ევროპაში ვაშლის მოსავლის პროგნოზი 17%-ით შემცირდა

ევროპა, ვაშლი

ევროპაში 2026/27 სეზონზე ვაშლის წარმოება შესაძლოა ბოლო ათწლეულის მეორე ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდეს. თუმცა მოსავლის კლება ფასების ზრდას ჯერ ვერ უზრუნველყოფს — ბაზარზე კვლავ რჩება წინა სეზონის მარაგები, ხოლო ახალი მოსავლის ხარისხსა და ზომასთან დაკავშირებული პრობლემები სარეალიზაციო პროდუქციის მოცულობას ამცირებს.

ვაშლისა და მსხლის მწარმოებელთა მსოფლიო ასოციაციამ (WAPA) 2026/27 სეზონისთვის ევროპის ვაშლის მოსავლის პროგნოზი განაახლა. 25 ნოემბერს გამოქვეყნებული შეფასებით, ევროპაში წარმოება დაახლოებით 9,4 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც წინა სეზონთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში მეორე ყველაზე მცირე მოსავალი იქნება.

WAPA-ს ნოემბრის განახლებით, აგვისტოში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით მოსალოდნელი წარმოება დამატებით 137 ათასი ტონით შემცირდა. ცვლილება ძირითადად გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მოსავლის შეფასების გაუარესებამ განაპირობა. ამ შემცირებას ნაწილობრივ აბალანსებს პოლონეთში მოსავლის ზრდა, სადაც წარმოება 2,8 მილიონ ტონას მიაღწევს. იტალიაში კი პროგნოზი თითქმის უცვლელია და 2,3 მილიონ ტონას შეადგენს.

ამინდის ექსტრემალურმა პირობებმა მოსავალი დააზიანა

ევროპის სხვადასხვა რეგიონში ვაშლის წარმოებაზე არახელსაყრელმა ამინდმა იმოქმედა. ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერი ყინვები დაფიქსირდა, რასაც იბერიის ნახევარკუნძულზე უხვი ნალექი და წყალდიდობები მოჰყვა.

გაზაფხულის უჩვეულოდ თბილმა დასაწყისმა ყვავილობა ჩვეულებრივზე ერთი-ორი კვირით ადრე დააჩქარა. შედეგად, აპრილში ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ და რეკორდულმა ყინვებმა ყვავილები დააზიანა. მოგვიანებით, მაისიდან აგვისტომდე, სიცხემ და გვალვამ მოსავლიანობაზე, ნაყოფის ზომასა და ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა.

განსაკუთრებით შემცირდა ჯონაგოლდის ჯგუფის ჯიშების წარმოება — წინა სეზონთან შედარებით დაახლოებით ერთი მესამედით. Golden Delicious და Gala კვლავ ევროპის ყველაზე გავრცელებულ ჯიშებად რჩება, თუმცა მათი მოსავალიც დაახლოებით 12%-ით შემცირდა. შედარებით უკეთესი გამძლეობა აჩვენეს ახალმა და კლუბურმა ჯიშებმა.

სეტყვით დაზიანება, მზის დამწვრობა, წყლის ნაკლებობა და მავნებლების გავრცელება დამატებით ამცირებს ბაზარზე გასაყიდი ხარისხიანი ვაშლის რაოდენობას და ნაყოფის შენახვის შესაძლებლობას.

რატომ არ იზრდება ფასები მოსავლის შემცირების მიუხედავად?

მოსავლის მნიშვნელოვანი კლება ჯერჯერობით ვაშლის ფასების ზრდაში არ ასახულა. ამის ერთ-ერთი მიზეზი წინა სეზონიდან დარჩენილი მარაგებია, რომლებიც ახალი მოსავლის რეალიზაციას კონკურენციას უწევს. ამასთან, ხარისხისა და ზომის პრობლემების გამო მეტი პროდუქცია გადამუშავების მიმართულებით იგზავნება.

WAPA-ს მონაცემებით, 2026 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, რვა ქვეყნის საწყობებში ვაშლის მარაგი დაახლოებით 2,96 მილიონ ტონას შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6%-ით ნაკლებია. მიუხედავად მარაგების შემცირებისა, სექტემბერი 2025 წელთან შედარებით ვაშლის საანგარიშო ფასები პოლონეთში, გერმანიასა და იტალიაში კვლავ დაბალი იყო.

ევროკავშირის ვაშლის ექსპორტმაც კლება აჩვენა. 2026 წლის 25 ოქტომბრამდე ექსპორტირებული იყო დაახლოებით 180 ათასი ტონა ვაშლი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. მთავარი ექსპორტიორები იტალია და პოლონეთი იყვნენ. შედარებით კარგი შედეგები დაფიქსირდა ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და კოლუმბიის მიმართულებით.

ამავე პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან ევროკავშირში ვაშლის იმპორტმა დაახლოებით 117 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით ნაკლებია.

როგორი იქნება ევროპის ვაშლის ბაზრის შემდგომი დინამიკა?

მოსავლის შემცირებისა და საწყობებში არსებული მარაგების კლების მიუხედავად, ევროპის ვაშლის ბაზარზე ფასების შემდგომი მოძრაობა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად გაიყიდება წინა სეზონიდან დარჩენილი პროდუქცია, რა მოცულობის ვაშლი შეინარჩუნებს საექსპორტო ხარისხს და როგორ შეიცვლება მოთხოვნა ძირითად ბაზრებზე.

WAPA-ს შეფასებით, სეზონის შემდგომ ეტაპზე მარაგების შემცირებამ შესაძლოა ფასებს გარკვეული მხარდაჭერა გაუწიოს. თუმცა საბოლოო შედეგს მიწოდების მოცულობა, პროდუქციის ხარისხი და მომხმარებელთა მოთხოვნა განსაზღვრავს.

წყარო: FreshPlaza

თქვენი რეკლამა