ვარდი (Rosa), რომელიც კულტურაში ფართოდაა ცნობილი, ვარდისებრთა ოჯახს (Rosaceae) ეკუთვნის. წარმოშობილია ველურად მოზარდი წინაპრისაგან – ასკილისაგან.
ისტორიული მონაცემების მიხედვით და არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი მასალის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ასკილი თავისი სასარგებლო თვისებებით და სილამაზით ოდითგანვე იქცევდა ყურადღებას. პირველი ცნობები ასკილის ბოტანიკურ დახასიათებაზე, ნაყოფის სასარგებლო თვისებებზე, მის გამოყენებაზე მებაღეობაში და მოვლა-პატრონობის შესახებ გამოქვეყნებული ჰქონდა თეოფრასტეს „ბუნების ისტორიაში“. ასკილის სამეურნეო გამოყენების შესახებ ღვინის, ძმრის, საღებავი და მთრიმლავი ნივთიერებების შემცვლელობაზე ცნობები მოცემული აქვთ ჰეროდოტეს და პლინიუსს.
ცნობილია ასკილის 200-მდე სახეობა, მათ შორის საქართველოში 30 (რ. გაგნიძე 2005). ველურ ვარდს ახასიათებს შიგასახეობრივი ცვალებადობა, რის შედეგადაც წარმოქმნილია მრავალრიცხოვანი ფორმები და ჯიშები. ამჟამად არსებული ვარდის კულტურული ფორმები და რამდენიმე ათასი ჯიში მიღებულია ჯერ ველური, შემდეგ კი კულტურული ვარდების სელექციისა და ჰიბრიდიზაციის გზით.
გვარ ვარდის წარმომადგენლები სწორმდგომი ბუჩქებია, იშვიათად მცოცავი, ფოთოლმცვენი ან მარადმწვანე, სხვადასხვა ზომის – 15-20 სმ-იდან რამდენიმე მეტრის სიმაღლემდე, ზოგიერთის ყლორტის სიგრძე 10 მეტრსაც კი აღწევს. ღერო სხვადასხვა შეფერილობისაა და დაფარულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ეკლებით. ზოგიერთის (R.rugosa) ყლორტს, კაქტუსების მსგავსად, წვრილი ნემსისებური ეკლები ფარავს. ზოგიერთი კი ძლიერი, ერთმანეთისგან ზომიერად დაშორებული ეკლებითაა მოფენილი. ზოგიერთი ეკალი, როგორც ფორმით, ისე შეფერვით, ჯიშს დეკორატიულ იერსაც აძლევს. გვხვდება უეკლო სახეობები და ფორმები. ფოთლები კენტფრთართულია, 5 ან 9-ფოთოლაკიანი და ღეროზე სპირალურადაა გაწყობილი, თანაფოთლები მეტწილად ყუნწებზეა მიზრდილი. ჩაის ჰიბრიდების ფოთლები უმეტესად 5-ფოთოლაკიანია. ფოთლები ძირითადად ტყავისებრია, პრიალა, არის დაჭმუჭნულიც.ნორჩი ფოთლები უმეტესად წითლადაა შეფერილი, რომელიც შემდეგ ღია მწვანიდან მუქ მწვანეში გადადის. არის ულამაზესი მოვერცხლისფრო-მწვანე შეფერილობისაც (R.glauca) რის გამოც შეიძლება ის ფოთოლდეკორატიულ ბუჩქების ჯგუფსაც მიეკუთვნოს. არის ჭრელფოთოლა ფორმებიც, მწვანე ფოთოლზე ყვითელი ლაქებით. ბუჩქების დეკორატიულობა განისაზღვრება ფოთლების სიხშირით. ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ძლიერი შემწოვი ბუსუსებით. ფესვის ყელიდან ამომავალ ყლორტებს პირველი რიგის ყლორტები ეწოდება, მათგან გამომავალს – მეორე რიგის ყლორტები, მათგან გამომავალს – მესამე რიგის და ა.შ. ნამყენ ვარდებზე ნამყენის ადგილის ქვემოდან გამომავალი ყლორტები – ველური ამონაყარია, რომელიც უნდა მოშორდეს.
