შემჭიდროებული კულტურების ქვეშ იგულისხმება ფართობის ისეთი გამოყენება ერთ სავეგეტაციო პერიოდში, რომლის დროსაც ერთდროულად ან თანმიმდევრულად იმავე ნაკვეთზე ერთი და იმავე ან სხვადასხვა კულტურის რამდენიმე მოსავალი მიიღება.
ნიადაგში არსებული არც საკვები ნივთიერებები და არც ტენი მთლიანად არ გამოიყენება წმინდა კულტურის წარმოების დროს.
ნიადაგში არსებულ საკვებ ნივთიერებათა დიდი ნაწილი, მცენარის ფესვთა სისტემის სრულად განვითარების მომენტამდე, სრულებით უსარგებლოდ ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში.
ნიადაგის ტენის ნაწილი აგრეთვე უსარგებლოდ იკარგება აორთქლებაზე ნიადაგის დაუფარავი ნაწილიდან. შემჭიდროებული კულტურა ნიადაგის ფაქტორებთან მიმართებით მათი რაციონალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამასთანავე საჭიროებს საკვებ ნივთიერებათა და ტენის დამატებით რაოდენობას.
ყოველგვარი შემჭიდროების დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
→ შემჭიდროებული კულტურის წარმოების დროს ნიადაგი შედარებით კარგად უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკვები ნიფთიერებებითა და ტენით.
→ შემჭიდროების სქემებში კულტურათა განლაგება ისეთი უნდა იყოს, რომ ისინი ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებოდნენ ტენის მოთხოვნილებით (დაცულ გრუნტში, პირიქით, ტენიანობის რეჟიმის მიმართ მოთხოვნილება ერთგვარი უნდა იყოს), ნიადაგობრივი კვების ელემენტებისადმი დამოკიდებულებით, ფესვთა სისტემის და მიწისზედა ნაწილების განვითარების ხასიათით, სინათლისადმი მოთხოვნილებით, სავეგეტაციო პერიოდის სიგრძით.
→ კულტურები შეძლებისდაგვარად მოვლის თვალსაზრისით ერთნაირი მოთხოვნილებით უნდა ხასიათდებოდნენ. დაცულ გრუნტში კი სითბოსადმი და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობისადმი მოთხოვნილების თვალსაზრისით მსგავსი უნდა იყვნენ.
შემჭიდროება ძირითადად ორგვარია, ერთდროული და თანმიმდევრული.
თანმიმდევრული ანუ ნაყოფცვლითი შემჭიდროების დროს სხვადასხვა კულტურიდან თითოეული მოიყვანება წმინდა სახით ერთის მეორეთი შეცვლით, ე.ი. თანმიმდევრობით, მაგრამ ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, ან შეიძლება უკანასკნელი შემამჭიდროებელი კულტურის პროდუქტიული ნაწილის ფორმირების ფაზა მეორე სავეგეტაციო პერიოდშიც გადავიდეს.
ასეთი თანმიმდევრული შემჭიდროების ძირითად თავისებურებად ითვლება ცალკეულ კულტურათა შორის მორიგეობა. საკვებ ნივთიერებათა სხვადასხვანაირი გატანით და თესვისა და აღების ვადების ზუსტი დაკავშირება.
მაგალითისთვის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ზონის მებოსტნეობისა და სუბტროპიკული რაიონების მებოსტნეობაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის (თანმიმდევრობის) შემჭიდროებები:
• ისპანახი, კიტრი, წითელი ბოლოკი;
• თვის ბოლოკი, ლობიო პარკად, სტაფილო;
• წიწმატი, პამიდორი, ცერეცო მწვანილად;
• საადრეო კარტოფილი, საგვიანო კომბოსტო;
• შემოდგომაზე დარგული საადრეო კომბოსტო, საგვიანო ლობიო;
• შემოდგომაზე დარგული საადრეო კომბოსტო, საგვიანო კომბოსტო;
• შემოდგომაზე დარგული საადრეო კომბოსტო, საგვიანო კარტოფილი;
• შემოდგომაზე დარგული საშუალო კომბოსტო, წითელი ბოლოკი;
• ისპანახი, შემდეგ პამიდორი, წიწმატი;
• თვის ბოლოკი, ბადრიჯანი;
• ისპანახი, საგვიანო კომბოსტო;
• სალათა, საგვიანო ყვავილოვანი კომბოსტო.
