გოჭის გამოზრდა

გოჭი, ღორი, მეღორეობა

ახალ მოგებულ გოჭებს, სიცოცხლის პირველ დღეებში სჭირდებათ სადღეღამისო ყურადღება და მოვლა. ხსენის ადრეული მიღება მნიშვნელოვნად ზრდის გოჭის გადარჩენის შანსს. გოჭისათვის აუცილებელია „კომფორტული“ მიკროკლიმატის შექმნა. გარდა ამისა გოჭებს ესაჭიროებათ დამატებითი რკინის პრეპარატის მიღება. ადრეულ ასაკში დასაშვბია კუდების კუპირება, ეშვების მოქლიბვა და კასტრაციის უპირატესობა.

გოჭის გამოზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროცესია ღორის ხორცის წარმოებაში. ძუძუთა გოჭის გამოზრდის მთავარი ამოცანაა მათი შენარჩუნება და ასხლეტის დროს მაღალი ცოცხალი წონის მიღწევა.

გოჭები სხვა ცხოველებისგან განსხვავებით იბადებიან ანატომიურად და ფიზიოლოგიურად განუვითარებელნი. მათი უმრავლესობა მოგებიდან 3-4 დღის განმავლობაში კარგავს თავის ცოცხალი წონის 5-6%-ს ორგანიზმის დეჰიდრაციის გამო. ეს პროცესი განსაკუთრებით შესამჩნევია იმ ბუდეებისათვის, სადაც ნეზვის მერძეულობა დაბალია.

ძუძუთა გოჭის გამოზრდა იყოფა 4 საპასუხისმგებლო პერიოდად:

პირველი პერიოდი– მოგებიდან 2-3 დღის განვალობაში, როდესაც გოჭები ეჩვევიან არსებობის ახალ პირობებს.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ გოჭებში დაცემის 90% მოდის მოგებიდან პირველი 3 დღეს. ამ დღეებში ახალმოგებულმა გოჭმა აუცილებლად უნდა მიიღოს ხსენი, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის პირველი 2-3 კვირის მანძილზე მის პასიურ იმუნიტეტს დაავადებებისადმი. გოჭის სწორად გამოზრდა სიცოცხლის პირველ დღეებში დიდ გავლენას ახდენს მის შემდგომ განვითარებაზე.

მეორე პერიოდი – შეინიშნება გოჭებში 12-13 დღის ასაკიდან. ნეზვის რძეში რკინის ნაკლებობის გამო განვითარებისას იწყება ანემია.

მესამე პერიოდი – განსაკუთრებით კრიტიკულია გოჭებში 2-3 კვირის ასაკი. ამ დროს ორგანიზმის პასიური იმუნიტეტი, რომელიც გოჭმა მიიღო ნეზვის ხსენიდან, სუსტდება. გარდა ამისა ამ ასაკში გოჭებს ამოსდით ძირითადი კბილები, რასაც თან ახლავს ღრძილების ძლიერი ქავილი.

გოჭები ხდებიან მოუსვენარნი და სპეციალური საკვების მიუცემლობის გამო ისინი ხშირად იწყებენ ქვესაფენის, ან ღოლფარის ღობის ღეჭვას და სხვა. გოჭის იმუნიტეტის შემცირება იქვევს ამ ასაკში მათი სხვადასხვა დაავადებების მიმართ ადვილად ამთვისებლობას.

მეოთხე პერიოდი – ამ დროს ხდება გოჭის ასხლეტა ნეზვისგან (35-60 დღის ასაკში). გოჭი იღებს დიდ სტრესს (სცილდება დედას, გადაყავთ სხვა დოლფარაში, ეცვლება საკვები).

გოჭის გამოზრდის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი მთელი რიგი ბიოლოგიური თავისებურებანი, რომლებითაც ისინი განსხვავდებიან სხვა საწარმოო ჯგუფის ღორებისგან.

• გოჭები მოგებიდან დროის მოკლე პერიოდში (21-30 დღეში) განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რის შედეგადაც ისინი იკვებებიან რა პირველ დღეებში ნეზვის რძით, ხანმოკლე პერიოდში შეუძლიათ ყველანაირი საკვების გამოყენება.

