
ევროკავშირი მზადაა ტრამპს 50 მილიარდი ევროს სავაჭრო შეთავაზება გაუკეთოს, რათა შეამციროს აშშ-სთან დაძაბულობა.
ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ ბრიუსელს აშშ-ს საქონლის შესყიდვების 50 მილიარდი ევროთი გაზრდა სურს, სავაჭრო ურთიერთობებში არსებული „პრობლემის“ მოსაგვარებლად და დასძინა, რომ ბლოკი შეთანხმებისკენ „გარკვეულ პროგრესს“ აღწევს.
თუმცა, ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა, Financial Times-თან ინტერვიუში მიანიშნა, რომ ბლოკი არ მიიღებს აშშ-ს მიერ მის საქონელზე 10%-იანი დაბეგვრის ტარიფის შენარჩუნებას, როგორც სავაჭრო მოლაპარაკებების სამართლიან დასასრულს.
შეფჩოვიჩის თქმით, აშშ-მ და ევროკავშირმა პროგრესს მიაღწიეს პირისპირ და სატელეფონო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ დააწესა და შემდეგ შეაჩერა ბლოკისთვის 20%-იანი ტარიფები. მან დასძინა, რომ მისი „ამბიცია“ თეთრ სახლთან „დაბალანსებული და სამართლიანი“ შეთანხმების მიღწევა იყო.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ მთავარი არგუმენტი, რომელიც მან აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის, ჯემისონ გრიერის და ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის წინაშე წამოაყენა, იყო აშშ-ს მომსახურების ექსპორტის ევროკავშირში გათვალისწინება, რაც ევროპასთან სავაჭრო დეფიციტს დაახლოებით 50 მილიარდ ევრომდე ამცირებს.
მისი თქმით, ეს შეიძლება სწრაფად კომპენსირდეს ამერიკული გაზისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვების გაზრდის შესახებ შეთანხმებებით.
„თუ 50 მილიარდი ევროს დეფიციტის პრობლემას განვიხილავთ, მე მჯერა, რომ ჩვენ ნამდვილად… ძალიან სწრაფად შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვების, ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, მაგალითად, სოიოს ან სხვა სფეროების მეშვეობით“, – თქვა შეფჩოვიჩმა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს უკეთ გავუგეთ – რა არის მათი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ ეს უკეთ გვესმის, ახლა ციფრების შესახებ ცოტა მეტი გაგება გვაქვს“. თუმცა, „ძალიან რთული“ იქნება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც „ცხადია, კარგი და მისაღები იქნება ჩვენი წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტისთვის“,- დასძინა მან.
ევროკომისია 27 წევრი სახელმწიფოს სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს სავაჭრო ზომებთან დაკავშირებით. შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ ყველა დედაქალაქს სურს, რომ ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, თუმცა, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ შემდგომ საპასუხო ზომებს.
კომისიამ ოთხშაბათს საღამოს, კერძო კომუნიკაციით, წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია აშშ-სთვის შესაძლო სტიმულების, ასევე მის წინააღმდეგ ტარიფების ახალი პაკეტისთვის მზადების შესახებ.
წყარო: Financial Times