მიკროელემენტები თქვენი ჯანმრთელობისთვის და მათი შემცველი პროდუქტები

4165 Views

ნატრიუმი მონაწილეობს კუჭის მჟავას წარმოქმნაში, თირკმელების მიერ ცვლის პროდუქტების გამოძევებაში, ზოგიერთი ფერმენტის გააქტიურებაში, სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.

ნატრიუმის ძირითადი წყარო სუფრის მარილია, ასე რომ, დიასახლისებს ვურჩევთ, უმარილო კერძი არ შესთავაზონ ოჯახის წევრებს, მაგრამ უმჯობესია მარილი (ძალიან ცოტა) კერძს უკვე მზას მოაყარონ და არა მომზადებისას.

ფოსფორი ცვლითი პროცესების აქტიური კომპონენტია. იგი ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შედის. მისი დეფიციტი ვნებს მეხსიერებას, მხედველობას.

ფოსფორით მდიდარია რძე, ხაჭო, ყველი, სოკო, კვერცხის გული, ნიგოზი, ბრინჯი, სოიას ფქვილი, ხორბლის პური, ბოლოკი, ბარდა, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ძროხის ხორცი, ღვიძლი, ბოცვრის ხორცი.

რკინა ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მისი დეფიციტი იწვევს გაღიზიანებას, უღონობას, თავის ტკივილს.

მას შეიცავს ღორის ღვიძლი, ძროხის თირკმლები, გული და ღვიძლი, გაუცრელი ფქვილი, ატმის ჩირი, კვერცხის გული, კაკალი, პარკოსნები, სატაცური, შვრიის ღერღილი, ვაშლი, წიწიბურა, ასკილი.

კალციუმი უზრუნველყოფს გულისცემის ნორმალურ რიტმს. მისი დღეღამური ნორმაა – 1-1,5 გ. ცნობისთვის: მისმა სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ჰიპერტროფიკული ართრიტი, კუნთების სისუსტე, ძნელდება მოძრაობის კოორდინაცია, ხერხემლისა და ფეხების ძვლების დეფორმაცია…

კალციუმს შეიცავს ყველი, ხაჭო, ბრინზა, ზღვის მცენარეები, თევზი, რძე, შვრია, ფეტვი, ქერის ბურღული, ისპანახი, ოხრახუში, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხორცი და სუბპროდუქტები.

კალიუმი საჭიროა გულის ნორმალური მუშაობისათვის. მისი უკმარისობა იწვევს კუნთების კრუნჩხვას, რასაც მოსდევს გულის შეფერხებულად მუშაობა.

კალიუმის წყაროა ციტრუსები, ტომატი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, პიტნა, მზესუმზირას თესლი, გარგარისა და ჭერამის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში. თუ დღეში ერთ ცალ ფორთოხალს შევჭამთ, გული ადვილად გაუმკლავდება ვირუსებსა და სტრესებს.

მაგნიუმი ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედისა და ქსოვილის ნორმალურად მუშაობისათვის აუცილებელია. მისი დეფიციტი არღვევს გულის რიტმს, იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, უძილობას, ღამის კოშმარებს, ორგანიზმი ემსგავსება ბარომეტრს – მძაფრად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე, ადამიანი უმიზეზოდ ფორიაქობს.

მაგნიუმს შეიცავს დაუმუშავებელი შვრია, ქერის ბურღული, მწვანე ბოსტნეული: ლობიო, მუხუდო, ოხრახუში (ფესვებიან-ღეროებიანად) წიწიბურა, ბანანი, ნუში.

თუთია ასევე სჭირდება ორგანიზმს, მით უმეტეს მოხუცებულობაში. გარდა იმისა, რომ ის ამცირებს ღვიძლში ცხიმს, უნარჩუნებს კუნთებისა და ძვლების ქსოვილს ტონუსს, იცავს კაპილარებს დაზიანებისგან, აუმჯობესებს მეხსიერებას.