• მოგებიდან პირველი 24 საათის განმავლბაში გოჭის ნაწლავი იზრდება 1 მეტრით, ხოლო მეორე კვირის ბოლომდე 5 მეტრით;

• ნეზვს ლაქტაციის მესამე კვირიდან უკვე აღარ შეუძლია რძით მთლიანად უზრუნველყოს გოჭები ყველა საჭირო ნივთიერებებით და ისინი საჭიროებენ დამატებითი საკვების მიცემას;

• მაწოვარი გოჭები განსაკუთრებით დაუცველები არიან კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებისაგან;

• ორ თვემდე ასაკის გოჭებს გააჩნიათ უდიდესი უნარი შეითვისონ საკვებიდან ცილები და მინერალური ნივთიერებები გაცილებით უკეთ ვიდრე, მას ითვისებენ სხვა ასაკის ღორები. მაგალითად, ზრდასრული ღორი საკვებიდან ითვისებს 25-35% პროტეინს, ერთი თვის ასაკის გოჭი 80-85%-ს;

• გოჭებში მაღალია ზრდის ენერგია, განსაკუთრებით პირველ თვეებში. მაგალითად, თუ გოჭის წონა დაბადებისას შეადგენს 1,1 კგ, წონა ერთ კვირაში ორმაგდება, ერთი თვის ასაკში იზრდება 8-ჯერ, ორი თვის ასაკში 24-ჯერ.

სანამ გამოზრდის პერიოდებზე გადავალთ, საჭიროა აღინიშნოს, რომ გოჭის გამოზრდა იწყება მის მოგებამდე, რადგან მოგების შემდეგ მისი შენარჩუნება და ზრდის მაღალი ენერგია დამოკიდებულია ახალმოგებული გოჭის წონაზე (ანუ მსხვილნაყოფიერებაზე) და მოგების თანმიმდევრობაზეც.

დადგენილია, რომ პირველად მოგებული გოჭის ცოცხალი წონის – 57,8%, ერთი თვის ასაკში-19,4% და ერთ თვემდე შენარჩუნება 37,5%-ით მაღალია, ვიდრე იმ გოჭებსა, რომელიც ნეზვმა მოიგო ბოლოს (მაგ., მეთორმეტე). დადგენილია ისიც, რომ გოჭის შენარჩუნებაზე და ზრდაზე გავლენას ახდენს მოგების ხანგრძლივობაც.

გოჭის მსხვილნაყოფიერების (წონის) გასაზრდელად კი აუცილებელია მაკე ნეზვის სრულფასოვანი კვება.

გამოზრდის I პერიოდი; მოგება და გამოზრდის 1-3 დღე

მოგებამდე 5-7 დღით ადრე მაკე ნეზვი გადაყავთ, ცალკე დოლფარაში (გარეცხილ, გასუფთავებულ და დეზინფექცია გაკეთებულ სათავსოში). მოგებამდე საჭიროა მომზადდეს სპეციალური ყუთი, სადაც მოხდება ახალმოგებული გოჭების მიღება და გამოშრობა ლოკალური გამათბობლის ქვეშ.

საჭიროა ახალმოგებული გოჭი გაიწმინდოს, შემშრალდეს და მოგებიდან მაქსიმუმ 30 წუთის შემდეგ მიეცეს ხსენი (მიუსვამენ ნეზვს); ხსენის მიცემის შემდეგ აბრუნებენ ისევ ყუთში, გამათბობლის ქვეშ. (გოჭი რომ არ გაცივდეს).

ნორმალურად მიმდინარე მოგება მთავრდება 1-2 საათში. თუ მოგება გაგრძელდა 2 საათზე მეტ ხანს, ეს არანორმალურია და ნეზვს შეიძლება დასჭირდეს დახმარება. მოგების დროს გოჭის შენარჩუნებაზე უდიდეს გავლენას ახდენს ტემპერატურა.

გოჭისთვის ოპტიმალურია 320C, მაგრამ ასეთი მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ნეზვზე, ამიტომ ყველაზე მიზანშეწონილია ლოკალური გათბობის მოწყობა გოჭებისათვის (მაგალითად ბრუდერის).

