საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა იტალიაში ტრენინგი გაიარეს სანერგე მეურნეობის სერტიფიკაციის სისტემაზე, ევროკავშირისა და FAO-ს ხელშეწყობით.
2023 წლის ივლისში, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს ოფისმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ოთხ დღიანი საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელა იტალიაში. მისიის მიზანი იყო ქვეყნის სახელისუფლებლო სტრუქტურების წარმომადგენლების ტრენინგი სანერგე მეურნეობის სერტიფიკაციის დასანერგად, რადგანაც სერტიფიცირება 2024 წლიდან საქართველოში სავალდებულო გახდება.
FAO-ს გუნდის წევრებთან ერთად, საგანმანათლებლო ვიზიტზე შემდეგი სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილნი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; სურსათის ეროვნული სააგენტო; სურსათის კვლევის ლაბორატორია. აღნიშნული საჯარო ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან და ეკისრებათ სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა.
საგანმანათლებლო ტურის მონაწილეებმა, შეისწავლეს იტალიის სანერგე მეურნეობის სერტიფიკაციის მოდელი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ვიზიტისას განხილულ საკითხებს შორის იყო: ინსპექტირება, მონიტორინგი და ანგარიშგება; ლაბორატორიული დიაგნოსტირების მეთოდები; აკრედიტაცია და ავტორიზაცია.
ვაზის, კურკოვანი ხეხილის, ციტრუსისა და თხილის წარმოებაზე ორიენტირებული დაწესებულებებისა და სახელმწიფო სააგენტოების ვიზიტებთან ერთად, ინფორმაციული დისკუსიები გაიმართა იტალიის საჯარო ინსტიტუციების წარმომადგენლებთან.
“ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების სისტემის საქართველოში განვითარება, მაღალი ხარისხის – ჯანმრთელი და სუფთა ჯიშის, ნერგების წარმოების შესაძლებლობას აჩენს. ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნის სანერგე მეურნეობის ინდუსტრიას მეტად კონკურენტუნარიანს ხდის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე და, ამავდროულად, პირველადი სასოფლო სამეურნეო წარმოების ხარისხსაც აუმჯობესებს”, აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი, დომინიკ პაპენჰეიმი.
„FAO და ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს სანერგე მეურნეობის სისტემების დანერგვაში, რაც მნიშვნელოვანია უკეთესი წარმოების მისაღწევად. თუ ფერმერები ადგილობრივი სანერგეების ნერგებს არ ენდობიან, ისინი ამ პროდუქტს სხვა ქვეყნებში შეიძენენ. საქართველოსთვის აუცილებელია ევროკავშირის მითითებების მიხედვით მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული ნერგების წარმოების უზრუნველყოფა. „მადლობას ვუხდით იტალიის ინსტიტუციებს საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებთან მათი მრავლისმომცველი გამოცდილების გაზიარებისთვის“, განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანსა ალვარესმა.
სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში საგანმანათლებლო ვიზიტი უკვე მესამედ განხორციელდა. ამასთანავე, ტექნიკური ტრენინგების მეშვეობით, ევროკავშირი და FAO კერძო და საჯარო სანერგე მეურნეობებსაც ეხმარებიან საქართველოში ნერგების სერტიფიცირების პროცესის დასაწყებად.