შუალედური კულტურების თესვა-მოყვანის რეკომენდირებული ჯგუფები

სნაწვერალო, შუალედური, თესვა, მოყვანის, სქემა

შუალედური კულტურების თესვა-მოყვანის რეკომენდირებული ჯგუფები ზონებისა და თესვის ვადების გათვალისწინებით.

მეცხოველეობის მტკიცე საკვები ბაზის შექმნისა და განმტკიცების ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა შუალედური კულტურები თესვა-გამოყვანის გაფართოება, რაც მიწის ინტენსიურად გამოყენების გზით, ერთი და იგივე ფართობზე, ძირითადი კულტურებისაგან თავისუფალ პერიოდში მეცხოველეობისათვის დამატებით მწვანე და წვნიანი საკვების, აგრეთვე სასიდერაციო მასის მიღების საშუალებას იძლევა.

შუალედური კულტურების წარმოების გაფართოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს დაბლობ ზონაში (ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლემდე), რადგან აქ არსებული კლიმატური პირობები: ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი, მაღალაქტიურ ტემპერატურათა ჯამი, სარწყავი წყალი, ხოლო ზოგიერთ რაიონში ბუნებრივი ტენი, მისი თესვა-მოყვანის საუკეთესო საშუალებას იძლევა.

მიწათმოქმედების ინტენსივობას განსაზღვრავს მისი რენტაბელობის დონე, რომელიც დამოკიდებულია ფართობის ერთეულზე შრომით და მატერიალური დანახარჯების სიდიდესა და მიღებული პროდუქციით მის ანაზღაურებაზე. მაგრამ თანამედროვე ინტენსიურ მიწათმოქმედებაში წარმოების ინტენსივობის საზომად უნდა გამოვიყენოთ აგრეთვე დროის ერთეულის მაჩვენებელიც, ე.ი. რა პროდუქცია იქმნება დროის ერთეულში.

ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო ინტენსიურად უნდა მივიჩნიოთ კულტურა, რომელიც შედარებით მოკლე ვეგეტაციის პერიოდში მეტ ბიომასას ქმნის და არ ახასიათებს ფოტოსინთეზის შენელება ან დროებითი შეჩერება სავეგეტაციო პერიოდის ამ თუ იმ მონაკვეთზე. ე.ი მნიშვნელოვანია აქტიური ფოტოსინთეზისათვის გამოსაყენებელი პერიოდის ხანგრძლივობის გადიდება, რისი მიღების საუკეთესო საშუალებაა შუალედური კულტურების გამოყენება, ე.ი. მიწის დატვირთვის ზრდა. ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობა ამ მიმართულებით ფართოდ არის შესწავლილი და გაანალიზებული.

საქართველოს სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ მიწებზე ჩატარებული ცდები მოწმობს, რომ შუალედური კულტურების გამოყენებით ერთი ჰექტარი მიწის საშუალო წლიური ბიოლოგიური პროდუქტიულობა შეიძლება გაიზარდოს 7-8 ათას საკვებ ერთეულამდე, მაქსიმალური ბიოლოგიური პროდუქტიულობა კი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ სავეგეტაციო პერიოდის მთლიანად გამოყენების საშუალებით. ე.ი. იმ დროის ჩათვლით, რომელიც ძირითადი კულტურებით არ არის დაკავებული.

ამრიგად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სეზონური მორიგეობა ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის ტენით უზრუნველყოფილ პირობებში შეიძლება მოიცავდეს სამ ციკლს: საშემოდგომოს, საგაზაფხულოს და შუალედურს —ზაფხულის მეორე ნახევრიდან შემოდგომის დამლევამდე, ან შემოდგომიდან მომდევნო გაზაფხულამდე.

შუალედური კულტურების გამოყენება გამართლებულია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მათი თესვა-მოყვანა საშუალებას იძლევა რაციონალურად გამოვიყენოთ სახნავი მიწა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მუშახელი, სარწყავი წყალი და სხვა საშუალებები, რაც განაპირობებს შრომის მწარმოებლობის მაღალ დონეს. ამ კულტურების თესვა-მოყვანა შეიძლება მცირე დანახარჯებით, მექანიზაციის მაქსიმალური გამოყენებით. დადასტურებულია, რომ შუალედური წესით მოყვანის შემთხვევაში საკვების თვითღირებულება 15-20%-ით მცირდება.

