ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის გენოფონდის შენარჩუნება

ფუტკარი, ქართული, მეგრული, გენეფონდი

ქართული ფუტკრის – მეგრული პოპულაციის ტიპიური გენოფონდის შენარჩუნების ხელშეწყობა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკელი მკვლევარის ბენტონის მიერ დასავლეთ საქართველოში გამოვლენილ იქნა ფუტკარი, რომელსაც სხვა ჯიშებთან შედარებით გრძელი ხორთუმი აქვს.

ამ ფაქტმა საფუძველი დაუდო ქართული ფუტკრის მეცნიერულ შესწავლას. ХХ საუკუნის შუა წლებში საქართველოში შეიქმნა სანაშენე მეურნეობათა ქსელი, რომლის ძირითად დანიშნულებას განაყოფიერებული დედა ფუტკრებისა და ნაყრების წარმოება წარმოადგენდა, წარმოებაში შეძლებისდაგვარად ინერგებოდა სამეცნიერო მიღწევები.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო მეფუტკრეობა ისევე, როგორც სხვა დარგები დაკნინდა.

განადგურდა სანაშენე კერები, გაქრა საექსპორტო პროდუქცია, აღარ არსებობს როგორც მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანაშენე საქმის დეპარტამენტი.

დღეს პრიორიტეტულ მიმართულებად მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური ფონდის დაცვა, მათი სრულყოფა და გამოყენება ითვლება.

ქართული ფუტკარი (Apis mellifera caucasica-Georgia) დიდი ხანია ცნობილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თავისი უბადლო – ძვირფასი სამეურნეო-სასარგებლო თვისებების გამო. იგი იმდენად გამორჩეულია ფუტკრის სხვა ჯიშებისაგან, რომ უცხოელი მეფუტკრეების მხრიდან მისდამი ყურადღება დღემდე არ შენელებულა.

იგი ხასიათდება ბიომრავალფეროვნებით და ჯიშის ფარგლებში რამდენიმე პოპულაციას მოიცავს, რომელთაგან ბიოლოგიური და სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანია მეგრული, გურული და ქართლური პოპულაციები.

მეგრული პოპულაცია – მისთვის დამახასიათებელია რუხი ფერი, გრძელი ხორთუმი (7,15-7,25 მმ), თვინიერება, ნაყრობისადმი ნაკლები მიდრეკილება, მაღალი პროდუქტიულობა, სუსტი და საშუალო ღალის კარგი გამოყენება, განსაკუთრებული შრომისუნარიანობა.

გურული პოპულაცია – ხორთუმის სიგრძე 7,06-7,15 მმ, მაღალი პროდუქტიულობით და სხვა სამეურნეო თვისებებით უახლოვდება მეგრულ პოპულაციას.

ქართლური პოპულაცია – ხორთუმის სიგრძე 6,7-6,8 მმ, ხასიათდება მაღალი ნაყოფიერებით (სადღეღამისო კვერცხდების უნარი 2000-მდე), უკეთესი ზამთარგამძლეობით მეგრულ პოპულაციასთან შედარებით.

სამწუხაროდ, ქართული ფუტკარი უკანასკნელ წლებში დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სანაშენე მეურნეობების არასებობამ, უკონტროლო მთაბარობამ, საკვები ბაზის შემცირებამ, დარგისადმი არაპროფესიონალურმა, არაკომერციულმა მიდგომამ, ზოგ შემთხვევაში კი სხვა ქვეყნებიდან ფუტკრის უკანონო შემოყვანამ, მნიშვნელოვანი სიძნელეები შეუქმნა მისი ხალასი სახით შენარჩუნებას.

ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი – ქართული ფუტკრის ცალკეულ პოპულაციებზე ჩატარებული სასელექციო სამუშაოებით მისი ტიპიური გენოფონდის შენარჩუნებაა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია ცალკეული პოპულაციების ღრმა შესწავლა, რათა დადგენილ იქნეს საწყისი მასალის გამოყენების შესაძლებლობები ფუტკრის ხალასი სახით მოშენების მიზნით.

ამ პოპულაციების გამოვლენამ და დაცვამ სათავე უნდა დაუდოს სანაშენე საქმიანობის აღორძინებას, რომელშიც შედის ცალკეული პოლულაციების შიგნით სანაშენე კერების შექმნა, იზოლირებული შესაწყვილებელი პუნქტების მოწყობა მამეული ოჯახების (მამეული ოჯახი-სანაშენე საქმეში გამოიყენება სასურველი წარმოშობის მამალი ფუტკრის მისაღებად-აგროკავკასია) და ნუკლეუსებისათვის, კოოპერატივებში რეპროდუქტორი საფუტკრეების ორგანიზება სელექციონირებული მასალის გამოყენებით.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომლის მიზანია – ქართული ფუტკრის პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური), იდენტიფიცირება და სანაშენე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

2015 წლის აპრილიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიწყო მუხურის ყოფილი მეფუტკრეობის სანაშენე მეურნეობის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის გადარჩენას, სანაშენე მასალის აღწარმოებას, მის პოპულარიზაციას და გავრცელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ამ მიზნით ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში – მოეწყო ექსპედიციური კვლევები. საფუტკრეების მასობრივი შემოწმებისას მოძიებულ იქნამეგრული პოპულაციისთვის დამახასიათებელი სასურველი საფუტკრეები.