ყვავილი ორსქესიანია. სახეობების უმრავლესობას გვირგვინის და ჯამის ფურცლები მარტივი აქვთ. ყვავილის ცენტრში მოთავსებულია მტვრიანები სამტვრე მარცვლებით, რომლებიც ნათლად ჩანს, ხოლო ბუტკო ყვავილსაჯდომის შიგნითაა დამალული. განაყოფიერების დროს ყვავილის მამრობითი ორგანო – მტვრის მარცვლები სვეტის გავლით თესლკვირტში – ყვავილის მდედრობით ორგანოში შედის და კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს, საიდანაც წარმოიქმნება თესლი, მთლიანად ყვავილისაგან კი – ნაყოფი.
კულტურული ვარდების ყვავილები მრავალფეროვანია, ზომით – 1,8 სმ-დან 16-18 სმ-მდე. გვირგვინის ფურცლების რაოდენობა 5-დან 100-მდეა. არსებობს მარტივი ფორმები და ისეთი ყვავილედიც, სადაც 3-დან 200-მდე ყვავილია. მარტივ ყვავილად ითვლება 5 გვირგვინის ფურცლიანი ვარდი, 8-15 გვირგვინის ფურცლიანი ითვლება ნახევრად ბუთხუზად, მეტი გვირგვინის ფურცლიანი – ძლიერ ბუთხუზად. ეს დაყოფა პირობითია და ეყრდნობა შთაბეჭდილებას, რომელსაც ყვავილი ერთი შეხედვით ტოვებს. ყვავილები ფორმის მიხედვითაც სხვადასხვანაირია, უბრალო გადაშლილი ყვავილი ლამბაქის ფორმისაა, არსებობს ფინჯნის ფორმის და ბურთისებრი. ბურთისებრი კოკორი გაშლის შემდეგ ფინჯნის ფორმას იღებს.
ბურთისებური ბუთხუზა ფორმები გადაშლის შემდეგ პომპონებს ემსგავსება. განსაკუთრებით კი ძველ ჯიშებში კლასიკური ელეგანტური ფორმის ყვავილი აქვთ ჩაის ჰიბრიდებს: ბოკალის ან კონუსის ფორმა, როცა შიდა გვირგვინის ფურცლები დახვეულია კონუსის მსგავსად; ხოლო ბოკალის ფორმა აქვს ნახევრად გადაშლილ ყვავილს. ხშირად ზოგიერთი ჯიში, განსაკუთრებით კი ძველი ინგლისური ვარდებისა, გადაშლის შემდეგ იორდასალამის ფორმას იღებს. არსებობს გიორგინის მაგვარი ქვ. კორდესის ჯიში (Lემონ ღანუნცულა), ძალიან ჰგავს ბაიას. დამატებით ეფექტს იძლევა გვირგვინის ფურცლების ფორმები – დახვეული, კიდეებდაკბილული, არშიისმაგვარი, გოფრირებული. თუ გვირგვინის ფურცლები სწორად არის დაწყობილი, ყვავილი ელეგანტურია; თუ ქაოტურად – ნაზი და მიმზიდველი. ყვავილს დამატებით ეფექტს აძლევს ოქროსფერი-მოყვითალო მტვრიანები. ისინი ზოგიერთი ჯიშზე ისე გამოიყურებიან, როგორც ანტენები და ბუნების საოცრებას წარმოადგენენ. ასაჭრელად გამოყენებული ჯიშებისათვის აუცილებელია ყვავილი მარტოულად იყოს ღეროზე და არ სჭირდებოდეს გვერდითი კოკრების მოცილება. ყვავილს ჭრიან მაშინ, როდესაც კოკორი ოდნავი შეფერილობის სტადიაშია ან ნახევრადაა გაშლილი.
საბაღე ჯიშების უმეტესობის ყვავილები ყვავილედში თავმოყრილი და თანდათანობით ყვავილობს, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ყვავილობის ეფექტს. ყვავილედი შეიძლება იყოს 3-7-ყვავილიანი, 20-40-ყვავილიანი და არის ასეულყვავილიანიც (უმეტესად ხვიარა, მინიატურულ, ნიადაგმფარავ ვარდებში). ამ უკანასკნელი ჯგუფის ვარდებს საყვავილე ღერო მოკლე აქვთ და ყვავილები ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ ბოლო დროს სპეციალურად ფლორისტებისათვის გამოყვანილია უფრო გრძელყლორტიანი ვარდები, რომელიც ერთ მთლიან თაიგულს მოგვაგონებს. ასეთ ჯიშებს ეწოდებათ სათაიგულე ან სპრეი (შპრაყ). გაფორმებისათვის ვარდების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყვავილის ფორმა, ფერი და ყვავილობის ხანგრძლივობა. კლასიკური შეფერილობის ვარდებთან ერთად არსებობს შავი, ყავისფერი, იასამნისფერი, მომწვანო და თაგვისფერი ვარდებიც კი. არსებობს უამრავი ჭრელი, ორფეროვანი, რამდენიმეფერიანი, მრავალნაირი არშიითა და ლაქებით, შტრიხებით, ქამელეონის ტიპის, გარედან სხვა, შიგნით სხვა ფერის, დილით სხვა და საღამოს სხვა ფერის და ა.შ. ვარდი. მიუხედავად ამისა, უსასრულოდ გრძელდება მუშაობა ვარდის ახალი ჯიშების მისაღებად.
დიდი მუშაობა მიმდინარეობს სურნელოვანი ვარდების გამოსაყვანად. თანამედროვე მეცნიერებმა მიაკვლიეს, თუ რა ნივთიერებებზეა დამოკიდებული ვარდის ფურცლების სურნელება. ვარდი სურნელება დამოკიდებულია განსაზღვრულ კომპონენტებზე. ჯერჯერობით გამოცანად რჩება, რაზეა დამოკიდებული იმ კომპონენტების რაოდენობა, რომლებიც გავლენას ახდენენ არომატზე. ყველასთვის ცნობილია ვარდის ზეთი, რომელიც მომწვანო-ყვითელი ან მომწვანო-რუხია. 1 გ ზეთის მისაღებად საჭიროა 2000 ყვავილი. ყველა ვარდის სურნელი ერთნაირი არ არის. ძირითადად გამოყენებულია დამასკოს ვარდი (ღ. დამასცაენა ტრიგინტიპეტალა), რომელსაც ყაზანლიყის ვარდსაც უწოდებენ იმ ადგილის მიხედვით (ბულგარეთში), სადაც წარმოებს ამ ვარდის მოყვანა. ზეთს აწარმოებენ საფრანგეთშიც, სადაც დამასკოს ვარდის გარდა, სხვა ჯიშის ვარდის ზეთსაც ხდიან. მაგალითად, ივ სენ ლორანმა “პარიზ პრემიერ როზე”-ს საფუძვლად დაუდო ღ.ალბა-ს სურნელი.
გერმანელმა სელექციონერმა მილერმა 25 ტიპის სურნელიანი ვარდი გამოყო. დიდ ყურადღებას აქცევს ვარდების სურნელებას თავის ახალ ჯიშებში ოსტინი. დელბარმა, რომელმაც ვარდის სურნელის აღსაწერად პროფესიონალი პარფიუმერი მოიწვია, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ სურნელოვანი ჯიშების უმეტესობას ძალიან რთული სურნელება აქვს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ვარდი თავისთავად სუნამოა, რომელიც შექმნილია ბუნებისა და სელექციონერების ტალანტის წყალობით. ვარდი ყველაზე სურნელოვანია დილით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +220C-ია და შესაბამისად თბება გვირგვინის ფურცლებიც, მაგრამ ატმოსფეროში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ტენი.
საუკეთესო არომატის გამო ვარდების გამოყენება უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომში, პატრიციების ლხინის დროს, დარბაზი ვარდებით იყო მორთული და შადრევნებიდანაც ვარდის წყალი იღვრებოდა. პირველი სუნამოების ძირითადი კომპონენტი ვარდის ზეთი იყო და ის დღემდეც რჩება. ივ სენ ლორანის ლეგენდარულ Paris-ს საფუძვლად ვარდის არომატი უდევს, რომელსაც დამატებული აქვს იის, ბერგამოტისა და ზამბახის სურნელი.”შანელი 5”, რომელიც დღემდე ისხმება უბრალო მართკუთხა ჭურჭელში. ვარდის ზეთი შედის შანელის, დიორის, გერლენის, სუნამოებში. მართალია ნაკლებად, მაგრამ ვარდი ფიგურირებს მამაკაცების სუნამოებშიც: ლაკოსტა, პაკო რაბანი, ჯანფრანკო ფერრე, ჟივანში. სურნელოვანი ვარდები შედის ძირითადად ჩაის ჰიბრიდების ფლორიბუნდას ჯგუფში. იშვიათად ხვიარებსა და სხვა ჯგუფებში. კარგი სურნელებით გამოირჩევა ძველი ინგლისური ვარდები.
ვარდები იმთავითვე ულამაზესი ყვავილებით იპყრობდნენ ყურადღებას, მაგრამ ისინი არა ნაკლებ მშვენიერია შემოდგომით და ზამთრობით სხვადასხვა ფორმის, ფერისა და ზომის ულამაზესი ნაყოფებით. ვარდის ნაყოფები გამოირჩევა ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დიდი შემცველობით. ნაყოფებში შედის ვიტამინი C, A, P, B2, E, პექტინები, მთრიმლავი და მინერალური ნივთიერებები, ორგანული მჟავები. პირველად ვარდის ნაყოფის ამ სასარგებლო თვისებებს სამეფო კარზე იყენებდნენ, შემდეგ კი ხალხშიც ფართოდ გავრცელდა.
ვარდები თანდათან ვითარდებოდა ესთეტიკური მიმართულებით, მაგრამ დღემდე არაა დავიწყებული ნაყოფის სამკურნალო და სამეურნეო გამოყენება. ასკილის ნაყოფისაგან ამზადებენ სხვადასხვანაირ ნაყენებს, პიურეს, სეროფს. განსაკუთრებით სასარგებლოა ჰეპატიტის და ქოლეცისტიტის წინააღმდეგ პრეპარატი “ხოლოსასი”, კაროტოლინი”, რომელიც გამოიყენება კანის სხვადასხვაგვარი დაავადების – ეგზემის, წყლულების, ატროფიული წყლულების სამკურნალოდ. თესლისგან მიღებული ზეთით ამზადებენ მალამოს, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, გამოიყენება დამწვრობის, წყლულების ნაწოლების, მასტიტების და დერმატიტების საწინააღმდეგოდ, ოყნის სახით კოლიტის სამკურნალოდ. ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესია ქაცვის ზეთზე. გამხმარი ნაყოფებისაგან ამზადებენ ნაყენს და ნახარშს, რომელიც საუკეთესოა ავიტამინოზის, ცინგის დროს. ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აწყნარებს ნერვულ სისტემას.
ვარდის ნაყოფები არა მარტო სასარგებლოა, არამედ საკმაოდ დეკორატიულიცაა: მაგ., რუგოზას დიდი, წითელი პრიალა ნაყოფები. შემოდგომაზე ტოტები ნაყოფებით წითლადაა დახუნძლული. ვარდის ძველი სახეობის ტოტები მთავრდება სამოთხის ვაშლის მსგავსი წითელი ნაყოფებით. თავისებურად ლამაზია Rosa spinosissima-ს შავი, თითქოს ლაქწასმული ნაყოფები. ვარდების ამ თვისებას ყურადღება მიაქციეს ლანდშაფტის არქიტექტორებმა და დიზაინერებმა, რითაც მინიბაღებში შემოდგომის ეფექტი შეიტანეს. ბოლო ხანებში ამაზე ფლორისტებმაც გაამახვილეს ყურადღება – მოდაში შემოვიდა მათი გამოყენება თაიგულებსა და ყვავილოვან კომპოზიციებში.
წყარო: „მებაღე“ – სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდნენ:
ზურაბ შევარდნაძე; მანანა ელბაქიძე; ქეთევან გელაშვილი.
იხილეთ გარეთვე: ვარდის დაკალმება – ვარდის კალმით გამრავლება