ჩინეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინვესტიციები თითქმის გააორმაგა. ამასობაში, უზბეკეთმა რეკორდული ზრდის ტემპი აჩვენა, რაც ჩინური კაპიტალის შემოდინების მამოძრავებელი ძალა გახდა.
ჩინეთის მიერ ცენტრალურ აზიაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები 2016 წლის 19.6 მილიარდი დოლარიდან – 2025 წლის შუა პერიოდისთვის 35.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ინვესტიციების დაახლოებით 90 პროცენტი სამ ქვეყანაშია კონცენტრირებული: ყაზახეთი (32 პროცენტი), უზბეკეთი (30 პროცენტი) და თურქმენეთი (27 პროცენტი). ინვესტიციები 46 პროცენტი ნედლეულის სექტორშია. თუმცა, წარმოებისა და ენერგეტიკის წილიც იზრდება, რომელიც უკვე რეგიონში ჩინეთის ინვესტიციების მესამედზე მეტს შეადგენს.
ეს მონაცემები წარმოდგენილია ევრაზიის განვითარების ბანკის ანგარიშში „ჩინეთი და ევრაზიის რეგიონი: საინვესტიციო ნაკადების ანალიზი“, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.
ყაზახეთი კვლავ რჩება ცენტრალურ აზიაში ჩინეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილეს მიმღებად (11.4 მილიარდი დოლარი). 2022 წლის შემდეგ უზბეკეთი სიდიდით მეორე მიმღები გახდა. გარდა ამისა, უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციები 35-ჯერ გაიზარდა, 2016 წელს 300 მილიონ დოლარზე ნაკლებიდან 2025 წლის პირველ ნახევარში 10.7 მილიარდ დოლარამდე.
რა განაპირობებს რეგიონში ჩინური ინვესტიციების ზრდას, რა რისკებს ქმნის მისი მაღალი კონცენტრაცია ცენტრალურ აზიაში და რატომ გახდა უზბეკეთი ჩინური კაპიტალის შემოდინების მამოძრავებელი ძალა?
ცვლილებები ცენტრალურ აზიაში
ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინური ინვესტიციები სწრაფად იზრდება, ამას უზბეკეთის მოწინავე საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის აზია-წყნარი ოკეანის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი აბოს ბობოხონოვი ადასტურებს. ის ამას რიგ ფაქტორებს მიაწერს. პირველ რიგში, ჩინური ინვესტიციების ზრდას ხელს უწყობს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივა (BRI), რომლის მეშვეობითაც პეკინი ძირითადად ინვესტიციებს ახორციელებს ისეთ სექტორებში, რომლებიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს მის ინტერესებს, ეს არის: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და წარმოება.
მეორე ფაქტორი იყო რეგიონის ოთხ ქვეყანაში: ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და თურქმენეთში ლიდერების ცვლილება. ექსპერტის თქმით, ადრე, ჩინეთი რეგიონს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების პრიორიტეტად არ მიიჩნევდა, თუმცა, რეგიონში გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, ცენტრალური აზიის მიმართ პეკინის ინტერესი გაიზარდა და ჩინელი ინვესტორებისთვის ახალი პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობები გამოჩნდა.
ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩინეთსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობებში. ბობოხონოვი იხსენებს, რომ 2017 წლის მაისში უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევმა პირველად ეწვია ჩინეთს, სადაც ხელი მოაწერა დაახლოებით 100 დოკუმენტს, რომელთა ღირებულება 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს. „ამრიგად, ჩვენმა ქვეყანამ დაინახა ჩინეთის პოტენციალი… ჩვენმა ლიდერმა დაინახა ნდობა ჩვენში და ბიზნეს წრეებმა დაინახეს მრავალი შესაძლებლობა ინვესტიციებისა და ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის“, – განმარტავს ის.
