FAO-მ ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობაზე ტრენინგი ჩაუტარა

ტრენინგი

ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ, HACCP სტანდარტების მქონე სურსათის ბიზნესოპერატორებს, სურსათის უვნებლობაზე ტრენინგი ჩაუტარა.

საგანმანათლებლო სესიების მიზანს, სურსათის უვნებლობაზე, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და წარმოებისა და სანიტარული ოპერაციების კარგ პრაქტიკაზე ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა, რის დანერგვასაც, საგანმანათლებლო შეხვედრების მონაწილეები, საკუთარ ბიზნესსაქმიანობაში განახორციელებენ.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთაშორისო სერვისის მომწოდებელი AFNOR-ის მიერ შემუშავებულ ტრენინგს,  სურსათის 19 ბიზნესოპერატორის წარმომადგენელი დაესწრო. სხვა მრავალ კომპეტენციასთან ერთად, სერვისის მომწოდებელ ფრანგულ კომპანიას, დიდი გამოცდილება აქვს სურსათის უვნებლობის სტანდარტებსა და სერტიფიცირებაზე შეფასებების მომზადებაში, კონსულტაციის გაწევასა და ბიზნესებისთვის ტრენინგების ჩატარებაში.

პირველი ტრენინგის მონაწილეები ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (დაუმუშავებელი ხორცი, დამუშავებული ხორცპროდუქტები და რძის პროდუქტები) მწარმოებლები იყვნენ.

ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:

  • სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და პრევენციული ზომები;
  • საკვებისმიერი დაავადებები და მათი პრევენციის მეთოდები;
  • სწორი ჰიგიენური პრაქტიკა საკვებით მანიპულაციისას;
  • მოთხოვნები ინფრასტრუქტურისა და საწარმო აღჭურვილობა/დანადგარების მიმართ.

ევროკავშირის დაფინანსებული ტრენინგის პროგრამა, სექტემბერში,  სასწავლო სესიების მეორე რაუნდით გაგრძელდება სურსათის ბიზნესოპერატორთა პირველი ჯგუფისთვის. სამომავლოდ, სხვადასხვა სექტორში მოღვაწე სურსათის ბიზნესოპერატორთა კიდევ ორ ჯგუფს ექნება აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის საშუალება.

ტრენინგის გარდა, ორგანიზატორებმა სამი სურსათის ბიზნესოპერატორის საწარმოო სივრცე მოინახულეს HACCP სტანდარტის განხორციელების შესაფასებლად და რეკომენდაციების გასაცემად.

„ქართველი მომხმარებლები იმსახურებენ ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით გაუმჯობესებულ სურსათის უვნებლობის პრაქტიკას სურსათის წარმოებაში. FAO და ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს ატრენინგებენ კომპლექსური საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სტანდარტების დასანერგად. ეს მნიშვნელოვანია, ქართველი მომხმარებლის ნუტრიციისთვის და, ამასთანავე, კომპანიები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდებიან ქვეყნისა და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მათ უფრო მეტი ბიზნესშესაძლებლობებისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. საერთაშორისო ცოდნის გაზიარებით იწყება სურსათის უვნებლობის განვითარება და ამ პროცესს სიხარულით ვუწყობთ ხელს, ევროკავშირის მხარდაჭერით“, ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.

„საკვები პროდუქტის წარმოებაში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარებისთვის. ამგვარად, ქვეყნის ბაზარს მუდმივად მიეწოდება უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი და ამავდროულად, სურსათის ბიზნესოპერატორებს, საკუთარი პროდუქტის ექსპორტზე გატანის მრავალმხრივი შესაძლებლობა ეძლევათ, რაც პროცესის გარდაუვალი ნაწილია“, ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი.

თქვენი რეკლამა