ახალდაბადებულ გოჭს არ გააჩნია თერმორეგულაციის უნარი, ამიტომ დაბალი თემპერატურა კატასტროფულად უარყოფითად მოქმედებს მასზე. იგი სწრაფად კარგავს სხეულის ტემპერატურას და ადვილად შესაძლებელია მოხდეს მისი გადაცივება. რაც უფრო დაბალია გოჭის ცოცხალი წონა (განსაუთრებით 1,0 კგ-ზე ნაკლები), იგი მით უფრო მეტ სითბოს კარგავს.

გოჭის მოგების შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ხსენის მიღებასაც, რაც ადრე მიიღებს გოჭი ხსენს (უკეთესია მოგებიდან 20-30 წუთში), მით მაღალია მისი პასიური იმუნიტეტი. დადგენილია, რომ გოჭები მოგებიდან 3 საათის შემდეგ ხსენში არსებული ანტისხეულების მხოლოდ 50%-ს ითვისებენ.

გოჭის გამოზრდის I ეტაპზე მნიშვნელოვანია ასევე ანემიის პრობლემა. ახალდაბადებულ გოჭს დღეში ესაჭიროება 7-15 მგ რკინა. ორგანიზმის რეზერვი კი უკეთეს ვარიანტში შეადგენს 40-50 მგ, ხოლო დედის რძისგან მან შეიძლება მიიღოს მხოლოდ აუცილებელი ნორმის მხოლოდ 10-12%.

მოგებიდან რამდენიმე დღეში იწყება ანემიის განვითარება, მაშინაც კი, როგორი ჯანმრთელი გოჭიც არ უნდა დაიბადოს. რაც მაღალია ზრდის ტემპი მით მალე ვითარდება ანემია.

ხშირად გოჭი იბადება უკვე ანემიური, როდესაც ნეზვის კვება მაკეობის პერიოდში იყო მწირი, ამიტომ ადრე რეკომენდებული მოგებიდან მესამე დღეს რკინის პრეპარატის მიცემა შეიძლება იყოს უკვე დაგვიანებული. ასეთ ანემიურ გოჭებს რკინის პრეპარატი უნდა მიეცეს მოგებიდან არა უგვიანეს 12 საათში (ორალურად ან ინექციით, (ფეროგლუვენი, ფეროდექსი)).

პრეპარატის განმეორებით მიცემა ხდება არა უგვიანეს 12 დღის ასაკში. რკინის პრეპარატის მიცემა პირველ ჯერზე უკეთესია ორალური მეთოდით (მოგებიდან უკვე რამოდენიმე საათში შეიძლება მიეცეს). ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, განსაკუთრებით მსხვილ გოჭებში.

მოგებიდან პირველი 2-4 დღის განმავლობაში საჭიროა:

→ ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიცემა;
→ კასტრაცია (48-168 საათის განმავლობაში);
→ აუცილებელობის შემთხვევაში – ეშვების დაბლაგვება;
→ კუდების კუპირება (დაჭრა);
→ ნიშანდება ყურებზე.

რკინის პრეპარატი შეიძლება მიეცეს:

– პუდრის სახით (პირდაპირ იატაკიდან);
– პასტის სახით (პირში ჩადებით);
– ჟელეს სახით (ორალურად);
– ინექცია (კისერში, ყურის უკან-სწრაფი შეწოვა);
– ინექცია (კანქვეშ, უკანა ბარკალში-რკინის სათადარიგოდ).

კასტრაცია – მესამე დღეს სათესლეები უკვე კარგადაა გამოკვეთილი. მუცლის გრიჟის გაჩენა ადრეული კასტრაციის დროს მცირეა. ამ ასაკში გოჭები უფრო სწრაფად გამოდიან მდგომარეობიდან, უფრო სწრაფად უხორცდებათ ჭრილობა, ვიდრე 2-3 კვირის გოჭებს.

ადრე ჭრილობის დამუშავება ხდებოდა პენიცილინის პრეპარატით ან აეროზოლით. ინექცია – ხანგრძლივი მოქმედების ანტიბიოტიკით.

ეშვების დაბლაგვება. როდესაც გოჭებს დედის რძე არ ყოფნის, ხშირად მათ შორის იმართება ჩხუბი – ძუძუსთვის. თავისდაუნებურად ისინი აზიანებენ ძუძუს, რაც ხშირად იწვევს ძუძუს ანთებას. ძუძუ რომ არ დააზიანონ, ამისათვის უბლაგვებენ კბილებს სპეციალური ბორმანქანით. თუ ნეზვის რძე საკმარისი აქვს მაშინ ამის საჭიროება აღარ არის.