მოძიებულ საფუტკრეებში მოვახდინეთ ფუტკრის ოჯახების აღწერა და შერჩევა შეფერილობისა და ქცევის მიხედვით; განისაზღვრა მუშა ფუტკრის, გადაბეჭდილი ბარტყისა და ბუდეში არსებული საკვების რაოდენობა; ამ კვლევების შემდეგ შეირჩა ფუტკრის 28 ოჯახი, რომლებიც სრულად პასუხობენ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, მაგრამ შემდგომი კვლევებისათვის და დაგემგილი სელექციური სამუშაოებისათვის გადაწყდა მათგან საუკეთესო ბიოლოგიურ-სამეურნეო მაჩვენებლების მქონე ფუტკრის 15  ოჯახის შესყიდვა.

სოფელ მუხურში განვსაზღვრეთ გამოზამთრების შემდეგ ფუტკრის ოჯახების სიძლიერე, საზამთრე მარაგიდან ბუდეში დარჩენილი საკვების რაოდენობა, გადაბეჭდილი ბარტყის რაოდენობა, ჩავატარეთ ვაროატოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები. გაირკვა, რომ ფუტკრის ოჯახის სიძლიერემ (ფუტკარი ჩარჩოზე) საშუალოდ 5,47 ჩარჩო ფუტკარი შეადგინა, გადაბეჭდილი ბარტყის რაოდენობამ – 4,4 ჩარჩო, ხოლო საკვების რაოდენობამ, საშუალოდ – 7,30 კგ.

2016 წლის საგაზაფხულო და 2015 წლის საშემოდგომო აღწერის საფუძველზე დადგინდა ფუტკრის ოჯახების გამოზამთრების შედეგები, კერძოდ, ფუტკრის გასავალმა საშუალოდ 0,53 ჩარჩო/ფუტკარი შეადგინა, ხოლო საკვების დანახარჯმა – 11,4 კგ.

მონაცემებიდან ჩანს, რომ ფუტკრის გასავალი უმნიშვნელოა, ხოლო საკვების დანახარჯი – მაღალი, რაც განპირობებულია 2016 წლის თბილი ზამთრით. ამან გამოიწვია ფუტკრის ოჯახებში გუნდის დაშლა და საკვების დიდი რაოდენობით ხარჯვა.

2016 წლის გაზაფხულზე (აპრილი) დედა ფუტკრის ხელოვნური გამოყვანისათვის სანაშენედ გადარჩეული ფუტკრის 15 ოჯახიდან ჩამოყალიბებულ იქნა ფუტკრის ოჯახების სამი ჯგუფი: სადედე, აღმზრდელი და სამამლე ფუტკრის ოჯახები.

ფორმირებულ იქნა 30 ორგანყოფილებიანი ნუკლეუსი მეოთხედ ჩარჩოზე. სამამლე ფუტკრის 5 ოჯახი და სანუკლეუსე საფუტკრეც განთავსდა იზოლირებულ ტერიტორიაზე (ლუგელას ხეობის შელეთის უბანში).

27 აპრილიდან 30 ივნისამდე, სანაშენე 15 ოჯახის აღწერით დადგინდა, რომ ოჯახების საშაულო სიძლიერე იყო 9.97 ჩარჩო ფუტკარი, დედა ფუტკრის სადღეღამისო კვერცხმდებლობა 1378.25 ცალი, საკვები მარაგი თაფლის სახით – 12.4 კგ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ არსებული ღალიანობის პირობებში ოჯახები ნორმალურად ვითარდებოდნენ.

შერჩეული საუკეთესო და კარგად გამოზამთრებული სადედე ოჯახებიდან მოხდა დედა ფუტკრების ხელოვნური გამოყვანა და ამ დედებით სამი რეპროდუქტორი საფუტკრის დაკომპლექტება (48 დედა ფუტკარი).

რეპროდუქტორ-საფუტკრეებში ჩატარდა სასელექციო სამუშაოები: ინდივიდუალური სელექციის გზით მოხდა დედა ფუტკრების მკაცრი გადარჩევა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მიხედვით, მათი შემოწმება შთამომავლობის ხარისხზე.

პარალელურად ფუტკრის ოჯახებში ლაბორატორიული გზით შემოწმდება ჯიშურობის განმსაზღვრელი 6 ძირითადი ექსტერიერული ნიშანი (ხორთუმის სიგრძე, ფრთის სიგრძე-სიგანე, კუბიტალური ინდექსი, III თერგიტის სიგრძე-სიგანე) და აღირიცხა ბიოლოგიურ-სამეურნეო მაჩვენებლები. მიმდინარეობს მოპოვებული მასალის დამუშავება.

ჩატარებულისამუშაოები ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის ტიპიური გენოფონდის შენარჩუნების, აღწარმოების, სანაშენე საქმის განვითარებისდა ფუტკრის ოჯახების გამრავლების საშუალებას მოგვცემს.

მოგვიანებით შესაძლებელი იქნება დედა ფუტკრების ხელოვნური განაყოფიერება, გამოყვანა და ენდემური ჯიშების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური ბანკის შექმნის ხელშეწყობა.

ავტორები: ნანა მაისურაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი;
ლიზა ბალიაშვილი – კონსულტანტი/აგრონომი-მეფუტკრე;
კახა თოლორდავა – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

შრომების კრებული/წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.

იხილეთ აგრეთვე: ქართული ფუტკარი – ბიომრავალფეროვნების საუკეთესო ნიმუში

თქვენი რეკლამა