გარდა ამისა შუალედური კულტურები ზრდიან საკვების წარმოებას და აუმჯობესებენ მის ხარისხს, ასრულებენ სანიტარის როლს სარეველებთან, დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის საქმეში, იცავენ ნიადაგს წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისგან. ამასთან ერთად შუალედური წესით ნათესი ერთწლიანი პარკოსნები: ბარდა, ცერცველა და ცულისპირა ზრდიან ნიადაგის ნაყოფიერებას და დადებითად მოქმედებენ მის მიკროსფეროზე.

წარმოებაში ამჟამად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები რაციონალურად იყენებენ სითბოთი უზრუნველყოფილი პერიოდის 50-60%-ს ადრე გაზაფხულზე და ზაფხულში, ხოლო შემოდგომაზე და შემოდგომა-ზამთარში ძირითადი კულტურებისგან თავისუფალი პერიოდი შუალედური მოსავლისათვის უმეტესად გამოუყენებელი რჩება მაშინ, როცა საქართველოს კლიმატური პირობები იძლევა იმის გარანტიას, რომ გამოვიყვანოთ ყველა ტიპის შუალედური კულტურა გაზაფხულზე, თავთავიანი კულტურები ნაწვერალზე, შემოდგომაზე და შემოდგომა-ზამთარში.

ქვეყნის ზონების და თესვის ვადების მიხედვით შემუშავებულია შუალედური კულტურების ოთხი ჯგუფი: საგაზაფხულო, საზაფხულო, საშემოდგომო და საშემოდგომო-მოზამთრე.

საგაზაფხულო შუალედური  კულტურები

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ პირობებში, ადრე გაზაფხულზე (თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი) ძირითადი კულტურების: სიმინდის, ლობიოს, სორგოს, სუდანურას ან რომელიმე საგვიანო ბოსტნეულის თესვამდე ან დარგვამდე მზრალზე უნდა დაითესოს შვრიასთან ან საგაზაფხულო ქერთან შერეული ერთწლიანი პარკოსნების (ბარდა, ცერცველა, ცულისპირა) ორკომპონენტიანი ნარევი.

სამარცვლე პარკოსნების თესლის უქონლობის შემთხვევაში შეიძლება წმინდა შვრიის თესვაც, მაგრამ ცილებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული საკვების მიღების მიზნით უმჯობესია მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ნარევების თესვა.

თესვა ტარდება ხორბლის სათესი მანქანით 7,5-15სმ. მწკრივთაშორისებით. ერთ ჰექტარზე უნდა დაითესოს წმინდა სახით შვრია 200-220კგ. საგაზაფხულო ქერი 180-200კგ, ხოლო ნარევში შვრია და საგაზაფხულო ქერი 60-80კგ. ბარდა 140-160კგ. ცულისპირა 100-120კგ. საგაზაფხულო ცერცველა 100-120კგ.

ნათესის ყოველი ჰექტრიდან შეიძლება მიღებული იქნას 200-250 ცენტნერი მწვანე მასა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საჭიროების მიხედვით მწვანე საკვებად, თივად, სილოსად, სენაჟისა და ბალახის ფქვილის დასამზადებლად.

მწვანე მასის აღების შემდეგ ნიადაგი დაუყოვნებლივ უნდა მოიხნას ზერელედ, 15-20 სმ. სიღრმეზე და მაისში დაითესოს ან დაირგოს რომელიმე ძირითადი საგაზაფხულო კულტურა (სიმინდი, ლობიო, სორგო, სუდანურა, ბოსტნეული და სხვ.). მაისის მეორე ნახევარში დათესილი ყველა ძირითადი საგაზაფხულო კულტურა სამარცვლე სიმინდის ჩათვლით მაღალ აგროფონზე სრულ მოსავალს გვაძლევს.

საზაფხულო შუალედური  კულტურები

საზაფხულო (სანაწვერალო) შუალედურ კულტურებს მიეკუთვნება სიმინდი, სორგო, სუდანურა, მზესუმზირა, შვრია, ერთწლიანი პარკოსანი კულტურები (ბარდა, ცერცველა, ცულისპირა), რომლებიც ითესება თავთავიანი კულტურების, საადრეო ბოსტნეულის და სხა კულტურების მოსავლის აღების შემდეგ და შემოდგომაზე იძლევა მწვანე მასის, ზოგ შემთხვევაში მარცვლის დამატებით მოსავალს.

