აგროტურიზმის განვითარების გზები და პერსპექტივები საქართველოში

საქართველო

აგროტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში არსებობს ხელშემწყობი პირობები, რადგანაც ეს ქვეყანა ძალზე მრავალფეროვანი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობებით ხასიათდება, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობა, ხელშემწყობი გარემოებები, აუცილებლობა და წინაპირობები დასტურდება იმით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძღოლის კულტურის ნიშნები აისახა მითოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ძეგლებში, რაც გამოვლენილია ამ დარგთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და ჩვეულებებში, სარწმუნეობრივი ხასიათის რიტუალებში.

აგროტურიზმის განვითარებისათვის დამახასიათებელია საქართველოს მრავალფეროვანი კონტრასტული ბუნება: უმდიდრესი ფლორით და ფაუნით, დიდი სამონადირეო და სათევზაო სივრცით, ტყის ფონდის სიდიდითა და უნიკალობით, სამთო-სათხილამურო ტრასებით, მდიდარი ისტორიული და საეკლესიო-ხუროთმოძღვრული ძეგლებით.

აგროტურიზმის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქალაქის მცხოვრებლები (ზედმეტად ურბანიზებული გარემოს წარმომადგენლები) გაეცნონ სოფლის ყოფას, შეითვისონ ხალხური ტრადიციები, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მიიღონ სუფთა პროდუქტი და სხვა.

პროდუქციის წარმოების ტრადიციული წესი და ტექნოლოგიები, სივრცე, ლანდშაფტი, პეიზაჟი, განვითარებული ინფრასტრუქტურა ერთად მიმზიდველ გარემოს ქმნის. ადგილობრივი წარმოების პროდუქტის უნიკალურობა (ნატურალური გემო და ხარისხი), შინარეწვისა და ხელოვნების ნიმუშები

აგროტურიზმის პოპულარობას ყოველწლიურად ზრდის. ამ სახეობით დაინტერესებული ტურისტების მოტივაციაა: ბუნებასთან განმარტოება, კლიმატი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ცხოვრების წესისა და სტილის შეცვლა. ტურისტებისათვის ყურადღებამისაქცევი იქნება ნიადაგის დამუშავების და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის ადგილობრივი ტექნოლოგია, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების წესები.

საქართველოში აგროტურიზმის განვითარებისათვის არსებობს კარგი პერსპექტივები, რაც გამოიხატება შემდეგში:

1. საქართველოს ბუნებრივი პირობები უაღრესად ხელსაყრელია აგროტურიზმის განვითარებისათვის;

2. მეურნეობის ნატურალური ხასიათი, მემცენარეობისა და მეცხოველეობის სტრუქტურა, ჩამორჩენილი ტექნოლოგიების გამოყენება, წარმოებული პროდუქციის მეურნეობაშივე გადამუშავების ტრადიცია, ადგილობრივი პროდუქტებით გემრიელი კერძების მომზადების შესაძლებლობა სერიოზულ მოტივაციას უქმნის ქალაქის მცხოვრებთ აგრარული ტურიზმის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად;

3. სოფლად მცხოვრებთა სახლების საერთო ფართობი, ოთახების რაოდენობა და განლაგება, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა შესაძლებელს ხდის შედარებით მცირე დანახარჯებით მოეწყოს ტურისტებისათვის დასვენების პირობები;

4. სოფლად შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი უბიძგებს სოფლის მცხოვრებთ გაიჩინონ დამატებითი შემოსავლის წყარო, რაც შესაძლებელია აგრარული ტურიზმის განვითარებით.

აგროტურიზმის, აგრომრეწველობის და აგრობიზნესის კომპლექსური განვითარების პრიორიტეტულობა დადგენილია ლანდშაფტური გარემოსა და აგრარული მეცნიერებების განხორციელების ფარგლებში. ეს სექტორები წარმოადგენენ ქართული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ღერძს. საქართველოს რეგიონების პირობებისათვის არ არსებობს ლანდშაფტსარგებლობის კულტურისა და აგროტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა და კონცეფცია.

