თხილის აქტიური რეალიზაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. ამ კულტურაში მსოფლიო ბაზარზე მთავარი მოთამაშე თურქეთია ბაზრის 60-75% – იანი წილით, ამიტომ თხილის ფასს ბაზარზე თურქეთში მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
წელს თურქეთმა, წინა წელთან შედარებით, 80,000 ტონით მეტი მოსავალი მიიღო. მიმდინარე წლის მაისში, თხილზე ფასები 24.43%-ით გაიზარდა. თუმცა, ამის მიუხედავად, თურქი ფერმერები უკმაყოფილოები არიან. უამინდობის გამო, ფერმერთა დანახარჯები წელს დაახლოებით 70-80%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასს, ფერმერთა ვარაუდით, თურქეთის მარცვლეულის საბჭო (TMO) კილოგრამ თხილს დაახლოებით 30 თურქულ ლირად (3.51$) შეისყიდის, რომელიც წინა წლის ფასთან შედარებით 8%-ით მეტია (3.24$). რაც შეეხება საექსპორტო ფასს, 7.30 – 7.70 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურქული თხილის ფასის ზრდა შეიძლება წელს მაღალი პროცენტით ვერ აისახოს მსოფლიო ბაზრის ფასზე, რადგან ჩილესა და აშშ-ში ადგილობრივი თხილის წარმოება შესამჩნევადაა გაზრდილი და უკვე რეკორდულ მაჩვენებელსაც აღწევს.
როგორ აისახება ეს საქართველოზე?
საქართველოში თხილის ხარისხიდან გამომდინარე, საექსპორტო ფასი, წინასწარი შეფასებებით, 6.10-6.40 დოლარამდე იქნება.
წლევანდელ სეზონზე ქართველი ფერმერები უფრო მაღალ ფასად ყიდიან პროდუქტს, რაც პირდაპირ უკავშირდება უფრო ხარისხიანი მოსავლის მიღებას. მშრალმა ამინდმა თხილის ხარისხის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი თოდუას განცხადებით, თხილის მოყვანის დანახარჯები (წინა წელთან შედარებით) არ შეცვლილა. თუმცა, გაიზარდა მუშახელის ანაზღაურება – წინა წლის 25-30 ლარიდან დღიურად, 40-60 ლარამდე. მუშახელის დეფიციტიდან გამომდინარე, ფერმერებს ამ დანახარჯის გაწევა უხდებათ, ამიტომ პროდუქტის საბოლოო თვითღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება.
მომზადებულია EastFruit მონაცემებზე დაყრდნობით.
სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“