სანაწვერლო შუალედური კულტურების მოყვანა შეიძლება ჩვენი ქვეყნის დაბლობი ზონის სარწყავ და ბუნებრივი ტენით უზრუნველყოფილ პირობებში. ცდებით და საწარმოო გამოცდილების საფუძველზე დადგენილია, რომ სანაწვერლო შუალედური კულტურები სწრაფად ვითარდება და მნიშვნელოვნად ამცირებს სავეგეტაციო პერიოდს გაზაფხულზე ნათესთან შედარებით და ჰექტარზე საშუალოდ 150-200 ცენტნერ მწვანე მასის დამატებით მოსავალს იძლევა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სილოსის დასამზადებლად ან მწვანე საკვებად.

სანაწვერლო სიმინდის შემჭიდროებულ ვადაში თესვა და ნათესის თესვისთანავე მორწყვის შემთხვევაში ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, მარნეულის და გარდაბნის რაიონებში დაბლობ, სარწყავ პირობებში ქერის ნაწვერალზე და ხორბლისგან განთავისუფლებულ მინდორზე შესაძლებელია 30-35 ცენტნერი სიმინდის მოსავლის მიღებაც. ამ შემთხვევაში უნდა დაითესოს შედარებით საადრეო ჯიშები და ჰიბრიდები, ხოლო სასილოსედ და მწვანე საკვებად მაღალმოზარდი ჯიშები: აჯამეთის თეთრი, აბაშის ყვითელი, ქართული კრუგი და სასილოსე მიმართულების ჰიბრიდები.

შუა და ზემო ქართლის პირობებში (მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური) სანაწვერლო ნათესებიდან გარანტირებულ მოსავალს იძლევა შვრია. იგი შედარებით ადვილად იტანს შემოდგომის ადრეულ წაყინვებს და მწვანე მასის მაღალ მოსავალს იძლევა.

სანაწვერლო შუალედური კულტურების თესვის დროს აუცილებელია კლიმატური პირობებისა და მცენარის ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება. სახელდობრ, სიმინდი, სორგო და სუდანურა შემოდგომის ადრეული წაყინვებისგან დაცვის მიზნით უნდა დაითესოს ადრე, თავთავიანებისგან ნაკვეთის განთავისუფლებისთანავე, ხოლო მზესუმზირა და შვრია, როგორც სუფთა სახით, ისე ერთწლიან პარკოსნებთან (ბარდა, ცერცველა, ცულისპირა) ნარევში მოგვიანებით, რადგან ეს კულტურები შედარებით უკეთ იტანენ შემოდგომის წაყინვებს და ვეგეტაციას აგრძელებენ დაზამთრებამდე.

სანაწვერლო შუალედური კულტურებისათვის ნიადაგში უნდა შევიტანოთ მოქმედი ნივთიერების სახით A60-70; P 40-50 K 30 კგ. ჰა-ზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სიმინდის 3-5 ფოთლის ფაზაში რომელიმე რეკომენდებული ჰერბიციდის გამოყენებას.

აუცილებელია ნათესის თესვისთანავე ორი სავეგეტაციო მორწყვის ჩატარება. სიმინდის მწვანე მასის მოსავალი უნდა ავიღოთ მარცვლის რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფის ფაზაში. სანაწვერლო კულტურების სავეგეტაციო პერიოდის უკეთ გამოყენების მიზნით მაქსიმალურად უნდა შევამციროთ წინამორბედი კულტურის აღებასა და სანაწვერლო კულტურის თესვას შორის პერიოდი.

საშემოდგომო შუალედური კულტურები

დასავლეთ საქართველოს დაბლობ ნაწილში შუალედური კულტურების მთავარი ფორმაა საშემოდგომო ნათესები. სიმინდის ან სხვა კულტურების აღების შემდეგ (ოქტომბერი) ითესება წმინდა შვრია, ჭვავი, ქერი ან მათთან შერეული ერთწლიანი პარკოსანი კულტურები; ცერცველა, ბარდა ან ცულისპირა მწვანე მასის მისაღებად.

