კატასტროფების რისკის მართვისა და შემცირების პროცესში მუნიციპალიტეტების როლისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა.
„აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში. სამუშაო ფორმატში ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სათემო ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში გაძლიერდება მოწყვლადი თემების მედეგობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების მიმართ“, – განაცხადა ეკატერინე ბენდელიანმა.
შეხვედრის მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კატასტროფების რისკის მართვის პროცესში საჯარო და სათემო სექტორის თანამშრომლობის საკითხები და საგანგებო სიტუაციების გეგმის მნიშვნელობა განიხილეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკების გამოყენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო ექსპერტმა ზვავების მიმართულებით ვოლტერ ამანიმ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ზვავის გამომწვევ მიზეზებზე და საფრთხის რუკების გამოყენების მნიშვნელობაზე.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.