დაფნის კულტურის გამოყენება, დაფნის ეთერზეთი

დაფნა, დაფნის, ფოთოლი, ეთერზეთი

დაფნის კულტურის გამოყენება კულინარიასა და ფარმაკოლოგიაში

საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დაფნის მცენარეს ყოველთვის მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა. მას, როგორც მთლიანად მცენარეს, ისე ცალკე ფოთოლს და ნაყოფს, სახალხო მეურნეობაში მრავალმნიშვნელოვანი გამოყენება აქვს.

მცენარის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით ფოთლებში, სხვადასხვა რაოდენობით წარმოიქმნება და გროვდება კვებითი ღირებულების სასიამოვნო არომატული ეთეროვანი ზეთი, რომლის ქიმიური შედგენილობა და სურნელება აღვიძებს მადას და სასიამოვნო გემოს აძლევს, როგორც ცხელ, ისე დაკონსერვებულ საკვებს.

დაფნის ხმელი ფოთოლი ისეთივე საკმაზ-სანელებელი მცენარეული პროდუქტია, როგორიც მაგალითად, მიხაკ-დარიჩინი, სურნელოვანი შავი წიწაკა და სხვა. დაფნის ხმელი ფოთოლი ცხელსა და ცივ ხსნარში ხმარებისას არ ფუჭდება, ამიტომ განუსაზღვრელი დროით შეიძლება კერძში მისი დატოვება.

ეთეროვანი ზეთი დაფნის ფოთლიდან ხსნარში გადადის და საჭმელს ნაზ არომატს აძლევს. აგრეთვე იყენებენ ხორცის დაშაშხვისას, თევზის დამარილებისას, ბოსტნეულისა და ხორცეულის დაკონსერვებისას. მას ყოველდღიურად ხმარობენ ცხელი კერძების შესაკაზმავად.

დაფნის ფოთოლი იხმარება ხილეულის, ბოსტნეულისა და სოკოების დამარილება-დამწნილების დროსაც. იგი სასიამოვნო არომატის გარდა, საჭმელს ამდიდრებს ვიტამინებით, ხოლო ფიტოცინდური თვისებების გამო ახანგრძლივებს მზა კერძის შენახვის ვადას.

ცნობილია, რომ დაფნას აქვს ფიტოცინდური თვისებები. ჰაერზე კარგად გამომშრალი ფოთოლი არ ავადდება და ადვილად ლპობადი ხილეულის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იტალიაში ნაზ ხილეულს ყუთებში დაფნის ხმელი ფოთლებით ფუთავენ.

შემჩნეულია, რომ დაფნის ფოთლის სუნს გაურბიან ოთახის ბუზები და კოღოები. ყოველივე ამის გამო, დაფნა, მიზანშეწონილია გაშენდეს კასრებში შენობებისა და საცხოვრებელი ფართობების გასამწვანებლად. ასეთ პირობებს დაფნა შესანიშნავად ეგუება. მიუხედავად იმისა, რომ დაფნა სინათლის მოყვარული მცენარეა, ის ოთახის პირობებში დაჩრდილვასაც შესანიშნავად იტანს.

დაფნა მედიცინაში

მედიცინაში ცნობილია აგრეთვე ნაყოფისაგან გამოხდილი წვენი. დაფნის ნაყოფი მცირე რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთსა და პინენის ჯგუფის ნივთიერებას, ამიტომ მას სამკურნალოდ იყენებენ, ნევრასტენიის დროს როგორც დასაამებელ საუკეთესო საშუალებას.

ზაზა ფანასკერტელის ძველ ქართულ კარაბადინში, სხვა მცენარეულ წამლებთან ერთად მოხსენიებულია დაფნის თესლიც, რომელსაც თავის ტკივილის დროს ხმარობდნენ, იქვე ნახსენებია დაფნის ფოთლის ნახარში, როგორც თავის ტკივილის დროს გარეგანად წასასმელი დასამშვიდებელი საშუალება.

დაფნის მცენარის სხვადასხვა ნაწილისაგან დამზადებული წამლები ცნობილი ყოფილა ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, პირველ საუკუნეში დიოსკორიდის სამკურნალო რეცეპტებში. მისგან დამზადებული მალამო და ფოთლების ნახარში გამოიყენებოდა სახსრების ტკივილის დროს შესაზელად, ხველების და გაცივების დროს, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

ძველი სამკურნალო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დაფნის ხმელ ნაყოფს იყენებდნენ საჭმელად, როგორც სადეზინფექციო საშუალებას, ნაწლავების გასაწმენდად და საჭმლის მონელების გასაძლიერებლად.

მცენარის ეთეროვან და ცხიმოვან ზეთებს ფართოდ იყენებენ ვეტერინარიაშიც. დაფნის მალამოს ცხოველების სამკურნალოდაც ხმარობენ. ფოთლის ნახარშს, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, იყენებენ ცხოველებისათვის ტკიპების მოსაშორებლად.

დაფნის ეთერზეთი

დაფნის ეთერზეთი წარმოადგენს მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხეს, რომლის შემადგენლობაში შედის ცინეოლი, პინენი, გერანიოლი, ტერპინეოლი, მეთილევგენოლი, ვალერიანის და კაპრონის მჟავები და სხვ. ეთერზეთის შემცველობა დაფნის ჰაერმშრალ ფოთლებში მერყეობს 0,6-დან 0,5 პროცენტამდე, ტოტებში – 0,3-დან 0,65 პროცენტამდე.

