ესპარცეტი (Onobrychis) – ძვირფასი საკვები კულტურაა მესაქონლეობისთვის, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება და თაფლოვანი მცენარეა.
ესპარცეტი ამიერკავკასიაში უძველეს კულტურათა ჯგუფს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში 100-მდე სახეობაა ცნობილი, კულტურაში უმეტესად მხოლოდ სამია ცნობილი: ჩვეულებრივი ესპარცეტი; ამიერკავკასიის ესპარცეტი; ქვიშის ესპარცეტი.
ესპარცეტს თესავენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, ფართოდ იყენებენ ხელოვნური ბალახთესვისათვის როგორც წმინდა, ისევე სხვა მრავალწლოვან ბალახებიანი ნარევის სახით, განსაკუთრებით ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ ადგილებში.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ამიერკავკასიისა და ქართული ესპარცეტი.
ესპარცეტს იყენებენ თივად, მწვანე საკვებად, სიმინდსა და სხვა მარცვლოვნებთან შერეული უმაღლესი ხარისხის სილოსს იძლევა. ესპარცეტი მწვანე მასისა და თივის მოსავლიანობით შედარებით კარგად ეგუება მშრალი კლიმატის პირობებს და ამიტომ ესპარცეტი ხშირად სჯობნის ისეთ უხვმოსავლიან პარკოსან კულტურას, როგორიც იონჯაა.
კარგი მოვლის პირობებში კულტურულ ჯიშებს შეუძლიათ მოგვცენ 7-8 ტონა თივისა და 1,5-2 ტონა თესლის მოსავალი.
ის ბიოლოგიურად სწრაფმზარდი კულტურაა და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საძოვრადაც. მისი უპირატესობა იონჯასა და სამყურასთან შედარებით იმითაცაა განპირობებული, რომ ცხოველს არ ბერავს.
მცენარე დიდი რაოდენობით ითვისებს ნიადაგიდან კირს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, რის გამოც სასუქების მიმართ დიდ მოთხოვნილებას არ იჩენს. ეგუება თითქმის ყველანაირ ნიადაგს მ. შ. ქვიშიან და ქვიშნარ ნიადაგებს. ვერ ეგუება მჟავე ნიადაგებს, ისეთ ნიადაგებს, სადაც ახლოსაა გრუნტის წყლები, წყალგაუმტარ, ნაჭაობარ ნიადაგს.
მომთხოვნია კირისადმი, უხვი მოსავლის მისაღებად ნიადაგში კირის რაოდენობა 0,5 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ახასიათებს ძლიერი ბარტყობა და კარგი შეფოთვლის უნარი. ესპარცეტი მრავალწლიანი პარკოსანი ბალახია, იგი საუკეთესო საკვებია ყველა სახის პირუტყვისათვის.
იზრდება 60-100 სმ. სიმაღლის, ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ფესვი ძლიერ დატოტვილია, ნიადაგში ჩადის 3-6 მ სიღრმეზე და უნარი აქვს გვალვის პერიოდში ნიადაგის ღრმა ფენებიდან გამოიყენოს წყალი. ფესვზე ივითარებს კოჟრის ბაქტერიებს რომლებიც ინტენსიურად ახდენენ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის ფიქსაციას, რითიც მაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება.
სამწლიანი ნათესი 0-35 სმ. ნიადაგის ფენაში საშუალოდ 7-15 ტონა ფესვთა სისტემას და 140-200 კგ აზოტოვან შენაერთებს ტოვებს, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ამიტომ ესპარცეტი ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის საუკეთესო წინამორბედია.
ესპარცეტი კარგი თაფლოვანი მცენარეა. ერთი ჰა ნათესი საშუალოდ 150-200 კგ ნექტარს იძლევა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, შესაბამის პირობებში 400 კგ-მდეს ადის.
სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ესპარცეტის ყვავილი წვენს გამოყოფს მშრალი კლიმატის პირობებშიც და უმაღლესი ხარისხის თაფლს იძლევა.
ავტორი: სალომე ლომიძე