კახეთში ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი გაიმართა

ბასკეთი, საქართველო, სამზარეულო

2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა-„Culinary Connection Euskadi-Georgia“ (ბასკეთ-საქართველოს კულინარიული კავშირი), რომლის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ საქპატენტი, კახეთში 2-3 მარტს გაიმართა.

კონგრესის მიზანი იყო საქართველოსა და ბასკეთის ტრადიციული კულინარიისა და ღვინის წარმოჩენა თანამედროვე ტენდენციებისა თუ მეთოდოლოგიების გათვალისწინებით, ასევე ენოგასტროტურიზმის, ქართული სამზარეულოს განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებული პროდუქციის პოპულარიზაციას, მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ქვეყნებს შორის კულინარიული კულტურის მიმართულებით კავშირების დამყარებასა და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა კონგრესის ფარგლებში მოწყობილი პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები, კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფ-მზარეულები უძღვებოდნენ. მასტერკლასები ჩაატარეს ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფებმა და სომელიებმა. პროექტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ პროდუქციაზე.

კერძოდ, გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებების ნიშნით დაცული პროდუქტებით მასტერშეფებმა მოამზადეს კერძები, ასევე აღნიშნული პროდუქტები გამოიფინა კონგრესის ღონისძიებათა დარბაზში, სადაც საქპატენტის საექსპოზიციო კუთხეც მოეწყო. უწყების სტენდზე განთავსდა გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ვიზუალური თუ საინფორმაციო მასალა.

გარდა ამისა, საქპატენტის კუთხე წარმოდგენილი იყო თუშური გუდის ყველით, რომელიც გამოფინეს საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივ პროექტში ჩართულმა გუდის მწარმოებლებმა.

კონგრესის ფარგლებში მოეწყო, როგორც ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლების, ბასკი შეფებისა და სომელიების ენოგასტრონომიული ტურები კახეთში, ასევე ტურისტული ადგილმდებარეობის გაცნობისა და შეფასების ღონისძიებები. კონგრესმა უმასპინძლა 250-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედ სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულებს.

აღნიშნული ღონისძიება პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით განხორციელდა.

წყარო: საქპატენტი

თქვენი რეკლამა