კამეჩი – იქ სადაც წყალია

1388 Views

კამეჩი მიეკუთვნება ხარისნაირთა ქვეოჯახის კამეჩის (Bubalus) გვარს. ის ძროხის მონათესავე სახეობაა მაგრამ მას არ უჯვარდება.

განასხვავებენ კამეჩის ორ სახეობას, აზიურს (Bubalus bubalus) და აფრიკულს (Bubalus sincerus); აზიური კამეჩის როგორც გარეული ასევე შინაური ფორმაა ცნობილი, ხოლო აფრიკული კამეჩი მხოლოდ გარეული ფორმითაა წარმოდგენილი.

აზიური კამეჩის მოშინაურების ადგილად ითვლება ინდოეთისა და ინდო-ჩინეთის ნახევარკუნძულები.

მასში განასხვავებენ ორ ტიპს გრძელრქიან ანუ ჭაობის და მოკლერქიან ანუ მდინარის კამეჩს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ტიპს ქრომოსომების რაოდენობა განსხვავებული აქვთ (შესაბამისად, 2n = 48 და 50-ს), ისინი უჯვარდებიან ერთმანეთს და გვაძლევენ ნაყოფიერ შთამომავლობას.

ამ სახეობის ბუნებრივი არეალია აზიის კონტინენტი, ევროპის სამხრეთი და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილი. ამასთან გვხვდება როგორც ბარში, ასევე მთიან ქვეყნებშიც (მაგ. ნეპალში). იმპორტირებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ისრაელში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში.

კამეჩი

გამოიყენება რძის და ხორცის საწარმოებლად, აგრეთვე როგორც მუშა პირუტყვი სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოების შესასრულებლად. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და მალაიზიის არქიპელაგის ქვეყნებში კამეჩის მონაწილეობით აწყობენ სხვადასხვა სანახაობებს და შეჯიბრებებს.

1960 წლისათვის საქართველოში კამეჩის სულადობა 60 ათას სულზე მეტი იყო, 2005 წლის მონაცემებით კი მხოლოდ 27 ათასი.

აზიური კამეჩის 40- მდე ჯიშია ცნობილი. ყველაზე მეტი ჯიში- 15 ჰყავთ ინდოეთში. ამ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოში წარმოებული კამეჩის რძის 50%.

სხვადასხხვა ჯიშებში ლაქტაციური მონაწველი ცვალებადობს 700-დან 2500 კგმდე. ამასთან, ცალკეული ინდივიდები იწველიან 4000-4500 კგ რძეს. ლაქტაცია, გრძელდება 300-305 დღე, თუმცა ხშირია შემოკლებული ლაქტაციის შემთხვევები.

ცხრილი. კამეჩის ზოგიერთი ჯიშის სარძეო პროდუქტიულობა.

კამეჩი, რძე

კამეჩის რძე შეიცავს თითქმის 2-ჯერ მეტ ცხიმს და 30-40%-ით მეტ ცილას, ვიდრე ძროხის რძე. ამასთან, მათ რძეში ქოლესტერინის რაოდენობა ნაკლებია, ტოკოფეროლის კი მეტი, ვიდრე სხვა სახეობის ცხოველების რძეში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტოკოფეროლი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, გასაგები გახდება ამ პროდუქტის მაღალი ბიოლოგიური ღირებულება;

გარდა ამისა, კამეჩის რძე მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, ხოლო პეროქსიდაზის აქტივობა მასში 2-4- ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ძროხის რძეში;

ამ სახეობის ცხოველის რძიდან ამზადებენ საყოველთაოდ ცნობილ იტალიურ ყველს მოცარელას. ჩვენში დიდად ფასობს კამეჩის რძიდან დამზადებული მაწონი, სულუგუნი და ნადუღი.

კამეჩი გვიანმწიფადი ცხოველია. როგორც წესი, პირველად იგებს 3,5-4 წლის ასაკში. მაკეობის ხანგრძლივობა 305-340 დღეა. ჯიშების უმრავლესობა შავი ფერისაა. ამასთან გვხვდება თეთრი, წითელი და შავჭრელი ჯიშები.

კამეჩი

მათ სხეული კუთხოვანი ფორმის და ტლანქი აქვთ, თავი მძიმე, მინდაო ოდნავ შემაღლებული, გულმკერდი საშუალო სიღრმისა და სიფართის, ზურგისა და წელის ხაზი ოდნავ ჩაზნექილი, გავა მოკლე და დაქანებული, მუცელი მოცულობიანი, არც თუ იშვიათად ჩამოშვებული, კიდურების დადგმა სწორი, კუნთები სუსტად განვითარებული, ძვლოვანი სისტემა მსხვილი, ჩლიქები მაგარი, ტყავი სქელი, რომელიც დაფარულია იშვიათი ბალნით.

ამ სახეობის ცხოველების მოშენების აუცილებელი წინაპირობაა წყლის არსებობა. საქმე ის არის, რომ მათ საოფლე ჯირკვლები სუსტად აქვთ განვითარებული, რის გამო სიცხისას ის წყალში ჩაწოლით ცდილობს შეინარჩუნოს ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

კამეჩი, ზაქი

კამეჩი 12-15%-ით უფრო უკეთ ინელებს უხეში საკვების საყუათო ნივთიერებებს, ვიდრე ძროხა. ის მადიანად შეექცევა უხეში საძოვრის ისეთ ბალახნარს, რომელსაც, როგორც წესი, ჩვეულებრივი ძროხა არ ჭამს.

მისი მოშენება უფრო ეფექტურია მწირი კვებისას, მაგრამ სწრაფად რეაგირებს კვებისა და მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესებაზე.

ზრდის ინტენსივობით კამეჩი ჩამორჩება ძროხის კულტურულ ჯიშებს, მაგრამ სჯობს პრიმიტიულ (მაგ. ქართულ) ჯიშებს.

ინტენსიურად კვებისას 16 თვის ასაკისათვის კავკასიური კამეჩის ქართული პოპულაციის ხარზაქის ცოცხალი მასა 360-390 კგ-ს აღწევს. ზრდასრული კამეჩის საკლავი გამოსავალი 48- 51%-ა, ინტენსიურად გამოზრდილი ზაქის კი 54-55%.

კამეჩი, ჯოგი

კამეჩის ხორცი შეიცავს 64-69 % წყალს, 19-20 % ცილებს, 10-15% ცხიმებს და 0,8-0,9% მინერალურ მარილებს. ამასთან, ჩვეულებრივ ძროხასთან შედარებით, კამეჩის ტანხორცში ნაკლებია რბილობის (ჭამადი ნაწილის) რაოდენობა, სიმაგრით და გემოვნებით კი 2-2,5 წლის ასაკამდე ზაქის ხორცი პრაქტიკულად არ განსხვავდება იმავე ასაკის ძროხის მოზარდის ხორცისაგან; არის ცნობები, რომ ზაქის ხორცი წარსულში ანემიის (სისხლნაკლულობის) და ლეიკოზის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

იხილეთ გარეთვე: მეკამეჩეობა საქართველოში

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB