ბოსტნეული კულტურების ნერგების (ჩითილების) გამოწრთობა

ჩითილები

ნერგის (ჩითილის) თავდაპირველი ზრდის პირობები, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვნად განსხვავდება ღია ან დახურული გრუნტის პირობებისგან, სადაც მცენარე შემდგომში უნდა გაიზარდოს და განვითარდეს.

თუ ჩითილს ამ პირობებთან შეუჩვევლად დავრგავთ, ის რთულად გადარჩება, დიდხანს იავადმყოფებს და ფოთლებს დაკარგავს.

ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა ნერგის გამოწრთობა, ანუ ზრდის მუდმივი ადგილის პირობებთან შეჩვევა. ამ მიზნით, ასევე ნერგის ზედმეტად გაზრდის თავიდან ასაცილებლად, მუდმივ ადგილზე გადარგვამდე 10-15 დღით ადრე ნერგების რწყვა იზღუდება, 5-7 დღით ადრე კი მთლიანად წყდება.

გარდა ამისა, თბილ ამინდში ნერგები შენობიდან გარეთ გააქვთ, თავიდან მცირე, შემდეგ კი სულ უფრო მეტი ხნით. სათბურში მოყვანისას ნერგებს მეორე საფარს ხდიან და კარებსა და სარკმელებს აღებენ, თანაც არა მხოლოდ დღის საათებში, არამედ თბილ ამინდში ღამითაც.

თუმცა გამოწრთობის პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ ნულს დაბლა ტემპერატურაზე ახალგაზრდა ნერგები შეიძლება დაზიანდეს ან სულაც დაიღუპოს, ამიტომ მოსალოდნელი ყინვის შემთხვევაში, ნერგები ჩვეულებრივ, თბილ გარემოში უნდა დააბრუნოთ.

კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ყაბაყის, გოგრის, პატისონის, ლობიოს, სიმინდის, საზამთროსა და ნესვის ნერგების გამოყვანისას ჰაერის ტემპერატურა +60C-ზე დაბლა არ უნდა დაეცეს, თორემ ეს მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.

მუდმივ ადგილზე გადარგვამდე ერთი კვირით ადრე ნერგებს ფოსფორისა და კალიუმის შემცველ მინერალურ დამატებით საკვებს აძლევენ. მაგ.: სუპერფოსფატსა და ქლოროვან კალიუმს. ამ შემთხვევაში 10 ლ. წყალზე იღებენ 40-50 გრ. სუპერფოსფატსა და 20-30 გრ. ქლოროვან კალიუმს.

გადარგვამდე რამდენიმე საათით ადრე, ნერგები უხვად უნდა მოირწყას. სიცივისადმი გამძლეობის ასამაღლებლად ნერგებს ქლოროვანი კალიუმის ხსნარით რწყავენ. 10 ლ. წყალზე 20-30 გრ. ქლოროვანი კალიუმი.

ნებისმიერი მეთოდით, მაგრამ სწორად გამოყვანილ და საკმარისად გამოწრთობილ ნერგს უნდა ქონდეს დაბალი ღერო, მოკლე მუხლთაშორისი და ბოჭკოვანი ფესვთა სისტემა, მუქი შეფერილობა და არავითარი დაზიანება.

გამოწრთობილ ნერგს შაქრების დიდი ოდენობა უგროვდება, ფოთლების ზედაპირზე სქელი ეპიდერმისი წარმოიქმნება და მას ჰაერის ტემპერატურის დაწევა +4-6 გრადუსამდე კარგად გადააქვს.

გადარგვისთვის ნერგის მზადყოფნა მცენარის ფოთლების ოდენობით განისაზღვრება. კიტრის, ყაბაყისა და პატისონის ნერგებს უნდა ქონდეს 3-4 ნამდვილი ფოთოლი, პომიდვრისას – 8-11 ფოთოლი და ყვავილი, ზოგიერთ მცენარეს მცირე ნასკვები, კომბოსტოს ნერგს კი 5-6 ფოთოლი.

ყუთებში, პიკირების გარეშე გამოყვანილი ნერგები ბაღის ნაკვეთზე უშუალოდ ყუთებით მიაქვთ, ხოლო ჭიქებში გამოყვანილი ნერგები მუყაოს კოლოფებში ლაგდება, რათა ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს.

ბოსტნეული კულტურების ჩითელები რამდენიმე ხერხით გამოყავთ: სანერგე ყუთებში დათესვა, ჭიქებში დათესვა და პირდაპირ სათბურის კვლებში დათესვა.

პირველი მეთოდის მიხედვით, თესლს პატარა ხის ან პლასტმასას, დაახლოებით 25-30 X 20-25 ზომის და 8-10 სმ. სიმაღლის სანერგე ყუთებში თესავენ. ყუთები თბილ შენობაში ან სათბურში ლაგდება. ასეთ ყუთებში თესლი საკმაოდ მჭიდროდ ითესება – 20-25 ნათესი 100 სმ2-ზე, 2-3 კვირაში, აღმონაცენების გაჩენის შემდეგ, ნერგები, რომლებსაც 2-3 ნამდვილი (არა ჩანასახოვანი) ფოთოლი აქვს, პიკირდება, ანუ გადაირგვება შედარებით ხალვათად, ტორფნეშომპალიან ქოთნებში, საკვებ კუბებში ან ინდივიდუალურ ჭიქებში (ჭურჭელში), რომლებშიც მცენარე რჩება დაცული გრუნტის შენობაში გადარგვამდე.

ჩითილების გამოყვანისას პიკირების გამოყენება ადგილის ეკონომიის საშუალებას იძლევა. თანაც შემდგომი ზრდისთვის ყველაზე გამძლე ნერგები შეირჩევა და ისინი საჭირო სიღრმეზე პიკირებით დაითესება.

პიკირებისთვის (გადარგვისთვის) ყველაზე ძლიერ, კარგად ჩამოყალიბებულ, 2-3 ნამდვილ ფოთლიან მცენარეებს ირჩევენ. დასუსტებული და ზედმეტად გაზრდილი, ასევე დაავადებული ან თესლის გარსმოუშორებელი ნერგები პიკირებისთვის არ გამოდგება და ისინი უნდა გადაიყაროს.

პიკირებისას, თავიდან თითით ან სანერგე პალოთი პატარა ორმო კეთდება, სადაც ნერგი ჩანასახოვან ფოთლებამდე ეშვება და შემდეგ ფესვებს მიწა ეყრება.

პიკირების დროს ფესვების მოკეცვა რეკომენდებული არ არის, რადგან ეს მცენარის შემდგომ ზრდასა და განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

წყარო: ბოსტნეული კულტურების ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა