ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, FAO-მ აკვაკულტურის სექტორში, სურსათის უვნებლობის თემაზე, ხუთ დღიანი ტრენინგის პროგრამა განახორციელა, ქორთიარდ მერიოტ თბილისში.
საგანმანათლებლო შეხვედრებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორები და სურსათის ბიზნესოპერატორების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრენინგ პროგრამის მიზანს, საქართველოს აკვაკულტურის სექტორში სურსათის უვნებელი წარმოების პრაქტიკების გაუმჯობესება და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვა წარმოადგენდა.
ღონისძიებას, რომელსაც, აკვაკულტურის სფეროს 35 წარმომადგენელი დაესწრო, FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი, მარგარიდა კორეია უძღვებოდა. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, ითვალისწინებს საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებულ სურსათის უვნებლობის გამოწვევებს.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და განეხილათ შემდეგი სახის მნიშვნელოვანი საკითხები:
→ აკვაკულტურის კარგი პრაქტიკები და მეთევზეული მეურნეობის მართვა;
→ წარმოების კარგი პრაქტიკები და სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურები;
→ HACCP მეთოდოლოგიის განხორციელება და სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების დანერგვა.
საგანმანათლებლო მოდულის მონაწილეებისთვის, საველე პრაქტიკული ტრენინგებიც ჩატარდა გადამამუშავებელ ქარხანასა და საკალმახეში. აქცენტი გაკეთდა სანიტარული სტანდარტების აუდიტის საერთაშორისო მოთხოვნებზე.
„საქართველოში აკვაკულტურის სექტორს შეუძლია განსაკუთრებით მთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ამასთანავე, აკვაკულტურის პროდუქტები კვებითი ღირებულების თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. თუმცა, თევზისა და აკვაკულტურის სხვა სახის მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებისა და მოხმარებისთვის, საჭიროა სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა.
ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, FAO აგრძელებს მწარმოებლებისთვის ცოდნის გაზიარებას, რომ მათ შეძლონ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე აკვაკულტურის პროდუქტის საექსპორტო შესაძლებლობების გაჩენისთვის,“ ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.
„ნამდვილად, სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება ყველას საქმეა და FAO-თან პარტნიორობით, ამ პროცესში ევროკავშირიც ჩართულია სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტების მეშვეობით, რომლებიც სურსათის უვნებლობის განვითარებული პრაქტიკების მქონე სასურსათო სისტემებში მუშაობენ, სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო სექტორს ცოდნისა და უნარების გაღრმავების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალება ეძლევათ,“ ამბობს ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერი.
2023 წლის აგვისტოდან, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, 60 ქართველი ექსპერტი დატრენინგდა სურსათის უვნებლობაზე აკვაკულტურაში კერძო და საჯარო სექტორებიდან.