მცენარეთა დაცვაში გულისხმობენ მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას. ორგანულ მეურნეობაში მცენარეთა დაცვა გულისხმობს არა მხოლოდ ქიმიური საშუალებების შეცვლას ბიოლოგიური საშუალებებით, არამედ თვით ბრძოლის მიმათ განსხვავებულ დამოკიდებულებას.
ორგანულ მეურნეობაში მთავარია არა მცენარის დაავადებებთან ან მავნებლებთან ბრძოლა, არამედ ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც ხელს შეუშლის მავნებელ–დაავადებათა ძლიერ გავრცელებას.
ბუნებაში ძირითადად ავადდებიან სუსტი მცენარეები, რაც ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ძლიერი, საღი ორგანიზმები გადარჩებიან და მრავლდებიან, სუსტი კი ავადდება და იღუპება.
სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, ტკიპები, მწერები– მცენარეთა სამყაროში სანიტარული პოლიციის როლს ასრულებენ. მაგრამ როცა ეს ორგანიზმები ძალზე მრავლდებიან და კულტურული მცენარეების მოსავლიანობას ამცირებენ, გვევლინებიან მავნებლებად და მათ მავნებლებს უწოდებენ.
ველურ ბუნებაში ჩვეულებრივ არ ხდება მავნებლების მასიური გამრავლება. მათი რიცხოვნობა რეგულირდება მათივე ბუნებრივი მტრების საშუალებით, ხოლო ადამიანის მიერ ბუნებრივი კანონზომიერებების გაუთვალისწინებლად ჩარევის შემდეგ მავნე ორგანიზმების ძლიერი გამრავლება უპირველეს პრობლემად იქცევა.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის განვითარებამ, ორგანული ქიმიის მიღწევებმა ქიმიური მრეწველობის სწრაფი ზრდა განაპირობა, რამაც გამოიწვია სინთეზური ქიმიური საშუალებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიუხვე. მავნებლებისა და დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვის მიზნით შეიქმნა უამრავი ქიმიური საშუალებები, რომლებიც შედარებით იაფი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია ეფექტური აღმოჩნდა მცენარეთა დასაცავად მავნე ორგანიზმებისაგან.
მაგრამ ქიმიური ნაერთების გამოყენებამ დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითი შედეგებიც გამოიწვია. კერძოდ დაირღვა ბუნებრივი წონასწორობა ბიოცენოზებში, შემცირდა ან სრულებით განადგურდა უამრავი სასარგებლო ორგანიზმები, რამაც გამოიწვია მავნე ორგანიზმთა გამრავლება და მათი რიცხოვნობის ზრდა.
ნიადაგში, წყალსა და ჰაერში დაგროვდა დიდძალი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ხვდებიან საკვებ პროდუქტებში და განაპირობებენ მისი ხარისხის გაუარესებას, მიიღება ეკოლოგიურად არაჯანსაღი საკვები. აკადემიკოს მალცევის განმარტებით „დღევანდელი მოსავლის გულისათვის მივდიოდით ნიადაგის, მთლიანად დედამიწის მოწამვლაზე,“
უკანასკნელ პერიოდში, ამ მიზნით ცდილობენ გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებას, იქმნება ახალი ტიპის პრეპარატები, რომლებიც ნაკლებად ტოქსიკურ ნაერთებად გარდაიქმნებიან ნიადაგში და მცენარეში, მაგრამ ეს მავნებელ–დაავადებათა გავრცელების პრობლემას ვერ წყვეტს.
ვინაიდან მავნე ორგანიზმები გამოიმუშავებენ რეზისტენტობას( გამძლეობას, შემგუებლობას), ან ჩნდება მავნებლის ახალი ფორმა, აქედან გამომდინარე მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური მეთოდების გამოყენება მათ რიცხოვნობას კი არ ამცირებს, არამედ პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის.
ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასარგებლო და სასურველია მცირე ოდენობით მავნებლის არსებობა, რადგან ისინი ხშირად სპეციფიკური სასარგებლო ორგანიზმებისათვის საკვებ ბაზას წარმოადგენენ.
ორგანული სოფლის მეურნეობის მიზანია ისეთი პირობების შექმნა, როცა მცენარის დაზიანება მავნებელ–დაავადებებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამ მიზანს ემსახურება ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა: ჯიშების სწორად შერჩევა, თესლბრუნვა, ნიადაგის სწორი დამუშავება, ხარისხიანი ორგანული სასუქების გამოყენება, სასარგებლო ორგანიზმების განვითარების ხელშეწყობა, მცენარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ბალანსირებული კვება და ა.შ.
აღნიშნული ღონისძიებების გატარება დაფუძნებულია აგროტექნიკური, მექანიკური, ფიზიკური, სანიტარულ–ჰიგიენური, ბიოლოგიური, ბიოტექნიკური, ქიმიური მეთოდების შეთანაწყობილ გამოყენებაზე.
საღი ნიადაგი ჯანმრთელი მცენარის განვითარების წინაპირობაა. აქტიურ, ცოცხალ ნიადაგს ე. წ. ანტიპათოგენური პოტენციალის გამო დაავადების დათრგუნვის მაღალი უნარი აქვს. ამ თვისების რეალიზაციისათვის ნიადაგს სჭირდება დიდი რაოდენობით ორგანული ნივთიერებები, აერაციისა და წყალმომარაგების ოპტიმალური რეჟიმი.
