საკვებ ჭარხალს მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლებაში. მათი კვების რაციონში ჩართვა აუმჯობესებს უხეშ და კონცენტრირებული საკვების მონელებას, ზრდის წველადობას, აჩქარებს პირუტყვის სუქებას და ამცირებს პირუტყვთა ავადმყოფობებს.
მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებანი
100 კგ საკვები ჭარხლის ძირხვენები შეიცავს 12 საკვებ ერთეულს. იგივე რაოდენობის ღერო კი 10 საკვებ ერთეულს. საკვები ჭარხალი შეიცავს ადვილად შესათვისებელ ნახშირწყლებს, მდიდარს მინერალური მარილებითა და ვიტამინებით.
საკვები ჭარხალი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით. მაღალი აგროტექნიკის და კარგი აგროსაწარმოო მაჩვენებლების მქონე ნიადაგებზე მიიღება 80-100 ტ/ჰა-მდე ძირხვენები (ეს არ ნიშნავს, რომ ყველა და ყველგან ამდენ მოსავალს აიღებს).
საკვები ჭარხალი შეფერილობით შეიძლება იყოს: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი, ხოლო ფორმით: ცილინდრული ან ტომრისებრი, წაგრძელებულ-ოვალური, კონუსისებური და სხვა. ჯიშები შაქრის შემცველობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
მშრალი ნივთიერება საკვებ ჭარხალში მერყეობს 12-17 %-ის ფარგლებში.
დამოკიდებულება ნიადაგისა და ნიადაგის ტენისადმი
ტენისადმი საკვები ჭარხალი საკმაო მომთხოვნია, განსაკუთრებით ძირხვენების ინტენსიური ზრდის პერიოდში – ივლისი-აგვისტო.
საკვები ჭარხალი გარემო პირობებისადმი მეტად მომთხოვნი კულტურაა. მათი თესვა-მოყვანა შეიძლება საქართველოს თითქმის ყველა რაიონის კლიმატურ პირობებში, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 450 მმ-ზე დაბალი არ არის.
კარგად ხარობს შავმიწა, ტყის ყავისფერ, ალუვიურ, ტყის ყომრალ და სხვა ნიადაგებზე. სწორედ ასეთი ტიპის ტყის ყავისფერი, ყომრალი, ალუვიური, შავმიწისებრი ნიადაგებია პროექტის მოქმედების რაიონებში.
საკვები ჭარხლის განოყიერება
საკვები ჭარხალი მაღალ მოსავალს იძლევა მაღალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე. ერთი ტონა ძირხვენის და შესაბამისი რაოდენობის ფოთლების შესაქმნელად საკვებ ჭარხალს ნიადაგიდან გამოაქვს 2,5-3,0 კგ აზოტი, 0,9-1,0 კგ ფოსფორი და 4,5-5 კგ კალიუმი.
ამრიგად საკვებ ჭარხალს პირველ რიგში ესაჭიროება აზოტი და კალიუმი. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ გადაჭარბებულ აზოტოვან კვებას მივყავართ საკვებ ჭარხალში ნიტრატების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი რაოდენობის დაგროვებამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირუტყვის მოწამვლა.
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მონაცემებით საკვებ ჭარხალში ნაკელის შეტანა 20-40 ტ/ჰა ანგარიშით განსაკუთრებით აუცილებელია მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის (ძირითადად ალუვური) და სუსტად გაკულტურებულ ნიადაგებზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ სასუქების ეფექტიანობა უშუალოდაა დაკავშირებული მისი შეტანის წესებსა და ვადებზე. ნაკელი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ. აზოტიანი სასუქები შეიტანება უშუალოდ საკვები ჭარხლის თესვის წინ და გამოკვებაში.
მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის (ძირითადად ალუვური) და სუსტად გაკულტურებულ ნიადაგებზე რეკომენდირებულია, საკვები ჭარხლის გასანოყიერებლად გამოყენებულ იყოს N120P90K120 დოზა.
ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ შეიტანება ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების დოზის 70 %-ი, ხოლო დარჩენილი 30 %-ი კი დამატებითი კვებისას.
პირველი დამატებითი კვება ტარდება წუნწუხით 5-7 ტ/ჰა (განზავებული 10 წილ წყალში), რაც მაგალითად 1000 კვადრატული მეტრი ფართობისათვის შეადგენს 500-700 კგ წუნწუხს, განზავებულს 5000-7000 ლიტრ წყალში. აღნიშნული ღონისძიება ტარდება გამოხშირვის შემდეგ.
