსა და ნაკლებ სიცოცხლისუნარიან შთამომავლობას.
დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ 35-45 მგრ მასაზე ნაკლები ქვირითის მარცვლები, როგორც წესი, უვარგისია წარმატებული ინკუბაციისათვის. ახალგაზრდა ინდივიდებს ქვირითობაში მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, როდესაც მათ აქვთ დიდი მასა და იძლევიან მსხვილ ქვირითს, რომლისგანაც მიიღება სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა.
სადედე ჯოგის ფორმირებისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მდედრები, რომლებიც პირველ წელს იძლევიან დიდი რაოდენობით უვარგის ქვირითს, შემდგომ წლებშიც ინარჩუნებენ ქვირითის დაბალ ხარისხს.
მწარმოებლების შენახვა საჭიროა კარგი წყალცვლის პირობებში, რადგან სწორედ ამაზეადამოკიდებული მათი სქესობრივი პროდუქტის ხარისხი.
დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ სპეციალურ აუზებში, გაუმჯობესებულ პირობებში მოთავსებული მწარმოებლებისგან მიღებული შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობამ მიაღწია 79%-ს.
მაშინ როდესაც, ტბორებში შენახული მწარმოებლების პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობამ შეადგინა 52%. შესაბამისად, წყლის მოდინებასა და წყალცვლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სრულფასოვანი სასქესო პროდუქტების მისაღებად.
სანაშენო გუნდში (ჯოგში) უნდა ჭარბობდეს საშუალო ასაკის ინდივიდები, რადგან სამწლიან მდედრებთან შედარებით ექვსწლიანი მდედრების ნაყოფიერება 5-ჯერ იზრდება, ხოლო ლიფსიტების (ახლად გამოჩეკილი მურის) რაოდენობა – 10-ჯერ.
შვიდ წელზე მეტი ასაკის მდედრებში შეინიშნება საკვების მოხმარების დაბალი ეფექტიანობა და სასქესო პროდუქტის დაბალი ხარისხი, ამიტომ ცდილობენ მათ წუნდებას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შვიდი და უფრო მეტი ასაკის მდედრისაგან შეიძლება კარგი ქვირითის მიღება.
იყო შემთხვევა,როდესაც ერთ-ერთმა მეცნიერმა 10 წლის ასაკის მდედრისაგანაც მიიღო სრულფასოვანი ქვირითი და გამოზარდა სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა.
მწარმოებელთა გუნდის (ჯოგის) ფორმირება უწყვეტი პროცესია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება წუნდებას. არ უნდა დავუშვათ, რომ ქვირითობა განხორციელდეს იმ მდედრებისა და მამრების მონაწილეობით რომლებსაც:
- დარღვეული აქვთ თავისა და ტანის ფორმა
- განუვითარებელი აქვთ ლაყუჩების სახურავი
- შემოკლებული აქვთ და თხელი კუდი
- გამრუდებული აქვთ ხერხემალი
- არიან ავადმყოფები და ტრავმირებულები
წუნდებული თევზების ნაცვლად საჭიროა სარემონტო ჯოგიდან შემოვიყვანოთ საუკეთესო ინდივიდები, რომელთა მაღალი ხარისხის სასქესო პროდუქტები გამოყენებული იყო პირველი ქვირითობისა და ინკუბაციის პროცესში.
ჩვეულებრივ შეცვლას ექვემდებარება მწარმოებელთა 20-30%. სადედე ჯოგიდან (გუნდიდან) გასულ ყოველ მწარმოებელზე აუცილებელია გამოვზარდოთ და შევარჩიოთ 30-50 გრამიანი საშუალო მასის მქონე 30 ცალი ამწლიანი (ამზაფხულოსანი), 250-400 გრამიანი 20 ცალი ორწლიანი და 500 გრამზე მეტი მასის- 8 ცალი 3 წლიანი.
კალმახის სქესობრივი მოწიფულობა შეიძლება დადგეს, როცა მისი სხეულის მასა მიაღწევს 100-300 გრამს. თუმცა, ასეთ მდედრებს შთმომავლობის მისაღებად არ იყენებენ.
სასურველია, რომ პირველი ქვირითობის დროს მდედრის მასა შეადგენდეს არანაკლებ 500გრამს.
მამრის სქესობრივი სიმწიფე, მდედრთან შედარებით, ერთი წლით ადრე დგება. წლის მანძილზე მოწიფულობის დრო მამრებში დგება ერთი თვით ადრე, ვიდრე მდედრებში. მათი სპერმაციის პერიოდი გრძელდება 1-დან 10 კვირამდე, საშუალოდ 5 კვირა. ქვირითობის ბოლო პერიოდში სპერმის კონცენტრაცია საწყისი პერიოდის კონცენტრაციასთან შედარებით მცირდება.
ცისარტყელა კალმახის 1სმ 3 სპერმა შეიძლება შეიცავდეს 10- დან 30 მილიარდამდე, ხოლო 1მმ 3 – 10 ათას სპერმიას. ამასთან დადგენილია,რომ სათესლეებიდან ხდება სპერმიის მთელი რაოდენობის მხოლოდ 43% -ის გამოყოფა.
სარემონტო მასალის ტბორებში ჩასხმის სიმჭიდროვე შეადგენს 2-3 ცალს/მ 2 -ზე. აუზებში შენახვა საშუალებას იძლევა, რომ მწარმოებელთა ჩასხმის სიმჭიდროვის გაიზარდოს 10 ცალი/მ 2 -მდე, ხოლო სარემონტო ჯოგისა (გუნდისა)- 15-20 ცალი/მ 2 -მდე.
თუ მეურნეობაში არის სადედე ტბორების საკმარისი რაოდენობა, მაშინ აუცილებელია, რომ სხვადასხვა ასაკის მწარმოებლები ცალ-ცალკე განვათავსოთ. მწარმოებელთა ტრავმირების შემცირების მიზნით, წონისა და ზომის ზრდის კონტროლს ახორციელებენ წელიწადში ერთხელ, ქვირითობის წინა ბონიტირების პერიოდში.
სპეციალური სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია მათი ყოველთვიური აწონვა. მწარმოებლების საშუალო მასის 500 გრამიანი ნამატი სეზონის მანძილზე შეიძლება ჩაითვალოს ნორმად, თუმცა უფრო ხელსაყრელ პირობებში, ერთ მწარმოებელზე მასის ნამატმა შეიძლება გადააჭარბოს 1 კგ-საც.
როდესაც წყლის ტემპერატურა ქვირითობის პერიოდში აღწევს სასურველ ნიშნულს (5-10 0C), ტბორებში წყლის დონეს ამცირებენ, მწარმოებლებს იჭერენ, წონიან, ითვალისწინებენ შენახვის პერიოდში ნარჩენების რაოდენობას, რომელიც შენახვის დამაკმაყოფილებელი პირობებისას არ უნდა აღემატებოდეს 5 %-ს.
დაჭერილ მწარმოებლებს გულდასმით ათვალიერებენ და ავადმყოფებს, ტრამვირებულებსა და სხეულის აგებულებაში გადახრების მქონე ეგზემპლიარებს წუნს სდებენ. ზრდისა და ნაყოფიერების კონტროლისათვის საჭიროა აიწონოს და გაიზომოს მწარმოებელთა 20%-მდე.
ამის შემდეგ მწარმოებლებს დროებითი შენახვისათვის ათავსებენ მრგვალ, კვადრატულ ან მართკუთხა აუზებში გაძლიერებული წყალცვლით 6-12-ჯერ საათში. ამასთან, მდედრებსა და მამრებს სხამენ ცალ-ცალკე.
დასაშვებია მდედრების და მამრების ერთ აუზში მოთავსებაც, თუმცა, მაშინ ისინი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს ვერტიკალური ბადურა ტიხარით. ამ დროს შემოდინებაზე ათავსებენ მამრებს, ხოლო ქვევით, დინების მიმართულებით – მდედრებს.
მწარმოებელთა ჩასხმის სიმჭიდროვე დროებითი შენახვისას შეიძლება შეადგენდეს 30 ცალი/მ 2 -ზე, მოწიფულ ან მოწიფულობასთან ახლოს მყოფ კალმახის მდედრებს ათავსებენ 1-2 მ 2 ფართის მართკუთხა ან კვადრატულ აუზებში.
ხანმოკლე შენახვის პერიოდში, სასქესო პროდუქტების მიღებამდე 10-15 დღით ადრე წყვეტენ მწარმოებლების კვებას. საქმე იმაშია, რომ ნაკვები მწარმოებლები სასქესო პროდუქტების მიღებისას ქვირითთან ერთად გამოყოფენ ექსკრემენტებს, დაჭუჭყიანების ასეთ პირობებში კი რთულდება მათ მოცილება.
მწარმოებელთა პირველი ქვირითობის შედეგად მიღებულ ქვირითს აუცილებლად წურავენ. ინკუბაციას აწარმოებენ განცალკევებულად, რადგან პირველი ინკუბაციისას დიდია უვარგისი ქვირითის რაოდენობა. როგორც წესი, ამ მასას არ ურევენ ქვირითობის კამპანიისას მიღებული ქვირითის საერთო რაოდენობას.
პირველი მოწიფული მდედრის აღმოჩენის შემდეგ (ამ დროს მამრებს, როგორც წესი, ძირითადად აღენიშნებათ დენადი ხვაში – თევზის თესლი) შემოწმებას მწარმოებელთა მოწიფულობის დასადგენად აწარმოებენ კვირაში 2-3-ჯერ. შემოწმებებს შორის შუალედი დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, მდედრების მოწიფვის სიჩქარესა და უკვე მოწიფული მდედრების რაოდენობაზე.
კარგი ხარისხის მოწიფული ქვირითი მდედრის სხეულში ინახება 5-8 დღე-ღამემდე. მამრების სპერმა კი თავის საუკეთესო ხარისხსა და თვისებებს ინარჩუნებს უფრო დიდი ხნით ვიდრე მდედრის ქვირითი.
მწარმოებელთა სასქესო პროდუქტების დაგვიანებით მიღების შემთხვევაში ხდება მათი გადამწიფება და თანდათანობით შეიწოვება ორგანიზმში. ეს პროცესი აუარესებს სადედე ჯოგის (გუნდის) ხარისხობრივ მაჩვენებლებს და შეიძლება მიგვიყვანოს წარმოებელთა უნაყოფობამდე.
სასქესო პროდუქტების რეზორბციის ხანგრძლივი პროცესი (მამრებში-5-7-თვემდე) აფერხებს ამ პროდუქტების შემდგომ მომწოფებას.
მდედრის მოწიფულობის განსაზღვრა ხდება ვიზუალურად და ხელის შეხებით. მოწიფულ მდედრს აქვს გადიდებული, ჩამოშვებული და რბილი მუცელი. თუ მდედრი მოწიფულია მუცლის არეში ხელის სუსტი შეხებაც საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს ქვირითის გამოყოფა. მოწიფულ მდედრს აქვს კარგად განვითარებული გენიტალური ანუ სასქესო ფორი (სვრეტი), საიდანაც მუცელზე დაჭერის დროს წამოიწევა ქვირითი შეწითლებული დვრილის სახით.
ცისარტყელა კალმახების მოწიფული მამრების სათესლეები საშუალოდ შეადგენს სხეულის მასის 5,8%-ს ხოლო მოწიფული მდედრის გონადები – 7,2%-ს.
მასალა მოგვაწოდა პორტალმა kalmaxi.ge