გერმანული ნაგაზი – მეცხვარე და სამუშაო ძაღლი

გერმანული, ნაგაზი, ავჩალკა

წარმოშობის ისტორია

1850-იან წლებში, ევროპაში ადგილი ჰქონდა ძაღლის ჯიშების სტანდარტიზაციის მცდელობებს. ძაღლები გამოყავდათ იმისათვის, რათა მათში მომხდარიყო ისეთი თვისებების შენარჩუნება, რაც მათ ეხმარებოდა ცხვრების მწყემსვასა და ფარის მტაცებელი ცხოველებისაგან დაცვაში.

გერმანიაში ეს პროცესი ხორციელდებოდა ადგილობრივი თემებში, სადაც მწყემსები ირჩევდნენ და გამოყავდათ ისეთი ძაღლები, რომელთაც მათი აზრით გააჩნდათ ცხვრების მწყემსვისათვის საჭირო თვისებები. მაგალითად გონიერება, სისწრაფე, ძალა და ყნოსვის კარგი უნარი. შედეგად ღებულობდნენ ძაღლებს, რომელთაც გააჩნდათ ზემოაღნიშნული თვისებები, თუმცა ისინი გარეგნულადაც და შესაძლებლობების მხრივაც განსხვავდებოდნენ თემიდან თემში.

ამ სხვაობის აღმოსაფხვრელად, გერმანიაში არსებული ადგილობრივი ძაღლის ჯიშებისათვის სტანდატიზებული განვითარების გეგმის შექმნის მიზნით  1891 წელს ჩამოყალიბდა ფილაქსის საზოგადოება (Phylax Society). ეს საზოგადოება დაიშალა სამი წლის შემდეგ გაუთავებელი შიდა კონფლიქტების გამო ძაღლებში გარკვეული თვისებების წინა პლანზე წამოწევასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ზოგიერთ წევრს სწამდა, რომ ძაღლები უნდა გამოეყვანათ მხოლოდ სამუშაო მიზნებისათვის, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ძაღლებში გარეგნობა ფასობდა. თავიანთი განზრახვის წარუმატებლობის მიუხედავად, ფილაქსის საზოგადოებამ ხალხს მისცა ბიძგი ძაღლების ჯიშების დამოუკიდებლად სტანდარტიზაციისა.

გერმანიაში დიდი ინდუსტრიული ქალაქების აღმშენებლობასთან ერთად, მოსახლეობამ, რომელთაც შინაური პირუტყვი ჰყავდათ, კლება დაიწყო და მეცხვარე ძაღლებიც თითქოს უფუნქციოდ დარჩა, თუმცა მეორეს მხრივ, ცნობიერებამ მეცხვარული ძაღლის, როგორც უნივერსალური და გონიერი ძაღლის კლასის შესახებ აღმასვლა იწყო.

კავალერიის ექს-კაპიტანი და ბერლინის ვეტერინარული კოლეჯის ყოფილი სტუდენტი – მაქს ფონ შტეფანიცი ფილაქსის საზოგადოების ყოფილი წევრი იყო, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ ძაღლების გამოყვანა უნდა მომხდარიყო სამუშაო მიზნებისათვის. იგი აღტაცებული იყო ადგილობრივი გერმანული მეცხვარე ძაღლების გონიერებით, ძალითა და შესაძლებლობებით, თუმცა ვერ მოეძებნა ძაღლის ერთი ჯიშიც კი, რომელიც დააკმაყოფილებდა სრულყოფილი მუშა ძაღლის განმსაზღვრელ მის მოთხოვნებს.

1899 წელს ფონ შტეფანიცი ესწრებოდა ძაღლების შოუს, როცა მას წარუდგინეს ძაღლი, სახელად ჰექტორ ლინკსრაინი (Hektor Linksrhein). ჰექტორი იყო რამდენიმე თაობის სელექციური ბრიდინგის შედეგად მიღებული ძაღლი და სრულებით აკმაყოფილებდა ფონ შტეფანიცის წარმოდგენას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მუშა ძაღლი. მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძაღლის სიძლიერემ, გონიერებამ, ერთგულებამ და სილამაზემ, რომ დაუყოვნებლივ იყიდა იგი.

ძაღლის შეძენის შემდეგ, ფონ შტეფანიცმა გადაარქვა ძაღლს სახელი, უწოდა ჰორანდ ფონ გრაფრატი (Horand von Grafrath) და დააარსა გერმანული მეცხვარული ძაღლის საზოგადოება. ჰორანდი გამოცხადდა პირველ გერმანულ მეცხვარე ძაღლად და იყო ასევე პირველი ძაღლი დაფუძნებული საზოგადოების ჯიშის ჟურნალში.