პირველი გამოკვებიდან 14 დღის შემდეგ ტარდება გამოკვება სრული (NPK) მინერალური სასუქებით, ამ დროს შეიტანება გამოკვებისთვის დარჩენილი ფოსფორიანი და კალიუმიანი
სასუქების 15-15 %-ი, მესამე დამატებითი კვება ტარდება მეორედან 12-15 დღის შემდეგ (მწკრივების შეერთებამდე) დოზის ისევ 15-15 % გამოყენებით.
ამრიგად, ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების დოზის 70% შეგვაქვს ძირითადი ხვნის წინ, ხოლო 30%-ი ორ გამოკვებაში.
ხოლო რაც შეეხება აზოტიან სასუქებს, იგი (ე.ი. დოზა) იყოფა 3 თანაბარ წილად და შეგვაქვს ერთი თესვისწინა კულტივაციის წინ, მეორე ნაწილი გამოკვებისას და მესამე დამატებითი გამოკვებისას.
მეტად ეფექტურია ორგანულ-მინერალური სასუქების ერთობრივი შეტანა, მაგ. ნაკელი 15 ტ/ჰა + N60P40K60.
საკვები ჭარხლის აგროტექნიკური თავისებურებანი
საკვები ჭარხალი ყველაზე კარგი წინამორბედია საგაზაფხულო მარცვლოვანთათვის, ერთწლიანი ბალახებისა და სასილოსე კულტურებისათვის.
ნიადაგის დამუშავება
ძირხვენებისათვის ნიადაგის დამუშავება წინამორბედი კულტურების მოსავლის აღებისთანავე იწყება. ნიადაგი უნდა მოიხნას მზრალად, 25-27 სმ-ის სიღრმეზე, ხოლო მცირე სახნავი ფენის ნიადაგებში 18-20 სმ-ის სიღრმეზე და თან მიყოლებით დაიფარცხოს.
ტენის შენარჩუნების მიზნით, ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ხნული შეშრება, მზრალი ორ კვალად უნდა დაიფარცხოს. თესვის წინ ტარდება ფარცხვა-კულტივაცია ერთდროულად. მშრალ პირობებში ნათესი უნდა მოიტკეპნოს.
თესვის ვადები
საკვები ჭარხლის თესლს ამუშავებენ თესლის შესაწამლი პრეპარატებით. ძირხვენები მუშავდება პერენოსპოროზის, ცერკოსპოროზის და ნიადაგში მობინადრე მავნებლების წინააღმდეგ.
ძირხვენების თესვის ვადა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. როგორც წესი ძირხვენები ითესება ადრე გაზაფხულზე.
ბარის რაიონებში საკვები ჭარხლის თესვა დაწყებული უნდა იყოს მარტის პირველ დეკადიდან და დამთავრდეს არა უგვიანეს მარტის მესამე დეკადაში, ხოლო მთის რაიონებში კი აპრილის მეორე დეკადიდან მაისის პირველ დეკადამდე.
ნათესის მოვლა
ნათესის მოვლა მწკრივთაშორის მსუბუქი გაფხვიერებით იწყება. მაშინვე როგორც გამოჩნდება აღმოცენებულ მცენარეთა მწკრივები, 7-8 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს მეორე გაფხვიერება- გამოხშირვით (ერთი წყვილი ნამდვილი ფოთლების განვითარების ფაზა).
მესამე გაფხვიერება ტარდება 15-18 დღის შემდეგ მწკრივების შემოწმებით და საბოლოო გამოხშირვით. მწკრივებში დაიტოვება ჭარხალი ერთიმეორისაგან 15-20 სმ-ის დაშორებით.
სარწყავ პირობებში ამინდის მიხედვით ტარდება 4-5 მორწყვა, ტარდება ასევე სასუქებით გამოკვებები, რაც ზემოთ დეტალურადაა განხილული. ვეგეტაციის მანძილზე ჭანგას წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ: ბაილეტონი 0,2 % კონცეტრატი, ხარჯვის ნორმა 2,5-3,0 კგ/ჰა.
საკვები ჭარხლის სავეგეტაციო პერიოდი 120-150 დღეა.
ქეა საერთაშორისო კავკასიაში