საგაზაფხულო ცერცველა (Vicia sativa L) – ერთწლოვან საკვებ კულტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.
მისი მშრალი მასა შეიცავს 19%-მდე პროტეინს, კალიუმს და მცირე რაოდენობით უჯრედანას. 1 კგ მწვანე მასაში 78,5 მგ კაროტინია, ხოლო 1კგ თივაში კი 37 მგ.
საგაზაფხულო ცერცველას ფართოდ იყენებენ როგორც მოთესილ ანეულზე, ისე სანაწვერალო კულტურის მარცვლის მისაღებადაც კი. მაღალი მოსავლიანობა, ეკოლოგიური პლასტიურობა და მაღალი კვებითი ღირებულება განაპირობებს მის ფართოდ გავრცელებას.
ცერცველას ფესვთა სისიტემა მთავარღერძაა, რომელიც უხვად არის განტოტვილი და კოჟრებით გაჯერებული. ღერო ნაზია, მწოლიარე, სიმაღლით 55-60 სმ. ფოთოლი რთული, წყვილფრთართული. ერთ ფოთოლში 4-8 წყვილი ფოთოლაკია.
ყვავილი პარკოსანი მცენარეების ტიპიურია. ყვავილობას იწყებს ქვედა ყვავილები.
ნაყოფი პარკია 6-7 თესლით. 1000 თესლის მასა 45-55 გ.
თესლი გაღივებას იწყებს 2-30C-ზე. აღმონაცენი უძლებს 6-70C ყინვას. სითბოს მოყვარულია. ოპტიმალურია 12-160C ტემპერატურა. ტენის მიმართ მომთხოვნია. ხელსაყრელ პირობებში 40-65ც/ჰა თივას იძლევა.
1 ტ თივის მოცემისას ნიადაგიდან ითვისებს 6 კგ ფოსფორს, 15-17 კგ კალიუმს და დიდი რაოდენობით კალციუმს, აგრეთვე მაგნიუმს და მოლიბდენს. კარგად ვითარდება როცა ნიადაგის ph 5-6,5-ია.
გრძელი დღის მცენარეა, თესლბრუნვაში იკავებს ანეულს, როგორც თივის ისე თესლის მიღებისას. შეიძლება დაიკავოს ცალკე მინდორიც სათესლე მასალის მისაღებად. თვითონ ყველა კულტურისათვის კარგი წინამორბედია.
ნიადაგის მომზადება ისეთივე წესით მიმდინარეობს, როგორც სხვა პარკოსანი კულტურებისათვის, თესვის წესიც იგივეა. სათესი ნორმაა 110-140 კგ/ჰა. ნარევად თესვისას შეიძლება შემცირდეს სათესი ნორმა.
ცერცველას როგორც სუფთად ისე ნარევად ნათესები განსაკუთრებულ მოვლა არ უნდა. ოღონდ საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს მცენარის მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვა.
თუ ნათესი განუვითარებელია და ნარევია შვრიასთან, თივად აღებული უნდა იქნეს, როცა შვრია საგველის ფაზაშია, ხოლო თუ ნათესი სათესლედაა განკუთვნილი, მაშინ აღება ხდება ორ ფაზად.
თ.დარსაველიძე; ს.მ მეცნიერებათა დოქტორი.
იხილეთ აგრეთვე: სუდანურა (სუდანის ბალახი), მისი სამეურნეო მნიშვნელობა და აგროტექნიკა