თუთიის დღეღამური ნორმაა 12-16 მგ, თუთიით მდიდარია საფუარი, ხორბალი, ბრინჯისა და ჭვავის ქატო, მარცვლეული, კაკაო, ზღვის პროდუქტი, სოკო, ხახვი, კარტოფილი, რძე, ჟოლო, შავი მოცხარი, ხორბლის ღივი (შეგვიძლია შევჭამოთ დღეში 1-3 ს/კ).

ქრომი მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი დღეღამური ნორმა მერყეობს 50-200 მგ-ს შორის. ის მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, აჩქარებს ინსულინის მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს ნახშირწყლების ათვისებაში (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებულობაში).

ქრომს შეიცავს კვერცხი, ხბოს ღვიძლი, ხორბლის ღივი, ლუდის საფუარი, სიმინდის ზეთი.

სილიციუმი (კაჟბადი) ჟანგბადის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტია, მას შეიცავს თითქმის ყველა მცენარე. სილიციუმი აუცილებელია ეპითელიუმის და შემაერთებელი ქსოვილის, კანის, სისხლძარღვების კედლების, მყესების ელასტიკურობისათვის. კაჟბადიანი წყალი (წყალში ჩააგდეთ პატარა ნატეხი) ადამიანისათვის ნამდვილ ბალზამს წარმოადგენს.

ბევრ სილიციუმს შეიცავს შვიტა. 1 ს/კ შვიტას დაასხით 400 მლ წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე მანამდე, სანამ წყალი არ განახევრდება. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 2-ჯერ.

სილიციუმის უკმარისობა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. პარაზიტებით დაავადებულ ორგანიზმში დიდი სისწრაფით ქრება სილიციუმის მარაგი, ამ დროს ორგანიზმი კარგავს დამცველ ძალას, ძნელად ხორცდება ჭრილობა, ქვეითდება მადა, იწყება სისხლძარღვების სკდომა და კანის ქავილი.

მას შეიცავს პარკოსნები, სოკო, კომბოსტო, კარტოფილი, მწვანე ჩაი, ბოსტნეული, ზღვის წყალმცენარეები, ბურღულეული, ხორცი, სუბპროდუქტები.

გოგირდის ნაკლებობას თუ ორგანიზმი განიცდის, ჩქარდება გულისცემა, მაღლა იწევს არტერიული წნევა, იწყება ყაბზობა, ზოგჯერ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლებში სისხლის ჩაქცევა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა.

რადგან გოგირდი შედის ცილების შემადგენლობაში, მას შეიცავს ცილების შემცველი ყველა პროდუქტი.

სპილენძი ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნის პროცესს. მისი უკმარისობა იწვევს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას, გულის კუნთების ატროფიას.

სპილენძს შეიცავს მსხალი, მარწყვი, ხურტკმელი, მოცხარი, ციტრუსი, ვაშლი, პარკოსნები, სოკო, შოკოლადი, ყავა, ლუდის საფუარი, ბოსტნეული, ბურღულეული, ხაჭო, ხორცი, კვერცხი.

იოდი და მისი მნიშვნელობა. იოდი (Y) ჩვენი ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია. ვინაიდან საქართველოში ბუნება იოდით ღარიბია, მისი დანაკლისის შევსებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

მაგალითად, ორსულებს იოდის პრეპარატებს უნიშნავენ, რაც მომავალ თაობას იოდდეფიციტით განპირობებული მძიმე პრობლემისგან ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი დარღვევებისგან იცავს.

იოდის დეფიციტის შესახებ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდნენ და ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად დაირაზმნენ მის აღმოსაფხვრელად.

ანგარიშებში პოზიტიური შედეგებია ასახული, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ რჩება იოდის დეფიციტით გამოწვეული დარღვევების ენდემურ კერად. სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა იოდის დროულ და დოზირებულ მიღებას. ეფექტური პროფილაქტიკისთვის ძირითადად იოდშემცველ პრეპარატებს ვიყენებთ, თუმცა არც ამ ელემენტით მდიდარი საკვების მიღებაა ურიგო.

იოდი ორგანიზმში ძირითადად ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვებიდან ხვდება, ნაკლებად – წყლიდან (4,2%) და ჰაერიდან (4,8%). იოდდეფიციტურ რეგიონებში იოდის შემცველობა წყალში 2 მგ/ლ-ზე ნაკ- ლებია. მინერალურ წყლებში კი ეს ელემენტი გაცილებით მეტი ყოფილა.

ციფრებითვე გავაგრძელებთ: ჩვენი ყოველდღიური საკვები საშუალოდ 40- 50 მგ/ლ იოდს შეიცავს. ესეც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და, ცხადია, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს. გამონაკლისია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, წყალმცენარეები და თევზი, რომლებშიც

იოდის შემცველობა 800-1000 მგ/კგ-ია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის კომბოსტო (ლამინარია) და თევზის ქონი.

გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგალითად, ფეიჰოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს წარმოდგენა მცდარია. ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) იოდი თითქმის არ არის. სამაგიეროდ, ბევრია ის ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, მარცვლეულსა და კვერცხში.

მარილი მიკროელემენტების მთავარი წყარო. რამდენადაც ჩვენს რაციონში ყოველდღიურად არის პური, ამიტომ მიკროელემენტების ძირითადი წყარო იქნება პური, ვინემ კვების მრეწველობა არ შეცვლის თავის შეხედულებებს მარილზე. რატომ მაინც და მაინც მარილზე?

ზოგიერთი მკითხველი განცვიფრდება: ექიმები მოგვიწოდებენ მარილის მოხმარების უკიდურესად შემცირებისაკენ, ჩვენ კი მას ქებას ვასხამთ. ყველაფერი სწორია, ექიმები ეწევიან აბსოლუტურად სწორ მარილსაწინააარმდეგო პროპაგანდას. ექიმები საუბრობენ სუფრის მარილზე, რომელიც სუფთა ნატრიუმის ქლორიდია. სტანდარტის მიხედვით, ექსტრა მარილში ის უნდა იყოს არანაკლებ 99,7%-ისა, უმაღლესი ხარისხის მარილში კი 98,4 %, პირველი ხარისხის მარილში – არანაკლებ 97,7%-ისა.

ქვამარილი და ზღვის მარილი ნატრიუმქლორიდის გარდა შეიცავს ჩვენი ჯანმრთელობისათვის საჭირო ყველა მიკროელემენტებს: იოდს, მანგანუმს, ლითიუმს, სელენს, თუთიას, კალას, მაგრამ ტუტოვანი გაწმენდის დროს ყველა ეს ნივთიერებები სცილდება. ასე რომ, რაც უფრო თეთრია მარილი ჩვენს სამარილეში, მით ნაკლებია მისგან ხეირი.

ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მარილს დღესაც უძველესი მეთოდით ღებულობენ – ზღვის წყლის მზეზე აორთქლებით (ესპანეთში, ვენესუელაში, იაპო- ნიაში), ძალზე იშვიათად გვხვდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ლეიკემია, ათეროსკლეროზი, ინფარქტები და მცირეა ფსიქიკურად დაავადებულთა რაოდენობა.

დასანანია, რომ დღემდე არ წარმოებს კვების მრეწველობაში მარილის მიკროელემენტებით გამდიდრება და ისე გამოშვება. პირიქით, მილიონობით თანხები იხარჯება მარილის მიკროელემეტებისაგან გასაწმენდად.

თუ გავითვალისწინებით, რა თანხები იხარჯება წამლების დასამზადებლად, რომლებიც გამოიყენება იმ დაავადებათა სამკურნალოდ, რაც მიკროელემენტების უკმარისობამ გამოიწვია, მაშინ დროა ამ პრობლემას ყურადღება მიექცეს.

მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ მიეჩვია თეთრ მარილს, უნდა დაუბრუნდეს გაუწმენდავ რუხ მარილს, რამეთუ, ასეთი 10 გრამი მარილი დააკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის დღიური მოთხოვნების ნახევარს რკინასა და სიცოცხლისათვის მეტად საჭირო სხვა ელემენტებზე.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორ-შემდგენლები: ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.

*ამა თუ იმ პროდუქტის სამკურნალოდ გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

იხილეთ აგრეთვე: ვიტამინები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები

In : AgroPlus

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB