ცხვრის ნერბვა, დოლი და ბატკნის გამოზრდა

ცხვარი, ბატკანი

ცხვრის უმრავლესი ჯიშები ხურაობენ ზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე. ეს ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად მომგებიანია, ვინაიდან დოლი ემთხვევა გაზაფხულის დადგომას, ე.ი. დათბობას და საძოვრის ბალახნარის ინტენსიური ვეგეტაციის დაწყებას.

შიშაქების და სავერძეების პირველ ნერბვაზე გაშვება ხდება 1,5 წლის ასაკში, როდესაც მათი ცოცხალი მასა ზრდასრული ასაკოვნების მასის 65-70%-ს აღწევს.

ნერბვის დაწყებისას ცხვარი ნორმალურ შეხორცებაში უნდა იყოს. ამისათვის ნერბვის დაწყებამდე 30-40 დღით ადრე წყვეტენ ცხვრის წველას.

უხეშმატყლლოვანი ჯიშის ცხვრებში ნერბვამდე უნდა ჩატარდეს პარსვა, ფარის დაკომპლექტება და სხვა სამუშაოები (წუნდება, ბონიტირება, დანომვრა, ვეტერინარულ- პროფილაქტიკური ღონისძიებები).

ნერბვის სახეები

მეცხვარეობაში გამოიყენება თავისუფალი ნერბვა, ხელზე ნერბვა და ხელოვნური განაყოფიერება. თავისუფალი ნერბვისას 1 სული ვერძის დატვირთვა 25, ხელზე ნერბვისას 60-100, ხოლო ხელოვნური განაყოფიერებისას 500-700 სული ნერბია.

განსაკუთრებით მაღალპროდუქტიული ვერძების დატვირთვას ხელოვნურად განაყოფიერებისას ზრდიან 5-6 ათასი სულამდე. ხელოვნური განაყოფიერება როგორც ეკონომიკური, ასევე ვეტერინარული თვალსაზრისით, მომგებიანია.

ახურებული ნერბის გამორჩევა

ახურებული ნერბების სწორი და დროული გამორჩევა უზრუნველყოფს განაყოფიერების მაღალი დონის მიღწევას. ახურება ვლინდება სქესობრივი აღგზნებით. ამ დროს ნერბი თვითონ უჩერდება ვერძს დასაგრილებლად.

ჩვეულებრივ ახურება გრძელდება 24-29 საათს, ცალკეულ შემთხვევაში სამ დღემდე. ახურებულ ნერბს გარეთა სასქესო ორგანოები შეშუპებული და გაწითლებული აქვს, საიდანაც პირველ დღეს უხვად გამოიყოფა ლორწოსმაგვარი გამჭირვალე, მეორე დღეს კი თეთრი-მღვრიე სითხე.

პირველი ახურების დროს ნერბი თუ არ დამაკდა 16-17 დღის შემდეგ ხურაობა ისევ მეორდება ცხოველის დამაკებამდე. სასურველია ნერბების მთელი სულადობა განაყოფიერდეს 35-40 დღეში.

ხელოვნური განაყოფიერება

ახურებული ნერბების გამოსავლენად გამოიყენება მსინჯავი (მეგოლარი). ყოველ 1000 ნერბზე საჭიროა 10-12 სული, შედარებით დაბალი სანაშენე ღირსების, მაგრამ ჯანმრთელი და სქესობრივად აქტიური ახალგაზრდა სავერძეები.

ხელოვნური განაყოფიერების დამთავრების შემდეგ ისინი შეიძლება გამოვიყენოთ გაუნაყოფიერებელი ნერბების გასანერბად. ფარაში გაშვებამდე მეგოლარებს უკეთებენ წინსაფარს, რაც თავიდან გვაცილებს შემთხვევით განაყოფიერებას. ამავე მიზნით გამოიყენება ქირურგიული ჩარევით ვაზომქტიმრებული (სპერმის სადინარები გადაკეტილი) მეგოლარები.

ახურებულ ცხვრებს ფარიდან არჩევენ ყოველდღიურად დილით ადრე, 2-3 საათის მანძილზე. ის ნერბები, რომლებიც დაითესლა წინა დღეს, მაგრამ კვლავ ავლენენ ხურაობის ნიშნებს განმეორებით უნდა დაითესლოს, შემდეგ კი შეერიოთ განაყოფიერებული ნერბების ფარას.

თავისუფალი ნერბვა

ამ დროს ვერძები გაშვებული არიან ფარაში და თავისუფლად ანაყოფიერებენ ახურებულ ნერბებს; თავისუფლად ნერბვისას გაძნელებულია ზოოტექნიკური აღრიცხვა და შეუძლებელია წყვილების ინდივიდუალურად შერჩევა;

ხელზე ნერბვა

ხელზე ნერბვისას, ისევე როგორც ხელოვნური განაყოფიერებისას, გვაქვს საშუალება ორგანიზებულად წარვმართოთ სანაშენო მუშაობა, სწორად ჩავატაროთ შერჩევა, ზუსტად აღვრიცხოთ ყველა ნერბის დაგრილების დრო და შევადგინოთ დოლის კალენდარული გეგმა.

ახურებულ ნერბებს გამოარჩევენ საერთო სულადობიდან და გადაჰყავთ ცალკე ბაკში, სადაც აფიქსირებენ ხელით ან ჩააყენებენ სპეციალურ დაზგაში და გასანაყოფიერებლად მიუშვებენ წინასწარ შერჩეულ ვერძს.

არიან ცხვრის ისეთი ჯიშები, რომლებიც წლის ყველა პერიოდში მოდიან ხურაობაში. ასეთ ჯიშებს მიეკუთვნება იმერული ცხვარი, რომელიც საუკეთესო ჯიშია ბატკნის ხორცის უწყვეტი წარმოებისათვის.

დოლისათვის მზადება

ცხვრის მაკეობა გრძელდება 144-155 დღე. ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი ბატკნის მისაღებად საჭიროა მაკე ნერბის სრულფასოვანი კვება, მაკეობის ბოლო პერიოდში კი ულუფის ყუათიანობის 20-25%- ით გაზრდა.

დოლის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე ფარეხი კარგად უნდა დასუფთავდეს და გამოიცვალოს ქვეშსაფენი.

სპეციალურად დამზადებული ფიცრის ტიხრებით გამოიყოფა ადგილი ახლადმოგებული ბატკნებისა და ნერბებისათვის, კეთდება დოლფარები (კორაკნები) იმ ნერბების ჩასასმელად, რომლებიც არ აწოვებენ ნორჩ ბატკანს; ასევე ეწყობა საკვებურები, ცალ-ცალკე გამოიყოფა სადგომი დაუდოლებელი ნერბებისათვის და შიშაქებისათვის.

დოლი

ბატკნები, ძირითადად, იბადება 1,5 თვის განმავლობაში. ნერბი თუ ჯანმრთელია და მოგება ნორმალურად მიმდინარეობს, პროცესი მთავრდება 40 წუთში. თუ მოგება ყოვნდება და ნერბი წუხს, მაშინ საჭიროა გამოცდილი მწყემსის ან ვეტერინარი ექიმის ჩარევა. გართულებულ მშობიარობას იწვევს ნაყოფი დიდი ზომა და/ან მისი არასწორი მდგომარეობა.

მოგებისას ბატკანს, როგორც წესი, ჭიპლარი თვითონ წყდება, მაგრამ თუ ჭიპლარი არ მოწყდა მას მუცლიდან 6-8 სმ დაშორებით მოაჭრიან და ადეზინფიცირებენ იოდის ნაყენით, ან სხვა საშუალებით.

დაბადებისთანავე ბატკანს სუფთა ტილოთი მოწმენდენ ცხვირსა და ტუჩებს და მიუსვამენ დედას. სასურველია დედამ გალოკის ბატკანი, ვინაიდან ლოკვა, ერთის მხრივ ხელს უწყობს ნერბის მიერ მომყოლის დროულ მოგდებას, მეორეს მხრივ კი ბატკნის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასგარდა ამისა, ლოკვის პროცესში დედა ეჩვევა ბატკანს და უშვებს მას მოსაწოვად.

დაბადებიდან 15-20 წუთის შემდეგ ჯანმრთელი ბატკანი ფეხზე დგება, ეძებს ცურს და იწყებს დედის წოვას.

ფარეხის დასადოლებელ განყოფილებაში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +15…+170C- ის ფარგლებში. დაუშვებელია გამჭოლი ქარი და მაღალი ტენიანობა.

ბატკნის გამოზრდა

მეცხვარეობის პრაქტიკაში ბატკნის გამოზრდის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. საქართველოს მომთაბარე მეცხვარეობაში, ნერბების სულადობიდან გამომდინარე, დოლის დროს ზოგჯერ დღე-ღამეში 20-დან 100-მდე ბატკანი იბადება და ჩვეულებრივი ადამიანისათვის ძნელია იმის დადგენა თუ რომელი ბატკანი, რომელი ნერბისაა.

ძველად ამ საქმეს ემსახურებოდა სპეციალური მწყემსი “მცნობარი”, რომელიც მხედველობითი მახსოვრობისა და განსაკუთრებული სმენის წყალობით შეუცდომლად ასრულებდა ამ საქმეს.

დღეისათვის დადოლებულ ნერბებს თავიანთ ბატკნებთან ერთად ყოფენ მცირე ჯგუფებად და 2-3 კვირის განმავლობაში ათავსებენ ერთ გალიაში, რაც, ბუნებრივია ხსნის პრობლემას. შემდგომ ცხვარი გაყავთ საძოვარზე, ბატკანს კი ინახავდნენ საბატკნეში დიდ ჯგუფად, სადაც ეძლევათ ხარისხიანი თივა, შვრიის და ქერის ღერღილი ან კომბინირებული საკვები.

დილით საძოვარზე გასვლამდე ნერბებსა და ბატკნებს ერთიმეორეში ურევენ. ნერბის მიერ თავისი ბატკნის პოვნის შემდეგ ორივე გამოჰყავთ ცალკე და 20-30 წუთი აწოვებენ. ამ პროცესს გასარდვლა ჰქვია.

წოვების შემდეგ ბატკანს ასხლეტენ და შეჰყავდათ საბატკნეში, ცხვარს კი საძოვარზე გარეკავენ. საღამოს, საძოვრიდან დაბრუნებულ ნერბებთან კვლავ მიუშვებენ ბატკნებს, წოვების დამთავრების შემდეგ კი, დილამდე მათ ინახავენ ცალ-ცალკე.

პირველი თვე ბატკანი, ძირითადად, დედის რძით იკვებება. ზრდასთან ერთად მისი მოთხოვნილება საკვებზე მატულობს, ამიტომ 2-3 კვირის ასაკიდან მას აძლეევენ დამატებით საკვებს-კარგი ხარისხის თივას და კონცენტრირებულ საკვებს, ან კიდევ მარცვლოვნების (ქერის ან შვრიის) ღერღილს.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

იხილეთ აგრეთვე: ცხვრის მოვლა-შენახვა, მეცხვარე ფერმერის სახელმძღვანელო

თქვენი რეკლამა