ლავანდი (ლავანდა)ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის ტუჩოსანთა ოჯახს და მოიცავს ოცდაათამდე სახეობას. ე. წ. ნამდვილი ლავანდის ყვავილი ღია იასამნისფერს ჩამოგავს თუმცა, მისი ღირსებებიდან ფერი არ არის გადამწყვეტი.
არის როგორც თეთრი, ისე მოწითალო და სხვა ფერის ჯიშებიც. ნამდვილ ლავანდს _ lavandula vera _ ზოგჯერ სამკურნალოსაც ეძახიან. ასევე, პოპულარულია იტალიური ლავანდიც, _ lavandula spica, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ზეთის დაბალი ხარისხით გამოირჩევა და საწარმოო გავრცელება დიდად ვერ ჰპოვა.
ლავანდის საწარმოო ხასიათის პლანტაცია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, პირველად გაშენდა უკრაინაში, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, უცხოეთიდან შემოტანილი თესლის ნერგებით; შემდეგ კრასნოდარის მხარის მთისწინა რაიონებშიც გააშენეს და მალე საქართველოშიც შემოიტანეს.
ლავანდი წარმოადგენს მცირე ზომის მარადმწვანე ბუჩქს; სიმაღლით აღწევს 50-90 სმ-ს; ფესვები მთავარღერძიანი აქვს, ძლიერდატოტვილი, რომელიც ღრმად ვრცელდება ნიადაგში; ღერო დატოტვილია _ დატოტვა იწყება ფესვის ყელიდან და ქვედა ტოტების მიმაგრების დიდი კუთხის გამო ხშირად გართხმულ ფორმას იღებს.
ტოტების ქვედა ნაწილი ტიტველია, მონაცრისფრო _ მურა ფერით დაფარული. ახალგაზრდა ზედა ტოტები ოთხკუთხედია, მტრედისფერი, ცვილისებრი ფიფქით დაფარული და უხვად შეფოთლილი. ფოთოლი წვრილი და მჯდომიარეა, კიდემთლიანი, ძლიერ შებუსული, ვერცხლისფერ-თეთრი ფერის. ახალგაზრდა ფოთლები მუქი მწვანე, შედარებით ფართო.
ყვავილები პატარა, ორსქესიანი, შეკრებილია თავთუნების სახის ერთწლიანი ყლორტების ბოლოზე. ბუჩქზე მოყვავილე ღეროთა რიცხვი 300-500-მდეა. ყვავილის ფერი ცისფერი, იასამნისფერისკენ გარდამავალია. აქვს აგრეთვე მტრედისფერი და თეთრი ყვავილებიც.
ძლიერი და სასიამოვნო სუნი აქვს. ლავანდი ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე.
მრავლდება თესლით და ვეგეტატიურადაც _ კალმით, ტოტების გადაწვენით და ბუჩქების დაყოფით. თესლით გამრავლების შემთხვევაში ადგილი აქვს დათიშვას და მიიღება სიჭრელე პლანტაციაში. ამიტომ ძირითადად მიმართავენ ვეგეტატიურ გამრავლებას. ძირითადად მიღებულია ლავანდის გამრავლება დაფესვიანებული ღეროს კალმებით, დაკალმებით.
ლავანდი საქართველოში, ძირითადად, გაშენებული იყო აფხაზეთში. მისი პლანტაციების გაშენება უმჯობესია შემოდგომაზე, ოქტომბერში, ვიდრე გაზაფხულზე.
ერთ ადგილზე ლავანდის პლანტაცია სრულმოსავლიანია, ხოლო 8-10 წლის შემდეგ ბუჩქები სიბერეში შედის, ყვავილების რაოდენობა კი ყვავილედში მცირდება, რაც მოსავალს საგრძნობლად ამცირებს. ამიტომ საჭიროა გადიდდეს ორგანულ-მინერალური სასუქების შესატანი დოზა და ჩატარდეს ბუჩქების მძიმე გასხვლა, ბუჩქის სიმაღლის 2/3 -ით შემცირება.
ლავანდის მოსავლის აღება ხდება იმ მომენტში, როდესაც ყვავილედში ბუტონები 50-55%-ით გაიშლება მზიან დარში, ნამის შეშრობის შემდეგ, 8 საათიდან 17 საათამდე.
ყირიმის ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილია ლავანდის ორი ჯიში: “პრიმა” და “რეკორდი”, რომელთა ეთეროვანი ზეთის ხარისხი საუკეთესოა და პარფიუმერიაში მასზე დიდი მოთხოვნაა.
ლავანდის ეთეროვანი ზეთი გამოყენებულია აგრეთვე ფაიფურისა და კერამიკული ნაწარმის დამზადებისა და ლაქების ფაბრიკაციისთვის. თვით მცენარე ხანგრძლივი ყვავილობისა და ნექტრის უხვი გამოყოფით ხასიათდება და კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ლავანდი ველურადაც არის გავრცელებული საფრანგეთის მშრალ, მთაგორიან ადგილებში, იტალიაში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ის კულტურაში დაინერგა და ეთეროვანი ზეთის მისაღებად მოჰყავთ ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთში, არგენტინაში და სხვა.
რომაელები ლავანდს ორი ათასი წლის წინაც იყენებდნენ მშრალი ყვავილების სახით, აგრეთვე, მისგან ამზადებდნენ სურნელოვან წყალს. ლავანდის ყვავილებისგან ღებულობენ ეთეროვან ზეთს, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში სუნამოების, საპნისა და სხვა ნაკეთობებისთვის საამო სურნელების მისაცემად.
მედიცინაში მას იყენებენ რევმატიზმის, სასუნთქი ორგანოების დაავადებისა და წყლულების სამკურნალოდ. ის ძლიერ ანტისეპტიკური და ანტიტოქსიკურია, რისთვისაც ფართო გამოყენება აქვს სადეზინფექციოდ.
ავტორი: ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი
ლავანდი ყვავილობს ივნისი-აგვიტოს პერიოდში, დახლოებით 40 დღე, ნექტარი 1 ჰექტარზე 150-200 კგ-მდე. /აგროკავკასია/