კივის კრეფის ვადები დიდადაა დამოკიდებული ნაყოფის სიმწიფის ხარისხზე. განასხვავებენ ასაღებ, ტექნიკურ (ტექნოლოგიურ), სამომხმარებლო და ფიზიოლოგიურ სიმწიფეს. ზოგჯერ სამომხმარებლო და ტექნიკური სიმწიფის პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა.
კივის ნაყოფის კრეფისათვის იდეალური დროის განსაზღვრა რთულია, რადგან იგი, სხვა ხილისგან განსხვავებით, მომწიფებისას არ განიცდის შეფერილობის არსებით ცვლილებას, თუმცა შეინიშნება დამწიფების ფიზიოლოგიის განმსაზღვრელი ზოგიერთი ფიზიკო-ქიმიური პროცესების სხვადასხვაგვარი გამოვლინება. მაგ: მცირდება ნაყოფის სიმაგრე, მეჩხერდება და გაწმენდისას ადვილად ცვივა ეპიდერმისზე არსებული ბუსუსები, მცირდება სახამებლის შემცველობა, იზრდება ასკორბინის მჟავას, შაქრის რაოდენობა, აგრეთვე შაქრის შემცველობის თანაფარდობა ნაყოფის მჟავიანობასთან.
მოსავლის აღების ვადებზე დიდ გავლენას ახდენს ნაყოფების მოყინვის საშიშროება. ქვეყნებში, სადაც მოყინვის საშიშროება დაბალია, ნაყოფებს ტოვებენ დედა მცენარეზე სამომხმარებლო სიმწიფის მიღწევამდე. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ნაადრევი აღება და ხელოვნურად დამწიფების დაჩქარება აუარესებს ხილის ხარისხს.
ჩვენს კლიმატურ პირობებში მიუღებელია როგორც ნაყოფის დედა მცენარეზე დატოვება, ისე მოსავლის ორ ეტაპად აღებაც. სასურველია კრეფა ჩატარდეს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე, თუმცა, ჯიშობრივი თავისებურებებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, კრეფის ვადები, შესაძლებელია 10-15 დღით გადაიწიოს.
კივის ნაყოფები იკრიფება არა სამომხმარებლო, არამედ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში, როცა ისინი ცალკეულ ზონისთვის დამახასიათებელ სიმწიფის ინდექსს მიაღწევენ. შემდგომი დამწიფება სამომხმარებლო სიმწიფის მიღწევამდე მიმდინარეობს შენახვის პერიოდში.
ოპტიმალური მოსავლის პირობებში საშუალოდ ერთ ჰექტარზე შესაძლებელია დამზადდეს 20-25 ტონა ნაყოფი. საქართველოს სუბტროპიკული ზონის სხვადასხვა მიკროეკოლოგიური ზონების მიხედვით მოსავლიანობა შესაძლებელია მერყეობდეს ჰექტარზე 10-20 ტონის ფარგლებში.
შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: მიწისზედა გრილ სათავსოში 85-87% მიწისქვეშ სარდაფში 90-92%. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 1-2°С-ია.
იხილეთ: კივის (აქტინიდია) მოვლა-მოყვანა, სხვლა-ფორმირება, ბაღის გაშენება