საბაზრო ურთიერთობების დატვირთვა საჭიროებს კულტურულ-ინტელექტუალურ, ტექნოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ შეფასებას. შედეგად ხდება ქაოტური და ეკოლოგიურად დამანგრეველი შეჭრა რიგ რეგიონებში, ადეკვატურად იკარგება ის ღირებულებითი ორიენტირები, რომელთა გამოც ქვეყნის უაღრესად საინტერესო აგრარულ-ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტი გარკვეულწილად გახდება პრიორიტეტული.

საქართველოს რეგიონების ისტორიაში ძველისა და ახლის დიფუზიის ყველაზე მკაფიო და თვალსაჩინო გამოხატულებაა ე.წ. აგრარულ-რეკრეაციული მოდერნიზმი, სადაც შერწყმულია წარსული და თანამედროვეობა, ტრადიცია და ნოვაცია, დღესასწაულები, რელიგიური და სპორტული ზეიმები, ბუნებრივი სილამაზე, კლიმატი და ა.შ. უპირველესად საჭიროა ლანდშაფტური კომპონენტების ფუნქციონალური მნიშვნელობის დადგენა და ამ საფუძველზე ლანდშაფტსარგებლობის სინთეზურ გადაწყვეტილებათა მიღება. აქ მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები უნდა გადაწყდეს კომპლექსურად ურთიერთქმედით ურთიერთსასარგებლო აგროტურისტული განვითარების გზით.

აგრარულ სფეროში მიღებული ნატურალური პროდუქციის რეალიზაცია ადგილზევე მოხდება, რითაც ტურისტული მეურნეობის განვითარებას გზას გაუკაფავს. რაც შეეხება მეორად პროდუქციას, იგი მეცხოველეობის საკვებად გამოიყენება და განავითარებს უნარჩენო ტექნოლოგიურ პროცესს.

რეკრეაციული მეურნეობა ადგილზე დაასაქმებს ახალგაზრდა მუშახელს და აამაღლებს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

საბაზრო კულტურისა და აგროტურიზმის კონცეფცია აჩვენებს, თუ რისი გადარჩენა და აღდგენა შეიძლება დღეს, როგორ შეიძლება მათი ადეკვატური ბიზნესღირებულების მქონე აგროტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბება, რათა აქედან მიღებულმა შემოსავლებმა თვითონ მოახდინონ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენისა და ადაპტაციის პროგრამის რეალიზება.

ოცდამეერთე საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში შემოდის სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტურისტულ-რეკრეაციული დიფერენციით, როგორც ინტეგრაციისა და ურბანიზაციის ეპოქა, რომლის საფუძველშიც იგულისხმება პროგრესისა და განვითარების პროცესი.

აგროტურისტული გარემო სოციო-ეკონომიკური მოთხოვნილებების რთული კომპლექსია. აგროსაწარმოო ძალების ზრდა და ბუნებრივ გარემოზე მოქმედი ტურისტულ-რეკრეაციული ზეგავლენა წარმოშობს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ცვლილებებს. 2002 წელს საქართველოში იმყოფებოდა ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ანგარიშზე ქართული ურბანული კულტურისა და ტურიზმის პოლიტიკის შესახებ.

მათ მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებში მწვავედ წარმოჩნდა მთიანი და მაღალმთიანი ტერიტორიების, ლანდშაფტური მიწათსარგებლობის მიზნობრივი დანიშნულების, ეკოკულტურისა და აგროტურისტული მეურნეობების პოლიტიკის არასწორი მართვის პრობლემა.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით, აუცილებელია დავამკვიდროთ საქართველოს, როგორც აგროტურისტული ქვეყნის, იმიჯი, დავეხმაროთ ადგილობრივ აგროტურისტულ ინდუსტრიას საკუთარი პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის ეფექტურად წარმოჩენაში; შევქმნათ ხელსაყრელი გარემო აგროტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის; დავეხმაროთ ადგილობრივ ახალგაზრდა შრომისუნარიან მოსახლეობას სამუშაო ადგილებით დაკავდეს.

აგროტურიზმი ტურისტული ინდუსტრიის შედარებით ახალი სექტორია, რომელიც რეკრეაციის მიზნით ითვალისწინებს ტურისტული ჯგუფების მოგზაურობას დასვენების, ხშირ შემთხვევაში კი, ცენტრიდან მოშორებულ ტრადიციულ დასახლებებში ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გაცნობას.

ტურიზმის ეს სახე საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა. ამ მხრივ საქართველოს თითოეული რეგიონი დიდი პოტენციალის მატარებელია. იგი ორიენტირებულია საშუალო და საშუალოზე დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან გამოირჩევა იმით, რომ დასვენება შეიძლება შედარებით მცირე დანახარჯებით.

იზრდება როგორც სოფლად მცხოვრებთა შემოსავლები (საცხოვრებლის დაქირვება, მომსახურება, კვების პროდუქტების, ეროვნული სამზარეულოს წარმოჩინება, ხალხური რეწვის ნაწარმის გაყიდვა), ასევე მათი დასაქმებაც.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტურისტები იცხოვრებენ გლეხთა (ფერმერთა) სახლებში, როგორც ორიგინალურ მინი ტურისტულ სასტუმროებში, ჩაერთვებიან გლეხური ცხოვრების ატმოსფეროში, რომელიც მოიცავს საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებას, ბოსტან-ბაღჩაში საქმიანობას, ტყისპირებში სოკოების შეგროვებას, ჟოლოს, მოცვის, შინდის, მაყვლის, პანტის, ზღმარტლის, ასკილის, უნაბის, ფშატის და ტყის ფლორის სხვა პროდუქტების მოპოვებას.

საინტერესო და დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა ექნება სამკურნალო-საწამლო ბალახეულობის შეგროვებას და ხალხური მედიცინის გაცნობას.

აგროტურიზმის განვითარების იდეა მოდის ევროპიდან, კერძოდ კი იტალია-საფრანგეთი-ესპანეთიდან, სადაც დღესაც არსებობს ფერმერული მეურნეობის ისტორიული ტიპები, ძირითადად განაპირა პროვინციების კულტურულ-ისტორიულ ადგილებში.

როგორც ევროპის ტურისტული ბაზრის შესწავლა გვიჩვენებს, ინტერესი აგროტურიზმის მიმართ ყოველწლიურად იზრდება. სულ უფრო ფართოვდება მისი საერთაშორისო ხასიათი, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მთიანეთის სოფელი თავისი უნიკალური თვისებებით, სტუმარმასპინძლობით და წეს-ჩვეულებებით შესაბამის ადგილს დაიკავებს მსოფლიო-აგროტურისტულ ბაზარზე. ამასთან, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ტურიზმის ამ სახეობის სისტემაში მოქცევა შედარებით იოლია და ნაკლებ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საქართველოში აგროტურიზმის დანერგვისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით აქტიურად საქმიანობს არასამთავრობო სექტორი. ამ მხრივ საინტერესოა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ საქმიანობა. აგროტურიზმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 80-იან წლებში გაჩნდა და დღეს ყველგანაა განვითარებული. იქ, სადაც გლეხი არსებობს, არსებობს სტუმარმასპინძლობის ტრადიციაც. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი“ დაუკავშირდა საფრანგეთის აგროტურისტულ ასოციაციას.

საფრანგეთიც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა 70-იან წლებში, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს. სოფლებმა დაიწყო დაცარიელება, დაბერება, სოფლებიდან ხდებოდა ახალგაზრდების მასობრივი გადინება. გლეხები ბაზარზე პროდუქციის მოჭარბებას კონკურენციას ვეღარ უწევდნენ და ამ დროს გაჩნდა იდეა, რომელიც თავდაპირველად გლეხებს შორის ერთგვარი ცოდნის გაცვლას გულისხმობდა. გლეხები სტუმრობდნენ ერთმანეთს, რათა გამოცდილება გაეზიარებინათ, შემდეგ კი ნელ-ნელა ეს იქცა ამ ფორმის ერთგვარი ტურისტული სერვისის ობიექტად. შემდეგ დაიწყო ქსელად ჩამოყალიბება და აგროტურიზმი გახდა გლეხის დამატებითი საქმიანობის წყარო.

იტალიაში სახელმწიფომ სპეციალური კანონიც კი შეიმუშავა, რომელიც ამგვარი საქმიანობით დაკავებულ გლეხებს გარკვეულ შეღავათებს ანიჭებდა. მთავარი პირობა, რომელსაც აგროტურისტულ ქსელში გაერთიანებული გლეხი უნდა აკმაყოფილებდეს, არის ის, რომ იგი არ უნდა იყოს მოწყვეტილი საკუთარ ფერმას და საკუთარ საქმიანობას; ჩვეულებრივი ტურიზმისგან განსხვავებით, ტურისტული მოგზაურობის დროს ტურისტი გლეხის ოჯახში უნდა ცხოვრობდეს, მეორე პირობა — სტუმარი უნდა იკვებებოდეს ეკოლოგიურად სუფთა, იქვე ფერმაში მოყვანილი პროდუქტით. თუ პროდუქტი არ ექნებათ, მეზობლისგან უნდა შეიძინონ. მთავარი მაინც მასპინძელია.

თუ ჩვეულებრივი ტურიზმის მომხმარებელი ორიენტირებულია ლუქსზე ან ფუფუნებაზე და ა.შ., აქ პირველ ადგილზე ადამიანი დგას. ტურისტები თანახმანი არიან იცხოვრონ გაცილებით ცუდ პირობებში, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობენ, შიგნიდან დაინახონ ქვეყანა. ეს არ იქნება ფოტოზე გადაღებული ძეგლი, მანქანის ფანჯრიდან დანახული პეიზაჟი, არამედ ადამიანების გვერდით ცხოვრების საშუალება და მათი მეშვეობით გაცნობილი ქვეყანა. პაკეტი, რომელსაც სთავაზობენ ოჯახებს, სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება.

ერთია ქვეყნის თავისებურება, კოლორიტი, ტრადიციები, მეორე — რეგიონები, რომლებსაც საკმაოდ განსხვავებული ტრადიციები და კულტურა აქვთ და მესამე ის, თუ ინდივიდუალურად რას სთავაზობს თვოთონ მასპინძელი სტუმარს.

აგროტურიზმის განვითარება მოითხოვს შესაბამისი ეკონომიკური მექანიზმისა და ინსტიტუციური სისტემის დამუშავებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი სრულყოფილი მართვა და რეგულირება.

ეს მოიცავს მორგებული ეკონომიკური და სამართლებრივი ბაზის შექმნას და შესაბამისი ნორმების დამუშავებას. უაღრესად მნიშვნელოვანია შედგეს აგროტურიზმის რეგიონული ატლასი, რაც მარკეტინგული მოტივაციების რეალიზებისა და უზრუნველყოფის საფუძვლად იქნება მიჩნეული. ასეთი ატლასის შექმნა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა საერთო სისტემაში უდავო სიახლეა.

აგროტურიზმის განვითარება საქართველოში ბევრი სხვა სპეციფიკური და მკაცრად მიზნობრივი ამოცანის გადაწყვეტასაც მოითხოვს, რამაც საერთო ჯამში უნდა შექმნას აგროტურიზმის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა და სამსახური, რომლის რეალიზაციაც განამტკიცებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პოტენციალს და აამაღლებს მის როლსა და ფუნქციას მსოფლიო თანამეგობრობაში.

ცნობილია, რომ მომხმარებლის არჩევანის თეორია ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების აღწერასა და შესრულებას იკვლევს. ამ თეორიის პოზიციებიდან გამომდინარე, აგროტურიზმის განვითარება ტურიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა და საშუალებაა.

აგროტურიზმი ახალ იმპულსს აძლევს რეგიონების განვითარებას. მცირე და საშუალო ტურსაწარმოებში შეიძლება გაერთიანდნენ სოფლის თვითმმართველობა, კულტურული ობიექტების წარმომადგენლები, მცხოვრებნი, რომლებიც ადგილზე მზად არიან ტურბიზნესისათვის. შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვით ყოველწლიურად ხდება სოფლის სახლების რესტავრაცია ეროვნულ სტილთან მისადაგებით, ასევე კომფორტისა და სიმყუდროვის შენარჩუნებით.