ერთდროული შემჭიდროების დროს, ძირითადი და შემამჭიდროებელი კულტურები, თუმცა შესაძლოა არა მთელ პერიოდში, მაგრამ მაინც მოცემულ ფართობზე ერთ და იმავე დროს შეიძლება იმყოფებოდნენ.
აქ ძირითადი კულტურის გაადგილებასთან დაკავშირებით შემჭიდროება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. ამ შემთხვევაში მრავალგვარად შეიძლება შემჭიდროება, რომლის დროსაც შემამჭიდროებელი კულტურების რიგები განლაგდება ძირითადი კულტურის მწკრივის ახლოს ერთი მხრიდან, ან გვერდიდან, ან რამდენიმე მხრიდან.
ისეთი შემჭიდროებაც შეიძლება, როდესაც ძირითადი კულტურა ითესება ან ირგვება ჩვეულებრივი წესით, ხოლო შემამჭიდროებელი განლაგდება გვერდით მწკრივის ნაპირზე ან ბაძოკვლის თხემიდან 10-15 სმ დაშორებით.
მწკრივთაშორის შემჭიდროების დროს ძირითადი კულტურის მწკრივთაშორის განალაგებენ შემამჭიდროებელი კულტურის მწკრივებს. მაგ. საადრეო კომბოსტო + საგვიანო კომბოსტო, პამიდორი + ყვავილოვანი კომბოსტო და სხვ.
დიდ ყურადღებას იმსახურებს და პრაქტიკულად ფართოდაა გავრცელებული შერეული ნათესები სტაფილოს ან ნიახურის სალათასთან, ძირთეთრას ცერეცოსთან, ჭარხლის ისპანახთან ან თვის ბოლოკთან, თვის ბოლოკისა ქინძთან და სხვ.
ნათესის მექანიზებული მოვლის თვალსაზრისით შემჭიდროების ეს სახე საშუალო ადგილზე დგას თანმიმდევრულ (ნაყოფცვლით) შემჭიდროებასა (რომელიც არ აფერხებს მექანიზაციის გატარებას) და ერთდროულად შემჭიდროებას შორის (რომელიც მეტად აძნელებს მექანიზაციას).
ერთდროული შემჭიდროების დროს, განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბიოლოგიურად სასარგებლო შემამჭიდროებლებს.
ჩატარებული გამოკვლევებით მზესუმზირა, პამიდორი, გოგრა და კიტრი აძლიერებენ კარტოფილზე ფიტოფტორას განვითარებას. ხოლო ჭარხალი, სტაფილო, სალათა, ცერეცო, ხახვი, ოხრახუში და კომბოსტო აჩერებენ და აფერხებენ კარტოფილზე ფიტოფტორის გაჩენასა და განვითარებას. კომბოსტო პიტნასა და პამიდორთან ერთად მოყვანისას ნაკლებად იჩაგრება მავნებლებისაგან.
მეცნიერთა დაკვირვებით, ხახვისა და ქინძის ერთდროული თესვა, აგრეთვე სტაფილოსა და ქინძის ერთდროული თესვა იცავს მათ ხახვისა და სტაფილოს ბუზით დაზიანებისაგან. აქ, როგორც ეტყობა, ქინძის ფოთლებისაგან ანაქროლი არომატულ-სურნელოვანი ნივთიერება აფრთხობს ბუზს და აღარ დებს კვერცხებს მცენარის ფესვის ყელთან.
დაცულ გრუნტშიც, სადაც შემჭიდროების შესაძლებლობას ხშირად საგრძნობლად ზღუდავს სინათლის უკმარისობა, საუკეთესო შედეგებს იძლევა მწკრივთაშორის შემჭიდროების რაციონალური სქემები.
ავტორები: ლ.ალფაიძე; ე.მოთიაშვილი; ნ. ჭანკვეტაძე /მებოსტნეობა/
იხილეთ აგრეთვე (სტატიაში მოცემულია სხვადასხვა კულტურების შეთავსებადობის ცხრილიც): ბოსტნეული კულტურების შეთავსებადობა, თანამიმდევრული მოყვანის წესები