უზბეკეთი, როგორც რეგიონში ჩინური ინვესტიციების მამოძრავებელი ძალა
უზბეკეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი როლი ჩინურ საინვესტიციო პროექტებში, ძირითადად როგორც ჩინური, ასევე უზბეკური მხარის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სტრატეგიის წყალობით, ადასტურებს რუსლან იზიმოვი, ჩინოლოგი და ყაზახეთის შედარებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანი მკვლევარი. ის მთავარ ფაქტორად ასახელებს უზბეკეთში თითქმის 10 წლის წინ მიღებულ ინსტიტუციურ ზომებს, რადგან მათ ხელშესახები შედეგების მოტანა დაიწყეს. „უზბეკეთის ხელისუფლების მიერ უფრო გასაგები და გამჭვირვალე პირობების დამყარებით, ჩინელმა ინვესტორებმა თანდათან დაიწყეს თავიანთი ცართულობის გაზრდა“, – განმარტავს ექსპერტი.
ჩინოლოგის აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი ბაზრის მასშტაბებს უკავშირდება. უზბეკეთს, როგორც რეგიონში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას, მნიშვნელოვანი შიდა ინვესტიციების მოთხოვნა აქვს. იზიმოვი აღნიშნავს, რომ ორივე მხარის ინტერესები ინვესტიციების სტრუქტურაშიც ემთხვეოდა ერთმანეთს: უზბეკეთში ჩინეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი ენერგეტიკისა და წარმოების სექტორებზე მოდიოდა.
გარდა ამისა, რუსლან იზიმოვი, ცენტრალურ აზიაში ჩინეთის საინვესტიციო პორტფელის მიზანმიმართულ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს. უზბეკეთში ინვესტიციების გაზრდით, პეკინი დამატებით მოლაპარაკების ბერკეტს იძენს, მაშინ როდესაც ჩინურ ფონდებზე წვდომისთვის კონკურენცია რეგიონში ძლიერდება, აღნიშნავს შედარებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრის მკვლევარი.
რატომ ირჩევს ცენტრალური აზია ჩინეთს პარტნიორად?
ამ ტენდენციის გარკვეული ასპექტები შეიძლება გამოჩნდეს კონკრეტული ქვეყნების დონეზე. ტაჯიკეთისთვის ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამჟამად ყველაზე მიმზიდველი რჩება, ხაზს უსვამს ტაჯიკი პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მუჰამედ შამსუდინოვი. მისი თქმით, ჩინეთი რესპუბლიკის წამყვანი ინვესტორია, რომელმაც 2017 წელს ინვესტიციების მოცულობით რუსეთს გაუსწრო.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინური ინვესტიციების მიმზიდველობაში: ტაჯიკეთის საერთო საზღვარი ჩინეთთან სავაჭრო და ლოჯისტიკური ჯაჭვების შექმნის საშუალებას იძლევა მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე. გარდა ამისა, მაგალითად, ჩინური ინვესტიციები ევროპულისგან იმით განსხვავდება, რომ მას მოზიდვის უფრო მარტივი მექანიზმები აქვს და დამატებით პირობებს არ ექვემდებარება, დასძენს შამსუდინოვი. ის აღნიშნავს, რომ დასავლურ ინვესტიციებს, როგორც წესი, თან ახლავს კითხვები გარემოსდაცვითი და ეთიკური მოთხოვნების, ზოგჯერ კი ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც კი.
ჩინური ფულის რისკები
ამავდროულად, შამსუდინოვი აღიარებს, რომ ჩინური ინვესტიციები გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. „რისკები არსებობს არა მხოლოდ ცენტრალურ აზიაში, არამედ იმ ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, სადაც ჩინეთი ინვესტირებას ახორციელებს“, – ამბობს პოლიტოლოგი. მათ შორისაა სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისა და რესურსების ნაწილობრივი კონტროლი, რამაც შეიძლება ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა გამოიწვიოს.
ამავდროულად, აბოს ბობოხონოვი მიიჩნევს, რომ ჩინური ინვესტიციები თავისთავად რისკს არ წარმოადგენს. თუმცა, პროექტების არასაკმარისმა დაგეგმვამ და მათი განხორციელების სუსტმა ზედამხედველობამ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კორუფციის არსებობამ, შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, მათ შორის პროექტის ჩაშლა და, შედეგად, ქვეყნების ჩინეთის წინაშე ვალში ჩავარდნა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაპაროვმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეიძლება ჩინეთს გადაეცეს მართვისთვის, თუ ბიშკეკი პეკინის წინაშე ვალს ვერ დაფარავს, იხსენებს ბობოხონოვი. ამიტომ, ჩინური სახსრების მოზიდვა მოითხოვს წინასწარი გათვლებს და სიფრთხილეს, მხარეებს შორის დეტალურ შეთანხმებებს და პროექტის განხორციელების შემდგომ სისტემატურ მონიტორინგს.
როდესაც ბობოხონოვს რეგიონში ჩინეთის საწინააღმდეგო განწყობებზე ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ ადრე ასეთი განწყობები ძირითადად სასაზღვრო სახელმწიფოებში – ყაზახეთსა და ყირგიზეთში გამოიხატებოდა. თუმცა, 2025 წელს კრიტიკული გამოხატულებები უზბეკეთშიც დაფიქსირდა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოსტები იმის შესახებ, რომ ჩინური კომპანიები და ფიზიკური პირები, სავარაუდოდ, უზბეკეთის დიდ ქალაქებში მიწასა და უძრავ ქონებას ყიდულობენ.
რესპოდენტი მიიჩნევს, რომ ეს ჩინეთთან საქმიანი კავშირების სწრაფი გაფართოებით და, შესაბამისად, ჩინური კაპიტალის მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდით არის განპირობებული. მათი რიცხვი 2016 წელს დაახლოებით 700-დან 2025 წელს 5000-ზე მეტამდე გაიზარდა. ადგილობრივი ბიზნესები ამ კონკურენციისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და ბევრი მიიჩნევს, რომ ჩინური კომპანიები მათ ბაზრის წილს ართმევენ და ადგილობრივ შრომის ბაზარზე კონკურენციას ქმნიან, განმარტავს ბობოხონოვი.
ჩინური ინვესტიციების ხარისხი დამოკიდებულია მიმღებ ქვეყანაში არსებულ პირობებზე
ექსპერტები თანხმდებიან, რომ რისკების მიუხედავად, ჩინური ინვესტიციები ამჟამად საკმაოდ მომგებიანია ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ნაწილობრივ შეღავათიანი პირობების გამო. თუმცა, ჩინური ინვესტიციების ხარისხი დიდწილად განისაზღვრება მასპინძელი ქვეყნების მიერ დადგენილი პირობებით.
რუსლან იზიმოვი აღნიშნავს, რომ ლოკალიზაციის, ტექნოლოგიების გადაცემის და პროექტების ეროვნულ ინდუსტრიულ სტრატეგიებში ინტეგრაციის სუსტი მოთხოვნების გამო, ჩინური კაპიტალი პერიფერიული განვითარების მოდელს იმეორებს. თუმცა, უფრო მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკით, ინვესტიციები შეიძლება სტრუქტურული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად იქცეს. „ამ შემთხვევაში, ჩინური კაპიტალი შეიძლება ინტეგრირებული იყოს არა მხოლოდ რესურსების მოპოვების პროექტებში ან ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, არამედ უფრო რთულ ღირებულებათა ჯაჭვებშიც“, – მიაჩნია ექსპერტს.
ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა ჩინეთთან თანაბარ პირობებში უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები, მათ შორის პროექტების გამჭვირვალობის მოთხოვნა და სპეციალისტების მოსაზიდად კვოტების დაწესება, ასევე ცენტრალური აზიის საქონლის ჩინეთის ბაზარზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა, ასკვნის აბოს ბობოხონოვი.
წყარო: DW

