საკალმახე მეურნეობაში სასელექციო-სანაშენო საქმიანობა

კალმახი

საკალმახე მეურნეობაში სასელექციო-სანაშენო საქმიანობა გულისხმობს, გამოსაზრდელი კალმახის სამეურნეო-ღირებულებითი თვისებების გეგმაზომიერ და სისტემატიურ გაუმჯობესებას (თევზის ზრდის მაღალ ტემპი, გარემო პირობების მიმართ მდგრადობა, დაავადებებისადმი წინააღმდეგობის უნარის გაძლიერება, კვებითი თვისებების გაუმჯობესება, მოწიფულობის დაჩქარება, ნაყოფიერების ზრდა და სხვ.).

სანაშენო მუშაობის მნიშვნელოვანი პროცესია მწარმოებელთა შერჩევა. შერჩევის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სანაშენე ჯოგი (გუნდი), რომელიც უზრუნველყოფს ჩასასხმელი მასალისა და სასაქონლო კალმახის საჭირო ხარისხსა და რაოდენობას მინიმალური დანახარჯებით.

მეურნეობაში უნდა შევინახოთ ცისარტყელა კალმახის ორი სხვადასხვა წარმოშობის ჯგუფი, ამ შემთხვევაში, აღწარმოება განხორციელდება ორხაზიანი მეთოდით, რომელიც გამორიცხავს ინბრიდინგს (ახლო ნათესაური შეჯვარებას).

მუშაობის ასეთი მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი გათვლები და იმედები დავამყაროთ ჰეტეროზისის ეფექტზე (პირველი თაობის ჰიბრიდების თვისება აღემატებოდეს სიცოცხლისუნარიანობით, ნაყოფიერებითა და სხვა ნიშნებით მშობელთა ფორმებს).

ფერმერმა უნდა იცოდეს,  რომ სელექცია ხანგრძლივი პროცესია, რომლის საბოლოო შედეგის განჭვრეტა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. სელექციით მიღებულ ნიშან-თვისებათა მდგრადობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ეს შეძენილი ნიშან-თვისებები შთამომავლობას სრულად ყოველთვის არ გადაეცემა. მიუხედავად ამისა, სწორი სასელექციო მუშაობით შეიძლება მივიღოთ ძალზე კარგი შედეგები დროისა და დანახარჯების კომპენსირებით. ძალზე მნიშვნელოვანია და ფერმერის ვალდებულებაცაა აწარმოოს მწარმოებლების მიზანმიმართული შერჩევა და იმ ინდივიდების წუნდება, რომლებიც არ პასუხობენ ამა თუ იმ მოთხოვნებს.

შერჩევა უნდა მოხდეს  როგორც მორფოლოგიური  ასევე, ფიზიოლოგიური ნიშან-თვისებების გათვალისწინებით. პირველ შემთხვევაში ყურადღება ექცევა პლასტიკურ და მერისტიკულ  ნიშან-თვისებებს (თევზის რომელიმე ორგანოს ნიშან-თვისებათა რიცხვითი გამოსახულება, მაგ., ფარფლებში სხივების რაოდენობა, ქერცლის რაოდენობა გვერდით ხაზზე, მალების რაოდენობა და სხვა), განსაკუთრებით ტანის ფორმას, კუნთებს, თავის ზომას, სხეულის შეფერილობას და ფარფლების განვითარებას. მეორე შემთხვევაში – ზრდის სიჩქარეს, ბუნებრივი და ხელოვნური საკვებისადმი დამოკიდებულებას, დაავადების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, სასქესო პროდუქტების ხარისხს.

სწორედ ზრდის სწაფი ტემპი, მაღალი ნაყოფიერება, სქესობრივი სიმწიფის ნაადრევი დადგომა, განვითარების სითანაბრე, დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, მცირე ნარჩენები არის ის ძირითადი ნიშან-თვისებები, რომლის გათვალისწინებითაც უნდა ჩატარდეს სელექცია. ამასთან ერთად,  გასათვალისწინებელია აგრეთვე, სიმწიფის ასაკი, ქვირითობის დრო, ქვირითის რაოდენობა, ზომები და შეფერილობა.

ბუნებრივი სელექციის დროს სარგებლობენ  მასიური შერჩევის უარყოფითი, დადებითი და აგრეთვე, ინდივიდუალური  მეთოდებით. აღსანიშნავია, რომ შერჩევის ინდივიდუალური  მეთოდი,  რომელიც ითვალისწინებს შთამომავლობითი ნიშან-თვისებების შემოწმებასაც, ყველაზე რთული მეთოდია.

მასიურ შერჩევასთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ დახვეწასა და სრულყოფას მოითხოვს, გამოყოფენ შთამომავლობით შეჩევის მეთოდს, რომლის დროსაც ხდება მოწიფული ასაკის შერჩეული ინდივიდების შეფასება.

დღეისათვის სელექციის ძირითად მეთოდად  ითვლება მასიური შერჩევა, ხოლო შერჩევის მთავარ კრიტერიუმად – სასელექციო თევზის მასა. ამ სამუშაოს საწყის ეტაპზე საჭიროა რამდენიმე ჯგუფიდან გამოვავლინოთ ყველაზე უფრო პროდუქტიული, სწრაფად მზარდი და დაავადებების მიმართ ნაკლები მიდრეკილების მქონე კალმახის პოპულაცია.

ამისათვის, მეურნეობაში სხვადასხვა ადგილებიდან შემოაქვთ განსხვავებული ხაზის  ამწლიანების ან ერთწლიანების ქვირითი ან ლიფსიტა. უმჯობესია ერთი ასაკის  მწარმოებლებიდან მიღებული ქვირითის შემოტანა. უფრო მცირე ზომის ქვირითს წუნს სდებენ და აცილებენ დანარჩენ მასას. ქვირითის ინკუბაციას ახდენენ სპეციალურ აპარატებში.   ყველა პარტიის ინკუბაცია მიმდინარეობს ერთნაირ პირობებში. ქვირითის შემოტანისას ითვალისწინებენ საერთო ნარჩენს (უვარგის ქვირითს), გამოჩეკვის საწყისსა და საბოლოო დროს,  მახინჯი ლიფსიტების რაოდენობას.

მოზარდების, ამწლიანების, ერთწლიანებისა და ორწლიანების ცალ-ცალკე გამოზრდის მიზნით ლიფსიტებს განაცალკევებენ  და ჩასხამენ შესაბამის  მოცულობებში. განცალკევებულად გამოზრდასთან ერთად საჭიროა ჩატარდეს სხვადასხვა შესადარებელი ჯგუფის ერთობლივი გამოზრდა.

ერთობლივი გამოზრდისას აუცილებელია თევზების ნიშანდება. ნიშანდების ამა თუ იმ  ხერხის გამოყენება დამოკიდებულია კონკრეტულ  ამოცანაზე. ყველა შემთხვევაში დადებული ნიშანი კარგად უნდა აჩნდეს სხეულს, არ უნდა უშლიდეს მოძრაობაში, უნდა იყოს ხანგამძლე, ადვილად მოსანიშნი და დასამაგრებელი. ამ მიზნით ხშირად იყენებენ ცხიმოვანი, მკერდის ან მუცლის ფარფლების შეჭრის მეთოდს.

აქ გასათვალისწინებელია, რომ ფარფლები შეიძლება კვლავ წამოიზარდოს და მოხდეს მათი რეგენერირება. ნიშანდებისათვის გამოიყენება აგრეთვე, დიქლორტრიაზინული  (M – პროციონული) საღებავებით კანქვეშა შეფერვის ხერხი, რომელიც გულისხმობს მკერდისა და მუცლის ფარფლებს შორის საღებავი ხსნარის  შპრიცით  შეყვანას.

სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად იღებენ 200მლგ საღებავსა და ხსნიან 10-15 სმ3 დისტირილებურ წყალში. მსხვილ თევზებზე მოიხმარენ 0,5 სმ3-მდე საღებავის ხსნარს. ასეთი ნიშანდების ხანგამძლეობა 7 წლამდეა. საღებავით ნიშანდება კეთდება იმ თევზებზე, რომელთა მასამ მიაღწია  15 გ-ს.

ინდივიდუალური და მასიური ნიშანდებისათვის იყენებენ  საკიდ სანიშნეებსაც,  რომლებიც მაგრდება ზურგის ან მუცლის ფარფლებზე. ნიშანდება უნდა იყოს ნეიტრალური ფერის.  ამ სანიშნეებით მოინიშნებიან არანაკლებ 15 გრამიანი მასის თევზები.

პერსპექტიულია კალმახის თხევადი აზოტით დადაღვის მეთოდიც. თევზი ადვილად იტანს ასეთ დადაღვას, ხოლო თვით დაღი კარგად ინახება თევზის სხეულზე.

სანეშენე თევზის მოვლითი სამუშაოების მეთოდიკა  ისეთივეა, რაც ჩვეულებრივ მიღებულია მეურნეობაში.

სწრაფად მზარდ და კარგად ნასუქ უდეფექტო ერთწლიანებს გამოყოფენ სანაშენე ფონდისათვის, საიდანაც შემდგომ უნდა ჩამოყალიბდეს სანაშენო ჯოგი (გუნდი).

გამოზრდის პირველი წლის შემდეგ ატარებენ მსუბუქ წუნდებას და სამომავლოდ იტოვებენ 20-50% გამოსაზრდელ თევზს, ანუ ერთწლიანების რაოდენობის ნახევარს წუნს სდებენ და ინახავენ  ჩვეულებრივი სასაქონლო გამოზრდისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ წელს მამრები იზრდებიან უფრო სწრაფად და ამიტომ, გადარჩეულ, სწრაფმზარდ  ჯგუფში მამრები შეიძლება მეტნი აღმოჩნდნენ მდედრებზე. ეს რომ არ მოხდეს ტოვებენ იმ ინდივიდებსაც, რომლებიც ჩამორჩებიან ლიდერებს.

მასიური შეჩევა ითვალისწინებს სანაშენო გასამრავლებელი იმ ინდივიდების შენარჩუნებას, რომლებიც თანატოლთაგან გამოირჩევიან სხეულის დიდი ზომით, უკეთესი ექსტერიერით, სიცოცხლისუნარიანობით და ა.შ. ფერმერი ახორციელებს გულმოდგინე შერჩევას და იტოვებს საუკეთესო ინდივიდებს. შერჩევის სიმკაცრის ხარისხი ხასიათდება შერჩევის დაძაბულობის კოეფიციენტით (v), ანუ შერჩეული თევზის რაოდენობის (n) შეფარდებით გამოზრდილთა საერთო რაოდენობასთან (N) პროცენტებში.Kalmax_formula_111მკაცრი შერჩევის  მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს სასელექციო დიფერენციალი (s), რომელიც გვიჩვენებს გადარჩეული და გადაურჩეველი ინდივიდების ნიშან-თვისების სიდიდეში სხვაობას. მაგ., კალმახის ამწლიანების მასა 10გ-ია, ხოლო შემდგომი გამოზრდისათვის კი შეარჩიეს 30გ მასის მქონე ამწლიანები, შესაბამისად სასელექციო დიფერენციალი შეადგენს 20გ-ს. სასელექციო დიფერენციალის საშუალო კვადრატულ გადახრას (  σ ) ახასიათებს შერჩევის ინტენსიურობა ( i ), რომელიც ტოლია:Kalmax_formula_112ინდივიდუალური შერჩევა ითვალისწინებს მწარმოებელთა შეფასებას შთამომავლობის ან რამდენიმე ოჯახის შედარების მიხედვით. ინდივიდუალური შერჩევის ჩასატარებლად აუცილებელია ერთდროულად, თანაბარ პირობებში და შერევის გარეშე მრავალი ოჯახის გამოზრდა. ტექნიკურად ეს რთულად შესასრულებელი ამოცანაა. ამიტომ,  მეთევზეობაში უფრო ხშირად იყენებენ მასიური შერჩევის მეთოდს.