ჰორანდი იყო შემდგომი ბრიდინგის პროგრამების ამოსავალი წერტილი და მისი შეჯვარება ხდებოდა სხვა საზოგადოებების წევრების ისეთ ძაღლებთან, რომელთაც გააჩნდათ სასურველი თვისებები და ასევე ძაღლებთან, რომლებიც იყვნენ თიურინგიიდან, ფრანკონიიდან და ვურტემბერგიდან. ჰორანდის ყველაზე წარმატებული შვილი იყო ჰექტორ ფონ შვაბენი (Hektor von Schwaben).

ჰექტორის შეჯვარება მოხდა ჰორანდის სხვა შთამომავლებთან და შედეგად გაჩნდნენ ჰაინც ფონ შტარკენბურგი, ბეოვულფი და პილოტი (Heinz von Starkenburg, Beowulf and Pilot), რომლებმაც შემდეგ 84 ლეკვი გააჩინეს, რომელთა უმეტესობაც ჰექტორის შთამომავლებთან შეჯვარების შედეგად გაჩნდა.

ასეთი ვიწრონათესაური გამრავლება საჭიროდ მიიჩნეოდა, რათა მომხდარიყო ჯიშში სასურველი თვისებების ჩანერგვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული მეცხვარული ძაღლის სარეგისტრაციო ჟურნალში დაფიქსირებულია  ოთხი ლეკვი. რომლებიც მგელთან შეჯვარების შედეგს წარმოადგენდა. რაც შეეხება ფონ შტეფანიცს, იგი ითვლება გერმანული მეცხვარული ძაღლის შემქმნელად.

ნაგაზი, ავჩარკა

 

ისტორია რინ-ტინ-ტინზე

რინ-ტინ-ტინი (რინტი) იყო ხვადი გერმანული ნაგაზი, რომელიც ჯერ კიდევ ლეკვობისას, პირველი მსოფლიო ომის დროს, 1918 წელს საფრანგეთში გადაარჩინა აშშ-ს არმიის კაპრალმა – ლი დუნკანმა და მომდევნო წელს, მეორე გადარჩენილ, ძუ გერმანულ ნაგაზ – ნანეტთან ერთად წაიყვანა ამერიკაში. დუნკანმა რინტი გაწვრთნა და ასწავლა სხვადასხვა სახის ტრიუკების შესრულება, მათ შორის დიდ სიმაღლეებზე გადახტომა.

ლოს-ანჯელესში გამართული გერმანული ნაგაზების შოუს დროს, რინ-ტინ-ტინმა გააკეთა ნახტომი 3,58 მ-ზე და გაიმარჯვა კიდეც. ეს მომენტი დუნკანის მეგობარმა – ჩარლი ჯოუნსმა თავისი ნელი მოძრაობის კამერით აღბეჭდა. ფირის ნახვის შემდეგ, დუნკანი დარწმუნდა იმაში, რომ მისი ძაღლი მომავალი სთრონგჰართი იქნებოდა,რომელიც ძალიან წარმატებული ფილმების მსახიობი ძაღლი იყო; გააჩნდა საკუთარი სახლი და მისი სახელი ქუჩასაც კი ერქვა.

რინტის დებიუტი 1922 წელს შედგა ფილმში ”The Man From Hell’s River”, რომელშიც მან მგელი შეცვალა. მგელი კამერასთან სათანადოდ ვერ მუშაობდა და როლსაც ვერ ასრულებდა, ხოლო რინტისთან მუშაობა ძალიან გაადვილდა დუნკანის ხმოვანი ბრძანებების დახმარებით. რინ-ტინ-ტინს თავისი „კარიერის“ განმავლობაში ბევრჯერ მოუწია მგლის ან მგლის ჰიბრიდის განსახიერება, რადგან ფილმების შემქმნელებისათვის გაცილებით ადვილი იყო გაწვრთნილ ძაღლთან მუშაობა. რინტიმ ითამაშა სხვა მუნჯ ფილმებშიც, რომლებმაც მას საოცარი პოპულარობა, ხოლო ”ვორნერ ბროს” (ფილმების გადამღებ კომპანიას) კი არნახული მოგება მოუტანა. იგი იქცა ჰოლივუდის ლეგენდად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1929 წლის აკადემიური ჯილდოს (ოსკარის) გადაცემის ცერემონიისათვის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე რინტიმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა აკადემიამ მეტი სერიოზულობის გამოჩენის მიზნით განსაზღვრა, რომ ჯილდო უნდა მიეღო ადამიან მსახიობს. რინ-ტინ-ტინის კანდიდატურა მოიხსნა და მოხდა ხმის ხელახალი მიცემა. შედეგად, საუკეთესო მსახიობის ტიტული და შესაბამისი ოსკარიც ერგო გერმანელ მსახიობ – ემილ ჯენინგსს.

რინ-ტინ-ტინს ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში 1963 წელს.

ნაგაზი, ავჩარკა

გერმანული ნაგაზი, როგორც სამუშაო ძაღლი

გერმანული ნაგაზების მოშენება მოხდა განსაკუთრებით მათი გონიერების გამო. ესაა ის თვისება, რითაც ძაღლის ამ ჯიშმა სახელი გაითქვა. სტენლი კორენის წიგნში „ძაღლების ინტელექტი“, გერმანულ ნაგაზს მესამე ადგილი უჭირავს ბორდერ კოლისა და პუდელის შემდეგ.

გერმანული ნაგაზების გონიერებისა და ძალის წყალობით, მათი გაწვრთნა ხდება სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად. ისინი ჩინებულად ასრულებენ საპოლიციო, სამძებრო, სამაშველო, კვალის ამღებ და სამხედრო დავალებებს.

გერმანული ნაგაზი შესანიშნავი საპოლიციო ძაღლია და შეუძლია კრიმინალების დევნა, განსაკუთრებით საშიში ტერიტორიების პატრულირება და ეჭვმიტანილების დაკავება. ბრწყინვალე ყნოსვის წყალობით, მას იყენებენ სხვადასხვა სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შესასრულებლად; გარდაცვლილი ადამიანების, ნარკოტიკებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად. იგი ასევე მეგზურობას უწევს უსინათლო და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

გერმანული ნაგაზების გამოყენება დღემდე ხდება ასევე ცხვრების სამწყემსად. ისინი აკონტროლებენ მინდვრის საზღვრებს, რათა ცხვრები არ გადავიდნენ საზღვარს მიღმა და არ დააზიანონ მოსავალი.

ნაგაზი, ავჩარკა

ქცევა და ხასიათი

გერმანული ნაგაზი ძლიერი და ათლეტური ჯიშის ძაღლია, ამიტომ არასწორად აღზრდის ან ადრეულ ასაკიდანვე სოციალიზაციის არქონის შემთხვევაში, შეიძლება გამოხატოს აგრესია და საშიში გახდეს. სწორად აღზრდილი გერმანული ნაგაზი კი ერთგული და დინჯი, ოჯახის საყვარელი წევრი იქნება. ამ ძაღლს ესაჭიროება ძლიერი, ზრდასრული ადამიანის მიერ მკაცრად მართვა და მის მეგობრობას დამსახურება უნდა. თუ ამას მიაღწევთ, მისი სახით უერთგულეს მეგობარს შეიძენთ.

გამორჩეული გონიერების წყალობით, ძაღლის ეს ჯიში ადვილად იწვრთნება და დამჯერი ხდება. გერმანული ნაგაზი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ყეფს და არ უნდა მოხდეს მისი დიდი ხნით მარტო დატოვება სახლში. იგი შესანიშნავი მოდარაჯე და მცველი ძაღლია. გერმანულ ნაგაზს სჭირდება დიდი ეზო ან რეგულარული (ყოველდღიური) და ბევრი ვარჯიში ენერგიის დახარჯვისა და ფორმაში ყოფნისათვის. მან იცის კარგი ხტომა და ცურვა და ასევე ძალიან უყვარს თამაში.

მოვლა

გერმანულ ნაგაზს სჭირდება მცირედი მოვლა. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს მისი ყოველდღიური ვარჯიში და არა სახლში ჩაკეტვა. იგი არის ძაღლის ის ჯიში, რომელსაც მუდმივად ცვივა თავისი უხეში ბეწვი,ამიტომ საჭიროა მისი ხშირი (კვირაში რამოდენიმეჯერ) დავარცხნა. განსაკუთრებით განგურის დროს არის აუცილებელი მკვდარი თივთიკის მოცილება სპეციალური ჯაგრისით, რადგან ის ახალამოსულ ბეწვს ეკრობა.

ბანაობა სასურველია საჭიროების შემთხვევაში ან მშრალი შამპუნით გასუფთავება. ასევე საჭიროა გერმანული ნაგაზისათვის ფრჩხილების დაჭრაც, თუკი იგი სახლშია. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი გერმანული ნაგაზი ეზოს ძაღლია, იგი თავად დაიცვეთს ფრჩხილებს სირბილითა და მიწის თხრით.

ჯანმრთელობა

გერმანული ნაგაზის ჯიშის ჩამოყალიბების საწყის პერიოდში ვიწრონათესაური შეჯვარების შედეგს წარმოადგენს ბევრი ისეთი ავადმყოფობა, რაც ძაღლის ამ ჯიშისთვისაა დამახასიათებელი. ასეთია მაგალითად მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრის დისპლაზია, რამაც შეიძლება შემდგომ ართრიტი გამოიწვიოს.

დეგენერაციული მიელოპათია – ნევროლოგიური დაავადება – ზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანება.

ფონ ვილებრანდის დაავადება – მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწვევს.

კუჭქვეშა ჯირყვლის (პანკრეასის) უკმარისობა – რაც აფერხებს საჭმლის მონელებას და იწვევს წონის კლებას.

წყარო:  canophilia.wordpress.com /პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)/პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები/ვიკიპედია/ დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი/.

იხილეთ აგრეთვე: ძაღლის ქართული აბორიგენული ჯიშები

თქვენი რეკლამა