ეთეროვანი ზეთისაგან დამზადებულ ესენციას ხმარობენ ნამცხვრების, კანფეტებისა და სხვა ტკბილეულის გასაგემოვნებლად. დაფნა სასიამოვნო სუნს და გემოს აძლევს ნაყინს, კისელს, სიროფს, გამაგრილებელ წყლებსა და ფართო მოხმარების სხვა პროდუქტებს.

ფოთლების გარდა, ეთეროვანი ზეთი არის აგრეთვე ახალგაზრდა ტოტებში, რომლებსაც მოსავლის აღებისას ჭრიან. დაფნის ტოტებიდან მიღებული ეთეროვანი ზეთი სრულფასოვანია და ის არაფრით ჩამოუვარდება ფოთლიდან მიღებულ ზეთს.

ამ ზეთიდან ამზადებენ შესაკაზმავ პრეპარატს, რომლის შედგენილობაა: 90% მზესუმზირას ზეთი, 10% დაფნის ღეროებისაგან გამოხდილი ეთეროვანი ზეთი, რომელსაც კულინარიაში დაფნის ფოთლის ნაცვლად ხმარობენ.

დაფნის ნაყოფის ცხიმზეთი, დაფნის ეთეროვანი ზეთის მსგავსად სურნელოვანია. ნაყოფის გულის ცხიმისაგან დამზადებული საპონი კარგად ქაფდება და ამასთან ანტისეპტიკური თვისებებიც გააჩნია, ამიტომ მას სამედიცინო საპონს უწოდებენ.

დაფნის მცენარის თითქმის ყველა ნაწილი და მათ შორის მერქანიც შეიცავს ეთეროვან ზეთს, რასაკვირველია მეტ-ნაკლები რაოდენობით. ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ფოთლები და ახალგაზრდა ტოტები. სწორედ ამიტომ გადამუშავების თალსაზრისით ძირითადად ეს ორი ნაწილი აიღება ეთეროვანი ზეთის მისაღებად.

ნედლეულში ეთეროვანი ზეთების სხვადასხვაობა შეიმჩნევა არა მარტო მცენარის სხვადასხვა ნაწილში, არამედ წლის გარკვეული პერიოდების მიხედვითაც. დადგენილია, რომ ეთეროვანი ზეთის შემცველობა მცენარეში მაქსიმალურია ზამთარში, ხოლო ზაფხულში კი მისი რაოდენობა კლებულობს.

ეთეროვანი ზეთის შემცველობა დამოკიდებულია აგრეთვე მცენარის ასაკზე, მაგალითად, გამოკვლევებით დადგენილია, რომ ერთი წლის ფოთოლი დაახლოებით ორჯერ ნაკლებ ეთეროვან ზეთს შეიცავს, ვიდრე ორი წლის ფოთოლი. გამომდინარე აქედან ნედლეული აიღება ისეთ პერიოდში, როდესაც აჭრა ხდება დარგვიდან 3-4 წლის შემდეგ – ყოველ ორ წელიწადში ერთხელ; ნედლეულს იღებენ ნოემბერ-დეკემბერში მშრალ მზიან ამინდში.

ნედლეულის გადამუშავება ხდება როგორც ნედლი, ისე გამშრალი სახით. დღემდე დაფნის ფოთლის გაშრობა წარმოებს ბუნებრივად, ფარდულებში. დაფნას აშრობენ ტოტების სახით, რომლის საწყისი ტენიანობა 60%-ია, შრობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ პირობებში უდრის 7-8 დღეს. ცუდ ამინდში კი 15 დღემდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ შრობის გახანგრძლივება უარყოფითად მოქმედებს ნედლეულის ხარისხზე, იცვლება მისი ფერი, ქიმიური შედგენილობა, ასევე კლებულობს ეთერზეთების რაოდენობა და სხვა. შრობა დამთავრებულად ითვლება, როდესაც ტენიანობა ნედლეულში იქნება 12-14 %.

დაფნის ეთეროვანი ზეთის გამოყოფა მიმდინარეობს წყლის ორთქლთან გამოხდით, რისთვისაც ნედლეული ტოტების სახით იტვირთება, კუბში. კუბის ყოველ 1000 ლიტრზე უნდა ჩაიტვირთოს 180-200 კგ; ნედლეულის გამოხდის ხანგრძლივობა უდრის 2-4 საათს.

გამოხდის სიჩქარე უნდა იყოს 50 ლიტრი ყოველ 1000 ლიტრ მოცულობაზე, გამონახდის ტემპერატურა 30-350; მიმღებ ჭურჭელში გამოიყოფა მთელი ზეთის 90-95%. დანარჩენი კი მიყვება წყალს, საიდანაც მისი გამოყოფა მიმდინარეობს კოგობაციით.

დაფნიდან გამოყოფილი ეთეროვანი ზეთი მოყვითალო ან ოდნავ მომწვანო ფერის მოძრავი სითხეა. ნედლეული ფოთლიდან ეთეროვანი ზეთის გამოსავალი უდრის 1,81%-ს, ხოლო მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით 3,5%-მდე.

დაფნის ეთეროვან ზეთში ძირითადად არის ცინეოლი – 50%, პინენი – 30%-მდე, სპირტები, გერანიოლი და ტერპინეოლი – 16%-მდე და სხვადასხვა მჟავა. აღსანიშნავია, რომ დაფნის ეთეროვანი ზეთების ქიმიურ შედგენილობაზე დღემდე ერთიანი აზრი არ არსებობს და ბევრი შეხედულება ეყრდნობა ადრე ჩატარებულ სამუშაოებს.

ავტორები: რეზო ჯაბნიძე  – სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნანა ჯაბნიძე  – სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

იხილეთ აგრეთვე: დაფნა – დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა