გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს პირველი მოსმენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა.
„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი და პროცესი გრძელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები – ადგილზე ჩატარდა კვლევები, რათა გურიის ეროვნული პარკის დასაარსებლად კანონპროექტი შეგვემუშავებინა; აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან; გვქონდა საჯარო განხილვები მუნიციპალიტეტებში; ყველა სახელმწიფო უწყებასთან კონსენსუსის საფუძველზე შეჯერებული ვერსიით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, 15 310 ჰექტარ ფართობზე, გურიის ეროვნული პარკი დაარსდება; აქედან, მთლიანი ფართობის 92% – 14 141 ჰექტარი არის ტყის ტერიტორია, დანარჩენი ფართობი კი, ძირითადად, ალპური მდელოებია. მოგეხსენებათ, დაცული ტერიტორიების დაარსება გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და ამ ფონზე, უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული პარკის ფარგლებში ტრადიციული საქმიანობა, სათიბი და საძოვრების გამოყენება არ იზღუდება. ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და, ვფიქრობ, ასეთი ეროვნული პარკის შექმნა გურიის რეგიონისთვის, რეგიონული განვითარების კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია. მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს ადმინისტრაციის მშენებლობა, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიზიდულობის ცენტრი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სიკეთის მომტანი გახდება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სარგებელი კარგად გაიგო მოსახლეობამ და რომ ეს, გარდა ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვისა, არის მეტი წილი ეკონომიკაში და მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეგიონების მეტად განვითარებისთვის.
გურიის ეროვნული პარკის დაარსება მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას.
ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი, დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.