ასეთი ტურისტული პროდუქტი პასუხობს გადახდისუნარიანი მომხმარებლის მოთხოვნებს. აგროტურიზმის პროგრამები რეგიონების მაკროეკონომიკური გეგმის ნაწილი უნდა გახდეს, რაც ტერიტორიის ეკონომიკური განახლებისა და აგროტურიზმის სწრაფი აღმავლობის ინსტრუმენტი იქნება. საქართველოს აგროტურისტული საქმიანობა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური მოთხოვნით, ანუ მოხდეს ერთიანი ტურისტული პაკეტის რეალიზაცია სპეციალური ტურების მიხედვით და ეს ყველაფერი აისახოს სოფელში რეგისტრირებულ ოჯახებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

აგროტურიზმი, როგორც ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება, არა მარტო ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშემწყობია, არამედ ერთგვარი მულტიპლიკატორი როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკისათვის. იგი შეიძლება მივიჩნიოთ სოფლის მდგრადი განვითარების ერთერთ ფაქტორად.

აგროტურიზმის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია:

  • აგროტურიზმის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება;
  • ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა;
  • ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ფართო ქსელის შექმნა;
  • ტურისტების უსაფრთხოების დაცვა, მოწესრიგებული საბანკო და სადაზღვევო სისტემის შექმნა;
  • მუნიციპალურ და სასოფლო ადგილებში სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა;
  • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და ინტერაქტიული ტურისტული პორტალების შექმნა ცალკეული რეგიონის დონეზე, სადაც თავს მოიყრის სრული ინფორმაცია მარშრუტების, ისტორიული ადგილების, კერძო სახლების შესახებ და სხვა;
  • ინვესტიციები ბიოპროდუქტების წარმოებისათვის;
  • რეგოინების ტურისტული ბრენდის შექმნა და სტუმარმასპინძლობის სტანდარტების დაცვა;
  • სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უზრუნველყოფა მცირე ტექნიკითა და ტექსერვისით.

ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება და ეროვნული სამზარეულოს პროდუქტებზე მოთხოვნა ტურისტულ ბაზარზე თანდათან იზრდება.

აგროტურიზმის, როგორც დიდი, პერსპექტიული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგის, კვლევის მიზანია საქართველოში აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებისა და არეალის განსაზღვრა, მისი სისტემური მოდელის შექმნა, მართვისა და რეგულირების ეკონომიკური მექანიზმის დამუშავება და უკუგების ოპტიმიზებული დონეების დადგენა. ამ მიზნით:

  • აუცილებელია შეიქმნას საქართველოში აგროტურიზმის სიტემური მოდელი და მისი მენეჯმენტის ავტომატიზებული, ტექნოლოგიური ციკლი სხვადასხვა დონეზე;
  • შემუშავდეს აგროტურიზმის განვითარების ეკონომიკური მექანიზმი;
  • შეიქმნას ელექტრონული ვიზიტის პროექტი და შემუშავდეს მისი მართვისა და რეგულირების მექანიზმი;
  • განისაზღვროს ხალხური შემოქმედებითი ხელოსნობის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები აგროტურიზმის საერთო სისტემაში;
  • დამუშავდეს აგროტურიზმის რეგიონალური ატლასი;
  • შედგეს აგროტურიზმისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა;
  • შეიქმნას აგროტურიზმის სისტემური მონაცემთა ბანკი (ბაზა) და მისი ინფორმაციულტექნოლოგიური სისტემა სახელმწიფოებრივ დონეზე.

ავტორი:  ხათუნა ბერიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მაისურაძე დ., ვერბეცკი ი., ხუციშვილი თ. ეკოლოგიური ტურიზმის საფუძვლები. თბ., 2009.
2. სამადაშვილი ც., დობორჯგინიძე ხ. აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობა კახეთში. საერთ. სამეცნ. კონფ. ბათუმი, 2010.
3. ჩავლეიშვილი მ. აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში. `ეკონომიკა და ბიზნესი”, თბ., 2010.
4. მეტრეველი მ. ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები. თბ. 2009 წ.
5. არაბული კ. ტურიზმის სახეები და ქართული ტურიზმის განვითარების შესაძლო პერსპექტივები. საქართველოს ეკონომიკა, 2008.
6. მარგველაშვილი მ. `ტურიზმი და სიღარიბის დაძლევა’’. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, 6, თბ., 2007.
7. შუბლაძე ვ. `საქართველო და ტურიზმი’’. თბ., 1999.

თქვენი რეკლამა