მწვანე მასის მოსავლის აღების შემდეგ გაზაფხულზე (მაისი) დაითესება რომელიმე ძირითადი კულტურა (სიმინდი, სოია, ლობიო, ბოსტნეული და სხვა.) მარცვლის მწვანე მასის მისაღებად. ამ შემთხვევაში შუალედური კულტურების თესვის წესი, თესვის ნორმა და ნარევში თესლის შეფარდება იგივეა, როგორც საგაზაფხულო შუალედური კულტურების შემთხვევაში არის წარმოდგენილი.

საშემოდგომო-მოზამთრე  შუალედური კულტურები

საშემოდგომო-მოზამთრე შუალედური კულტურებია ტურნეფსი და რაფსი, რომლებიც ითესება ზაფხულის ბოლოს და რომელიმე საშემოდგომო ან საგაზაფხულო კულტურის შემდეგ და წვნიან და მწვანე მასის მოსავალს იძლევა შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ამ კულტურების თესვა-მოყვანა შეიძლება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის სარწყავ და ბუნებრივი ტენით უზრუნველყოფილ პირობებში.

რაფსი და ტურნეფსი, როგორც წვრილთესლიანი კულტურები უნდა დაითესოს თესვამდე 15-20 დღით ადრე მაღალხარისხოვნად დამუშავებულ ნიადაგში. ორივე კულტურისათვის თესვის ოპტიმალური ვადაა აგვისტოს მეორე ნახევარი. ტურნეფსი, როგორც სათოხნი კულტურა ითესება 60-70სმ მწკრივთაშორისებით, ხოლო რაფსი მთლიანმოთესვის წესით (7,5-15სმ). ერთ ჰექტარზე უნდა დაითესოს ტურნეფსი 1.2-2კგ., რაფსი — 7-8კგ.

თესვის დროს ფართობზე თესლის თანაბრად განაწილების მიზნით სათესლე მასალას უნდა შეერიოს ქვიშა ან ფხვიერი მიწა. თესვის წინ და თესვის შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს და საჭიროების შემთხვევაში მოირწყას. ტურნეფსის ნათესში უნდა ჩატარდეს მწკრივთაშორისების კულტივაცია ან გაითოხნოს და გამეჩხერდეს.

ოპტიმალურ ვადაში ნათესი რაფსი იმავე წლის შემოდგომაზე (ნოემბერი) იძლევა პირველ, ხოლო გაზაფხულზე (აპრილი) მეორე განათიბს. ორივე მოსავლის ჯამი საშუალოდ 250-300 ცენტნერს აღწევს. ტურნეფსი სწრაფად იზრდება და გვიან შემოდგომაზე და ზამთარში შეიძლება მისი ძირის და ფოთლის ცხოველის საკვებად გამოყენება, ძირითად მოსავალს კი აპრილში გვაძლევს. ტურნეფსის ძირისა და ფთთლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 300-350 ცენტნერს აღწევს.

ციტრუსები და რაფსი აპრილის ბოლომდე ათავისუფლებენ ნაკვეთს, რაც საგაზაფხულო კულტურების ოპტიმალურ ვადაში თესვის საშუალებას იძლევა.

სახნავი მიწების ინტენსიურად გამოყენების მიზნით ასევე გამართლებულია ადრე გაზაფხულზე სასილოსედ ან მწვანე საკვებად ნათესი კულტურების; ბარდის, ცერცველას, ცულისპირას ან მათი შვრიასთან ნარევის გათიბვის შემდეგ სანათიბო შუალედური კულტურების: სიმინდის ან სუდანურას თესვა-მოყვანა მწვანე საკვებად ან სასილოსედ.

სანათიბო სიმინდის და სუდანურას გაზაფხულზე ნათესს სასილოსე სიმინდთან შედარებით, აქვთ შემდეგი უპირატესობები: სანათიბო სიმინდის ნათესში დგომის სიხშირის გადიდების პარალელურად იზრდება ტაროთა რაოდენობა, ღერო უფრო ნაზი გამოდის, რის შედეგად უმჯობესდება სასილოსე მასის ხარისხი.

შვრიანარევი ბარდის შემდეგ ნათესი სანათიბო სუდანურა სწრაფად ვითარდება და ზამთრის დადგომამდე ორ განათიბს იძლევა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მწვანე საკვებად, სასილოსედ, თივად და საძოვრად.

სანათიბო ნათესების უპირატესობა გაზაფხულზე ნათეს სასილოსე სიმინდთან შედარებით თვალსაჩინოა მოსავლიანობის თვალსაზრისითაც, რასაც ადასტურებს საქართველოს ი.ნ. ლომოურის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წილკნის ექსპერიმენტულ მეურნეობაში ჩატარებული საწარმოო გამოცდის შედეგები, სადაც შვრიანარევი ბარდის შემდეგ ნათესი სანათიბო სიმინდი და სუდანურა შედარდა გაზაფხულზე აგროწესებით ნათეს (70X30სმ.) სასილოსე სიმინდთან.

ამ მონაცემების მიხედვით გაზაფხულზე ნათესი სიმინდის (საკონტროლო) მწვანე მასის მოსავლიანობამ 412,2 ცენტნერი შეადგინა, ადრე გაზაფხულზე (5 მარტი) ნათესი შვრიანარევი ბარდის შემდეგ დათესილი სანათიბო სიმინდის და სუდანურას მოსავალმა კი შესაბამისად 525,3 და 577,6 ცენტნერი, რაც შესაბამისად 113,1 და 165,5 ცენტნერით მეტია საკონტროლო ვარიანტის მოსავალზე.

სანათიბო შუალედური კულტურების თესვა-მოყვანა შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის სარწყავ მიწებზე. მზრალად მოხვნის წინ, ნიადაგში უნდა შევიტანოთ მოქმედი ნივთიერების სახით P90, K30, ხოლო ადრე გაზაფხულზე შვრიანარევი ბარდის თესვის წინ N35კგ. ჰა-ზე. მინერალური სასუქების აღნიშნული დოზით შეტანის შემთხვევაში სანათიბო კულტურების განოყიერება საჭირო არ არის.

შვრიანარევი ბარდა უნდა დაითესოს თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, ერთ ჰექტარზე ითესება ბარდა 150კგ., შვრია 60კგ. მწვანე მასის მოსავლის აღება ტარდება ბარდის დაპარკების დაწყების ფაზაში. მოსავლის აღებისთანავე ნიადაგი იხვნება ზერელედ (18-20სმ.) და ითესება სათანადო სანათიბო სიმინდი 60 სმ. კვების არით, ხოლო სანათიბო სუდანურა მთლიანმოთესვის წესით 140კგ. ჰა-ზე.

თესვისთანავე ორი სავეგეტაციო მორწყვა უნდა ჩატარდეს, აღმოცენებამდე ნიადაგის ქერქის გაჩენის შემთხვევაში ნათესი უნდა დაიფარცხოს ზიგზაგით, თესვის გარდიგარდმო. სიმინდის მწვანე მასის მოსავალი უნდა ავიღოთ მარცვლის რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფის ფაზაში. სუდანურას მწვანე მასის პირველი გათიბვა ტარდება საგველიას ამოტანის დროს. გათიბვის დაგვიანების შემთხვევაში ღერო უხეშდება, უარესდება საკვების ხარისხი და, რაც მთავარია, მცირდება მეორე განათიბის მოსავალი. მეორე, ნორმალური განათიბის მიღების მიზნით, საჭიროა გათიბვის შემდეგ ნათესის მორწყვა.

ავტორები:

ზაურ ჯულუხიძე, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, აგროტექნიკოსი;
კახა ლაშხი, შპს. „ლომთაგორას“ დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ზურაბ ჯინჯიხაძე, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, სიმინდის სელექციონერი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შ. ჭანიშვილი, შ. დევდარიანი. ზ. ჯულუხიძე, რ. მირიანაშვილი. თესლბრუნვა საქართველოში, „შუალედური კულტურები ინტენსიურ მიწათმოქმედებაში“. თბილისი, 1985წ.
  2. გ. ცაგურიშვილი. შუალედური კულტურების თესვა-მოყვანა, „რეკომენდაცია“ 1982წ.
  3. გ. ცაგურიშივილი, რ. გელაძე, ინტენსიურად გამოვიყენოთ მიწა „საქართველოს სოფლის მეურნეობა“, 4, 1982წ.

სტატია მოგვაწოდა ჟურნალმა „ახალი აგრარული საქართველო“

თქვენი რეკლამა