გეოგრაფიული აღნიშვნა: „დამბალხაჭო“
მზა პროდუქტისა და ნედლეულის დახასიათება
დამბალხაჭო მზადდება ძროხის რძის დოსგან.
ფორმა: დაბალი კონუსური ან ოვალური, თხელი კვერის ფორმა. მასა -150-250 გ.
ორგანოლეპტიკა: კონსისტენცია ოდნავ რბილი, ერთგვაროვანი, გლესვადი. სუნი და გემო – გამოხატულად სპეციფი- კური, პიკანტური, მოცხარო. ფერი – რუხი მოყავისფრო, ობის მოლურჯო კვალით. შიგნით ოდნავ მოყვითალო თეთრი.
შედგენილობა
ყველი „დამბალხაჭო“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ტენიანობა – არაუმეტეს 50%;
• ცხიმიანობა მშრალ ნივთიერებაში – არანაკლებ 10-15%;
• მარილის შემცველობა – 2-4%.
წარმოების გეოგრაფიული არეალი
„დამბალხაჭოსათვის“ საჭირო დოს მოგროვება და ყველის დამზადება ხდება მცხეთა–მთიანეთის რეგიონში მდებარე ფშავისა და თიანეთის მხარეებში.
პროდუქტის დამზადების მეთოდების აღწერა
დღვების დამთავრების შემდეგ, დოს აცხელებენ 50–60°C ტემპერატურამდე ცილების გამოყოფის მიზნით. გაცხელებული მასა მოიგდებს ხაჭოს, რომელსაც ასხამენ ქსოვილის პარკებში გასაწურად.
დოს გაწურვა გრძელდება 10-12 საათი. კარგად გაწურულს გადმოიღებენ პარკიდან, გემოვნების მიხედვით უმატებენ სუფრის მარილს და კარგად გადაზელავენ.
გადაზელვის დამთავრების შემდეგ აკეთებენ ხაჭოს მრგვალ გუნდებს (კვერებს) დაახლოებით 150-250 გრამის წონით, გუნდას აწყობენ გასაშრობად ცხაურზე მზის სხივებისაგან დაცულ თბილ ოთახში რამდენიმე დღის განმავლობაში. შრობა გრძელდება მანამ, სანამ დოს კვერები კარგად არ გაშრება (გამკვრივდება).
ამის შემდეგ გამშრალ კვერებს ათავსებენ თიხის ქოთანში, კარგად ახურავენ თავს და მოსამწიფებლად ინახავენ გრილ ადგილას. ყველის მომწიფება გრძელდება 1-2 თვე. ყველის მომწიფება წარმოებს რძემჟავა ბაქტერიებისა და პენიცილინის ობის მონაწილეობით.
ეტიკეტირების განსაკუთრებული მოთხოვნები
მზა პროდუქტის ეტიკეტირების განსაკუთრებული მოთხოვნები დასახელება „დამბალხაჭო“ ყველის შეფუთვაზე, ასევე მის თანმხლებ დოკუმენტებში და სარეკლამო მასალებში უცხო ენებზე დაიტანება შემდეგნაირად:
• ლათინური შრიფტით: DAMBALKHACHO
• რუსული შრიფტით: ДАМБАЛХАЧО
წარმოების მაკონტროლებელი ორგანო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
წყარო: საქპატენტი