შერჩევის მეთოდი უფრო გულმოდგინედ ტარდება მაშინ, როცა კალმახი აღწევს სასაქონლო მასას. ერთწლიანების საერთო რაოდენობიდან შემოდგომაზე იტოვებენ გამოსაზრდელი ორწლიანების მხოლოდ  5-10%-ს. სამწლიანი და ოთხწლიანი თევზების შერჩევის სიმკაცრე მკვეთრად ეცემა. მათ შორის ხდება მხოლოდ შერჩევის კორექტირება, რომელიც თევზების საერთო რაოდენობის 5%-ს შეადგენს. წუნს სდებენ ტანის, ყბებისა და ფარფლების დეფექტების მქონე, აგრეთვე ტრავმირებულ და ზრდაში ჩამორჩენილ თევზებს. შესაბამისად, სანაშენოდ მეურნეობაში ტოვებენ 0,02კგ მასის მქონე ერთწლიანებს, 0,2-0,4კგ-იან ორწლიანებს, 0,7-1,0 კგ-იან სამწლიანებს და 1,2-1,6 კგ-იან ოთხწლიანებს.

გამოსაზრდელი კალმახის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ გზას წაარმოადგენს შეჯვარება. მიუხედავად იმისა, რომ მეკალმახეობაში ჰიბრიდიზაცია, სელექციასთან შედარებით ნაკლებ პერსპექტიულად მოიაზრება, საწარმოო შეჯვარება საშუალებას იძლევა მივიღოთ და გამოვზარდოთ პირველი თაობის ჰეტეროზისული ჰიბრიდები. ცდების შედეგად მიღებულ იქნა ცისარტყელა კალმახისა და ფოლადისთავა ორაგულის ჰიბრიდი.

ჰიბრიდის სიცოცხცლიუნარიანობა აღმოჩნდა უფრო მაღალი ვიდრე საწყისი ფორმებისა. ჰიბრიდიზაცია საშუალება იძლევა გავაფართოვოთ გამოსაზრდელი კალმახის ასორტიმენტი და ჰიბრიდების ჰეტეროზისის ეფექტის გამოყენებით ავამაღლოთ წყალსატევების ფართობის ერთეულიდან  თევზპროდუქციის საერთო გამოსავალი.

სასელექციო-სანაშენო სამუშაოების ჩატარების შედეგად მეცნიერებმა შეძლეს  ჩამოეყალიბებინათ ცისარტყელა კალმახის მაღალპროდუქტიული სადედე ჯოგი (გუნდი), რომელიც საწყისი ფორმებისაგან განსხვავდება ზრდის სწრაფი ტემპით, მაღალი ნაყოფიერებით და ნაადრევი მომწიფებით. ამ გზით მიღებული მწარმოებლების დახასიათება მოგვყავს ქვემოთ (ცხრილი 1, 2.).

Kalmax_formula_114

შედარებისათვისმოვიყვანთსადედეჯოგის (გუნდის) დახასიათებას, რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა სასელექციო სამუშაოების გარეშე. (ცხრ.3,4)

Kalmax_formula_115

Kalmax_formula_116

ცხრილების მონაცამების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ სელექციის გარეშე მიღებული მწარმოებლები, რომლებსაც გააჩნიათ საკმაოდ კარგი მორფოლოგიური და ბიოქიმიური ნიშან-თვისებები (ცხრ.5), მაინც მნიშვნელოვნად  ჩამორჩებიან სელექციით მიღებულ მწარმოებელ ინდივიდებს.

Kalmax_formula_117 მასალა მოგვაწოდა პორტალმა kalmaxi.ge
გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა