ქაფშია (ხამსა) ანუ ევროპული ანჩოუსი

ხამსა, ქაფშია

როგორც იცით ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა.

ქაფშია, ხამსა – სახეობის აღწერა

ქაფშიას (ლათ.Engraulis encrasicolus) მოზრდილი ინდივიდების სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 12-15 სმ, არა უმეტეს 20 სმ. გუნდური სანაპირო თევზი.

ქაფშია ყოველწლიურად მიგრირებს გამოზამთრების ადგილებიდან ქვირითობისა და სუქების ადგილებისკენ.

ზაფხულში ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება და ამოდის წყლის ზედა ფენებში; ზამთარში გადაადგილდება სამხრეთისკენ, რა დროსაც ჩადის 400 მ-მდე სიღრმეზე.

ტოფობს აპრილიდან ნოემბრამდე. ტოფობის პიკი მოდის ყველაზე თბილ თვეებზე. სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 წელი, სქესობრივ სიმწიფეს შეუძლია ცხოვრების პირველსავე წელს მიაღწიოს. იკვებება წვრილი პლანქტონური კიბოსნაირებით.

არეალი

წყლის ტემპერატურების (6-220С) და წყლის სიმლაშის (5-41 ) რყევების მიმართ ამტანობის გამო, ქაფშიას ახასიათებს გავრცელების ძალიან ფართო არეალი.

ის ბინადრობს აღმოსავლეთ ატლანტიკაში, კანარის კუნძულებიდან და მაროკოდან ბისკაის ყურემდე, ხმელთაშუა და შავი ზღვების ყველა რაიონში; ზაფხულში შედის ჩრდილოეთის (სამხრეთ ნორვეგიის ნაპირებამდე), ბალტიის და აზოვის ზღვებში. გვხდება ასევე ინდოეთის ოკეანეში, სომალის ნაპირებთან.

ასეთი ვრცელი არეალის საზღვრებში სახეობა რამდენიმე განცალკევებულ ფორმას ქმნის: ატლანტის, ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვის და აზოვის.

აზოვის და შავი ზღვის ქაფშია

აზოვის ზღვაში გვხვდება ევროპული ქაფშიას ერთ- ერთი ნაირსახეობა, აზოვის ქაფშია, იგივე რუხზურგა (сероспинка), რომელსაც ასე ეწოდა ზურგის უფრო ღია შეფერილობის გამო.

აზოვის ქაფშია შავი ზღვისასგან განსხვავდება უფრო პატარა ზომებით: მისი ჩვეულებრივი სიგრძე შეადგენს 8-10 სმ-ს, ყველაზე დიდი კი, არაუმეტეს, 11-14 სმ-ია. ეს თევზი აზოვის ზღვაში მხოლოდ ზაფხულს ატარებს; იქ ის აქტიურად იკვებება, იქვე ხდება ტოფობა (ივნის-ივლისში) და ლიფსიტების სუქება.

ხამსა

ქაფშიას ნაყოფიერება შეადგენს 20-25 ათას ქვირითის მარცვალს, იყრება ორ-სამ პორციად (ზოგჯერ ოთხადაც კი). შემოდგომაზე ყველა ასაკის აზოვის ქაფშია ქერჩის სრუტით გადის შავ ზღვაში, სადაც გამოსაზამთრებელ ორმოებში წვება.

გამოზამთრება სხვადასხვა წელს სხვადასხვა რაიონში ხდება, მაგრამ ქაფშიას უდიდესი ნაწილი ჩვეულებრივ ზამთარში ნოვოროსიისკის რაიონში ან რამდენადმე სამხრეთით რჩება.

მიგრაციისას ქაფშია უზარმაზარ გუნდებად მოძრაობს, რომლებსაც თან ახლავს ზღვის ფრინველების გუნდები (თოლიები და ჩვამები), აგრეთვე დელფინები. ქაფშიას რეწვა ხდება ოქტომბრიდან მაისამდე.

ცხიმიანობის მხრივ, ყველაზე ხარისხიანი შემოდგომის ჭერის თევზია. შემოდგომაზე დაჭერილი აზოვის ქაფშია 28%-მდე ცხიმს შეიცავს.

ხამსა

თანამედროვე ლიტერატურაში ადრე გამოყოფილი ცალკეული ქვესახეობები Engraulis encrasicolus ponticus და Engraulis encrasicolus maeoticus შავი ზღვის და აზოვის პოპულაციებისთვის არ განიხილება.

რეწვა

პერუს და იაპონურ ანჩოუსთან ერთად, ქაფშია რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ხმელთაშუა ზღვის ქაფშია ძალიან ფასობდა დამარილებული და საწებელი გარუმის მოსამზადებლად.

კრასნოდარის მხარეში ახლად დაჭერილ ქაფშიას ამარილებენ, ჩვეულებრივ 4-6 საათის განმავლობაში, რეცხავენ და მოხარშულ კარტოფილთან, დამარინადებულ ხახვთან და ახალგაზრდა ღვინოსთან ერთად მოიხმარენ.

ბულგარეთის ზღვისპირა რაიონებში პოპულარული ფასთფუდია შემწვარი ქაფშია, რომელსაც ადგილობრივ კვების ობიექტებში ლუდთან ერთად მიირთმევენ როგორც მსუბუქ მისაყოლებელს.

ხამსა

საქართველოს სანაპიროსთან, 80-იან წლებში, ყველაზე ინტენსიური რეწვის პერიოდში, ქაფშიის წილი ზღვაზე მთლიანად დაჭერილი თევზის 90%-ს შეადგენდა, რაც თავის მხრივ შავი ზღვის აუზში ქაფშიის მთლიანი რეწვის დაახლოებით 40%-ს აღწევდა.

ამ პერიოდში, ქაფშიის საშუალო მარაგი 400 ათასი ტონას შეადგენდა, ხოლო საშუალო სეზონური რეწვის რაოდენობა – 80 ათასი ტონა ფიქსირდებოდა.

მარაგის მაქსიმალური ოდენობა – 550 ათას ტონა და ჭერის მაქსიმალური მაჩვენებელი – 175 ათასი ტონა 1988 წელს დაფიქსირდა. უკანასკნელ წლებში ქაფშიის სარეწი კვოტა საქართველოში წლიურად 70-80 000 ტონას შეადგენს.

შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

ხამსა

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა