გამომწვევი მიზეზები
ფუტკრებს შორის თავდასხმა მეფუტკრეობის პრაქტიკაში ქურდობის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი არც თუ ისე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს საფუტკრეებისათვის და დიდ ეკონომიკურ ზარალს იწვევს.
მისი გაჩენა დაკავშირებულია მრავალ მიზეზთან, რომლის პროფილაქტიკას და მასთან ბრძოლის ღონისძიებების დროულ გატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ქურდობა გამოიხატება საფუტკრეში არსებული ფუტკრის ოჯახებიდან საკვების დატაცების დროს ფუტკართა შორის ბრძოლაში, რასაც ხშირად სუსტი ოჯახების განადგურება მოსდევს.
ქურდობა ჯერ ერთეულ ოჯახებში იწყება, ხოლო შემდეგ თუ მათი შეჩერებისათვის ქმედითი ღონისძიება არ გატარდა, მასიურ ხასიათს იღებს და მეზობლად მდებარე საფუტკრეებსაც უქმნის საშიშროებას.
ფუტკრებს ქურდობის სურვილი ადრე გაზაფხულიდან უჩნდებათ, როცა პირველი გამომღერის და კუჭის გასუფთავების შემდეგ ისინი უხვად საჭიროებენ წყალს და ნექტარს, რომელთა მოპოვება მათ ადრე გაზაფხულზე უჭირთ, რადგან ამ დროს ბუნებაში ჯერ კიდევ ნექტარი არ მოიპოვება.
მის მოსაპოვებლად განსაკუთრებით ძლიერი ოჯახის ფუტკრები ცდილობენ სუსტ ან უდედო ოჯახებში შეჭრას. ამ პერიოდში სუსტი ოჯახები ჯეროვნად ვერ არიან მოძლიერებულნი, ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან ძლიერ თავდამსხმელებს და სისუსტის გამო გააფთრებული ბრძოლიდან უკან იხევენ.
გასაქურდ ოჯახში შეღწეული დაუპატიჟებელი ფუტკრები პირველ რიგში აგრესიას გამოხატავენ დედა ფუტკრის მიმართ, მისი მოსპობით აქვეითებენ ოჯახის ბრძოლისუნარიანობას და იმარჯვებენ.
უდედოდ დარჩენილი ფუტკრის ოჯახი იქსაქსება და ხშირად უერთდება იმ ოჯახს, რომლის ფუტკარიც ქურდავს და, ასე ვთქვათ, ეხმარება კიდეც საკუთარი ოჯახის გაქურდვაში. თაფლის გაზიდვით მათი ბინადარნიც კი ხდება. გაძარცვული ფუტკრის ოჯახები ხშირად ტოვებენ სკებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ფუტკარს სხვა ფუტკართან შედარებით ქურდობისადმი დიდი მიდრეკილება აქვთ, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე უკეთესად ახასიათებთ ოჯახის დაცვის თვისებაც.
ქართული ჯიშის ფუტკრებს შეუძლიათ თავგამოდებით შეებრძოლონ ქურდ ფუტკრებს არამარტო დარაჯი ფუტკრების საშუალებით საფრენის შესასვლელთან, არამედ აქტიურად გაანადგურონ ისინი სკის მახლობლად ჰაერშივე.
ქურდობა არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც გვხვდება. გამომწვევ მიზეზებად არახელსაყრელი გარემო: კლიმატური პირობები – გვალვა, მეტეოროლოგიური ვითარების მკვეთრი ცვალებადობა; მოულოდნელი სიცხეები ითვლება.
ფუტკრები ამინდის უეცარი გაუარესების დროს განაგრძობენ ნექტრის ძებნას, თავს ესხმიან მეზობელ ოჯახებს და საფუტკრეებსაც, განსაკუთრებით იმ სკებს, საიდანაც გამოდის ახლად ჩასხმული ნექტრის სუნი.
ქურდი ფუტკრები ადვილად შესამჩნევნი არიან, ვინაიდან საფრენთან გუშაგი ფუტკრები წინააღმდეგობას უწევენ მათ, ისინი ცდილობენ სკაში შეაღწიონ სახურავიდან, სკაზე არსებული ნაპრალებიდან, ხვრელებიდან და სკის ძირიდან.
საფრენის წინ გააფთრებული ბრძოლის გამო მისაფრენზე, სკის ძირზე აღინიშნება აუარებელი ბრძოლის დროს ურთიერთ დაწიწკვნის შედეგად ბუსუსგაცვენილი, პრიალა, შავი მუცლიანი, წელში მოხრილი ფუტკრები გადმოგდებული ხორთუმით.
თუ ნორმალურ შემთხვევაში სკიდან სამუშაოდ ფუტკარი საფრენიდან გამოსული პირდაპირ ჰაერში აფრინდება, ქურდობის დროს თაფლით გავსებულ ფუტკრებს საფრენიდან გამოსვლა და პირდაპირ ჰაერში აფრენა სიმძიმის გამო უჭირთ, ამიტომ ჯერ სკის წინა კედელზე ახუხდებიან, იკრეფენ ძალას და შემდეგ აფრინდებიან.
თუ ასეთ ფუტკარს თითებშორის მოვაქცევთ, მუცელზე ოდნავი ხელის მოჭერით ხორთუმიდან თაფლის წვეთს გადმოანთხევენ, ან თუ მუცლის უკანასკნელი სეგმენტიდან გამოვწევთ – ნესტარს (მას გამოჰყვება მსხვილი, წვრილი და შუა ნაწლავი, მას მოჰყვება თაფლით გადავსებული ჩიჩახვი).
მეფუტკრეები ხშირად მისაფრენ ფიცარზე და სკის წინა კედელზე ქურდ ფუტკრებს მიაჭყლიტავენ ხოლმე, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან მიჭყლეტვის შედეგად გადმოედინებათ თაფლის წვეთი, ხოლო მუცლის უკანასკნელი სეგმენტიდან შხამი, რომელთა სუნი აღიზიანებს ფუტკრებს, იზიდავს მათ და აძლიერებს ქურდობის ინსტიქტს.
ქურდობის გაჩენის სუბიექტური მიზეზი თვითონ მეფუტკრეა, რომელიც საფუტკრეში არ იცავს ფუტკართან მუშაობის ელემენტარულ წესებს: გაზაფხულზე უდროოდ აფართოებს ბუდეს; უღალობის პერიოდში მთლიანად ხდის საფარ ტილოს და ბუდიდან ამოსული თაფლის სუნით ქურდ ფუტკრებს უღვივებს სურვილს;
ბუდიდან დროებით ამოღებულ ფიჭიან ჩარჩოს თავდახურულ სამუშაო ყუთში კი არ ათავსებს, არამედ მიაყუდებს სკას, ხეს ან ჩამოკიდებს ხის ტოტზე; ღიად სტოვებს გამონაცვალ არადეზინფიცირებულ ჭუჭყიან სკებს, რასაც მოსდევს სხვა სკის ფუტკრების მოზიდვა და ქურდობის ინსტიქტის გაღვივება. ასეთი უხეში მუშაობის დროს არა მარტო ქურდობა ჩნდება, არამედ ფუტკრის დაავადებათა გავრცელების საშიშროებაც იქმნება.
ქურდობის გაჩენის მიზეზია აგრეთვე საფუტკრეში მიმობნეული საკვებურები, ცვილის ნაჭრები, მიწაზე დაყრილი ცვილის და დინდგელის ნამცეცები, სახმარად უვარგისი ძველი ფიჭიანი ჩარჩოები, ფუტკრის გამაღიზიანებელი ან სამარაგო თაფლით უზრუნველყოფისათვის კვების ჩატარების დროს სიროფით დასვრილი სკის კედლები, სახურავები, საბოლებელი, ასტამი და სხვა წვრილი ინვენტარი, ბალახზე დაქცეული შაქრის სიროფია და სხვა.
ქურდობის საწინააღმდეგო მეთოდები
საფუტკრეში ამ სახის მოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მაქსიმალურად ავიწროვებენ საფრენებს (1-2 სმ-მდე), თავს ანებებენ ფუტკრის ხილვას, თუ ერთ ან ორ სკაზე შეიმჩნევა ქურდობა მათ საფრენებს უკეტავენ და შეაქვთ სარდაფში ან ბნელ ოთახში, ხოლო მათ ადგილზე დგამენ ცარიელ სკებს. რომელშიაც ათავსებენ წყლით გავსებულ მშრალ აშენებულ ფიჭას, რაც მასზე მისეული ქურდი ფუტკრებისათვის უინტერესო საკვებად ჩაითვლება, რის გამოც ისინი მოსცილდებიან სკებს, ქურდობა ჩაქრება და სარდაფში შეტანილ სკებს მეორე დღეს თავთავიანთ ადგილებზე დააბრუნებენ, საფრენებს დაუპატარავებენ ისე, რომ მასში გაძვრენა 1 ან 2 ფუტკარს შეეძლოს.
თუ ადრე გაზაფხულზე ბუდის ხილვის დროს შემთხვევით სკის გარეთ დარჩენილ თაფლიან ჩარჩოს მიესია სხვა ოჯახის ფუტკრები, იმ ჩარჩოს დატოვებენ იმავე ადგილზე, რაც მიიზიდავს ყველა იმ ფუტკარს, რომელიც ცდილობს სხვა სკაში ქურდობით შეღწევას და ტოვებენ იქამდე, ვიდრე იმ ჩარჩოზე არსებული თაფლის უკანასკნელი წვეთი არ იქნება ათვისებული, შემდეგ კი რომ არ გადაინაცვლოს ფუტკარმა სხვა სკებში თაფლის მოსაპოვებლად, იმ ჩარჩოს მისეულ ფუტკარს მოაცილებენ ბალახზე დაბერტყვით ან ჯაგრისით და იმავე ადგილზე დგამენ წყლით სავსე ფიჭიან ჩარჩოს.
ამ შემთხვევაშიც ვინაიდან ფიჭის უჯრედებში ჩასხმულ წყალს უინტერესო საკვებად მიიჩნევენ ქურდი ფუტკრები მოცილდებიან, მშვიდობიანად გააგრძელებენ მუშაობას და ქურდობის ინსტიქტიც ჩაეხშობათ.
ქურდობის საწინააღმდეგო ორივე მეთოდი პრაქტიკულად გამოცდილია და დადებითი შედეგიც დადასტურებულია. ამ შემთხვევაში თუ ზომების გატარება დაგვიანდა, დროულად ვერ აღიკვეთა ქურდობა და იგი მოედო მთელ საფუტკრეს, მაშინ ყველა სკას მთლიანად უკეტავენ საფრენებს მეორე დღემდე, ან საფუტკრე გადააქვთ არანაკლებ 7 კმ-ით დაცილებულ ტერიტორიაზე.
საფრენების შევიწროებასთან ერთად იყენებენ ქურდი ფუტკრების მიმართ დამაფრთხობელი თვისების მქონე ნივთიერებების – ნავთის, სკიპიდარის, კარბოლის მჟავის წასმას სკის კედლებზე (გარდა საფრენი ხვრელისა, რათა ოჯახის საკუთარი ფუტკარი არ დავაფრთხოთ), ამოუქოლავენ სკის კედლებზე, ძირებზე არსებულ ნაპრალებს, ხვრელებს.
აგრეთვე გამოიყენება წვრილწვეთოვანი ნაკადით წყლის ჭავლის მისხურებაც. პრაქტიკოსი მეფუტკრეების გამოცდილებით ქურდობის საწინააღმდეგოდ კარგ შედეგს იძლევა სკის საფრენ ხვრელებში თივის მიყრაც.
ქურდობის პროფილაქტიკისათვის საფუტკრეში უნდა ვიყოლიოთ ფუტკრის ძლიერი ოჯახები სახმარად ვარგის, უდეფექტო სკებში, არ უნდა დავუსვათ უდედო, სუსტი ოჯახების არსებობა, დაზიანებული სკები უნდა შევარემონტოთ ისე, რომ კედლებიდან, ძირითადი ფუტკრის შეღწევა გამოირიცხოს.
უღალობის დროს უნდა ვერიდოთ ფუტკრის ხილვას, არ მიმოვაბნიოთ საფუტკრეში ფიჭის, დინდგელის ნამცეცები. შაქრის სიროფის დაქცევის შემთხვევაში სიროფით დასვრილი საგნები წყლით გავრეცხოთ.
უღალობისას საფრენები მაქსიმალურად შევავიწროვოთ, ხოლო ღალიანობისას მთლიანად გავუღოთ. მშრალი, თაფლიანი ფიჭები შევინახოთ ფუტკრისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ოჯახებს დროულად დავადგათ საკუჭნაოები.
საერთოდ კი წესად უნდა ვაქციუოთ : სკის სახურავის ახდამდე მოვიმზადოთ ყველაფერი რაც დაგვჭირდება. სკაში ჩასატარებელი სამუშაო განვახორციელოთ 5 – 7 წუთში. ვიმოქმედოთ სწრაფად, მაგრამ აუჩქარებლად. მუშაობის დროს არ აკაკუნოთ სკაზე, დაუშვებელია ღია სკის თავზე ხელის სწრაფი მოქნევა.
საბოლებლიდან ბოლი სკას უნდა მივმართოთ სიოს მიმართულებით და არა მის საპირისპიროთ, ისეთი პირობით, რომ ის მუდმივად ეფინებოდეს ბუდეს. მუშაობის პროცესში ბუდეს მიაფარეთ სათადარიგო ტილო. დათვალიერების შემდეგ სკას კარგად დაახურეთ სახურავი. ასეთი მოქმედებით თქვენ დაიცავთ ფუტკრის ოჯახს ქურდი ფუტკრებისაგან.
წყარო: მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.
რედაქცია: აგროკავკასია