კუდის კუპირება. ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს ან უხარისხო საკვებით კვებისას გოჭები ერთამენთს კუდებს აჭამენ. ამის თავიდან ასაცილებლად მიმართავენ კუდების კუპირებას: ა) სპეციალური აპარატით (სისხლის გარეშე კუპირება), ბ) ბასრი სპეციალური დანით.

სანაშენე სულადობის ნიშანდება. აუცილებელი ზოოტექნიკური აღრიცხვისათვის არსებობს 2 მეთოდი: ა) ტატუირებით და ბ) ამოჭრით.

გამოზრდის II პერიოდი. ეს პერიოდი იწყება მოგებიდან მე-12-13 დღეს.

ამ პერიოდში კრიტიკულად მცირდება სისხლში რკინის რაოდენობა და ჩნდება ანემიის საშიშროება. აუცილებელი ხდება გოჭებისათვის მეორედ რკინის პრეპარატის მიცემა.

გოჭებს ეწყებათ ძირითადი კბილების ამოსვლა. ხდებიან მოუსვენრები, არიან გაღიზიანებულები. უჩნდებათ სურვილი „ღრღნის“.

თანდათანობით მცირდება (კრიტიკულ დონემდე) პასიური იმუნიტეტი. იზრდება ალბათობა გოჭების დასნებოვნების. ამ პერიოდში საჭიროა გოჭებს მიეცეთ სპეციალური საკვები გრანულის სახით (თერმულად დამუშავებული).

გამოზრდის III პერიოდი. იგი იწყება 21 დღის ასაკიდან.

ამ დროისათვის გოჭს უკვე ჩამოყალიბებული აქვს თერმორეგულაციის უნარი. სრულყოფილად ხდება მარილმჟავას გამოყოფა კუჭში, ე.ი. თითქმის სრულყოფილად ინელებს საკვებს.

ამ პერიოდისათვის ყველაზე კრიტიკულ ზღვარს აღწევს გოჭის იმუნიტეტი. მას უკვე აღარ ყოფნის დედის რძე და ითხოვს დამატებითი საკვების მიცემას.

უხარისხო საკვების მიცემა ამ პერიოდში კატასტროფის ტოლფასია. სამაგიეროდ ამ პერიოდისათვის ახასიათებს საკვების კარგი ანაზღაურების უნარი – კარგად დაბალანსებული 1,0 კგ საკვების მიღებისას შეუძლია 1,0 კგ წონამატის მოცემა.

საკვები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, კარგი საგემოვნო თვისებებით და კარგი სუნით. (ხშირად საკვებს უმატებენ არომატიზატორებს).

გამოზრდის IV პერიოდი. გოჭის ასხლეტა.

გოჭის ასხლეტა არის ერთ-ერთი რთული პერიოდი, როდესაც გოჭი განიცდის უდიდეს სტრესს დედიდან მოცილების, სადგომის შეცვლას (სხვა დოლფარაში გადაყვანა) და სხვა საკვებზე გადაყვანის გამო.

• ასხლეტა ხდება 28, 35, 45 ან 60 დღის ასაკში (ოპტიმალურია 45-60 დღე-აგროკავკასია);
• ასხლეტა უნდა მოხდეს თანდათანობით. შეიძლება გაგრძელდეს 4-5 დღე. ითვალისწინებენ ნეზვის მერძეულობას;
• უნდა შევეცადოთ, რომ ასხლეტის შემდეგ მინიმუმ 7-10 დღე დავტოვოთ იმავე დოლფარაში;
• სხვა საკვებზე გადაყვანა უნდა მოხდეს თანდათანობით, გოჭებს დიარეა  რომ არ დაემართოთ.

გიორგი ბოჭორიშვილი – სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, შპს „ფარიდი”, გარდაბანი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კონფერენცია.

იხილეთ აგრეთვე: ღორის სასუქი მოზარდის (გოჭის) კვება და მოვლა-შენახვა

თქვენი რეკლამა