მავნებელ–დაავადებების მიმართ მცენარის გამძლეობის გამომუშავებისათვის მისი სწორი კვება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ სასუქების შეტანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ეს განსაკუთრებით ეხება აზოტოვან სასუქებს, რომელთა მაღალი კონცენტრაციით შეტანისას მცენარე სწრაფად ითვისებს, მაგრამ სხვა საკვები ნივთიერებების შეთვისება, რომლებიც საჭიროა მცენარის უჯრედის მტკიცე გარსის ფორმირებისათვის, იმავე სისწრაფით არ ხდება. შედეგად მცენარე სწრაფად იზრდება, მაგრამ მცენარეული უჯრედი დაუცველია სხვადასხვა მავნებელ–დაავადებებისაგან, მაგალითად ნაცრით დაზიანების მიმართ. მეორეს მხრივ, აზოტის ნაკლებობის დროს მცენარე ნაკლებ გამძლეა დაავადებების მიმართ, ამიტომ აუცილებელია მცენარის კვების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევა.
მცენარის დაავადებებისაგან დაცვა შესაძლებელია დასათესი ფართობის, მინდვრის და შესაფერისი ჯიშის სწორად შერჩევით. მაგალითად კარტოფილის დაავადება–ფიტოფტოროზი ნაკლებად გვხვდება ისეთ ნაკვეთებზე, სადაც აერაცია კარგია, რადგანაც ამ დაავადების გავრცელების ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ზედმეტი ტენია. ხოლო კარგი აერაციის პირობებში ფოთოლი სწრაფად შრება.
ადგილის გარდა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მცენარის ჯიშის სწორად შერჩევას. უპირატესობა ენიჭება ისეთი ჯიშების შერჩევას, რომლებიც გამძლეობის ფართო დიაპაზონით ხასიათდება და არა რომელიმე კონკრეტული დაავადებისა და მავნებლის მიმართ გამძლე ჯიშებს, რადგან ცალკეული გამომწვევის მიმართ გამძლეობა მალე ქრება, ვინაიდან იცვლება გამომწვევის ბუნება. ყურადღება უნდა მიექცეს პირველ რიგში იმ დაავადებისა და მავნებლის მიმართ გამძლეობას, რომლებიც კონკრეტულ ადგილზე განსაკუთრებით ხშირად გვხვდება. ორგანულ სოფლის მეურნეობაში დიდი ყურადღება ექცევა ჯიშების შერჩევისას ადგილობრივ ჯიშებს და თვით მეურნის, როგორც სელექციონერის გამოცდილებას.
მცენარეთა დაცვის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიეკუთვნება თესლბრუნვა და შერეული კულტურების თესვა. აღნიშნული ღონისძიება ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მრავალფეროვანი სისტემა უფრო გამძლეა, ვიდრე ერთფეროვანი. ბუნებრივი სისტემები, როგორც წესი, სახეობათა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება და შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა.
მავნებლების რიცხოვნობის რეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ სასარგებლო ორგანიზმებს. ისინი, ისე როგორც მავნებლები, მუდმივად განიცდიან ცვალებადობას და მათაც სჭირდებათ გარკვეული სასიცოცხლო არეალი, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას ორგანულ მეურნეობაში.
მავნებელთა დაავადებები–სოკოები, რომლებიც ცხოვრობენ დაავადების გამომწვევის ან მავნებლის ხარჯზე, ხელს უშლიან მათ გავრცელებას–აფეთქებას. სოკო ტრიქოდერმა კარტოფილის დაავადების–ფიტოფტოროზის გამომწვევის გავრცელებას აფერხებს. ქიმიური პრეპარატების–ფუნგიციდების გამოყენება დაავადების გამომწვევთან ერთად ზიანს აყენებს სოკოსაც.
სასარგებლო პარაზიტების უმრავლესობა მავნებლის სხეულის პარაზიტი მწერებია. მათ რიცხვში არიან ე.წ. მხედრებიც, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მავნებელზე პარაზიტობენ და დიდ ზიანს აყენებენ მათ. ბუგრის პარაზიტი მხედრები კვერცხს დებენ ფოთლის ბუგრის სხეულში, რამდენიმე საათში იქიდან იჩეკება ლარვა და ბუგრი იღუპება. ერთ პარაზიტს 200–დან 1000–მდე ბუგრის განადგურება შეუძლია. ამ პარაზიტის საცხოვრებელი გარემოა აყვავებული მდელო, მამრები კი იზამთრებენ ხე–მცენარეების მერქანში. ამდენად ყვავილოვანი და ხე–მცენარეების მოშენება მეურნეობაში ხელს უწყობს ამ სასარგებლო პარაზიტის სიცოცხლისუნარიანობას.
მტაცებლების ჯგუფში ორი ტიპის სასარგებლო ორგანიზმები ერთიანდებიან: ერთნი, რომლებიც მხოლოდ ერთ რომელიმე მავნებელს ემტერებიან და მეორენი, რომლებიც სხვადასხვა მავნებლით იკვებებიან. ერთ მავნებელზე სპეციალიზირებული მტაცებლის გამრავლებას ამ მავნებლის გარკვეული ოდენობის არსებობა სჭირდება, რაც გასათვალისწინებელია ორგანული მეურნეობის ლანდშაფტის დაგეგმვისას.
ფართო სპექტრის მტაცებლებს მიეკუთვნება: ობობა, ჭიამაია, ნეხვის ჭია, ნახევრადხეშეშფრთიანთა მატლები და სხვა. ისინი უნივერსალური მტაცებლები არიან. ბუგრების არარსებობისას იკვებებიან კოლორადოს ხოჭოს მატლებით, ლოკოკინას კვერცხებით და სხვა მავნებლებით, რითაც დიდ ზიანს აყენებენ მათ.
ჭიამაია ფოთლის მავნებლის ცნობილი მტერია. წელიწადში იგი ერთ თაობას იძლევა და შეუძლია დაახლოებით 200–600 ბუგრის განადგურება. მინდვრად ცხოვრობენ აგრეთვე შედარებით დიდი ზომის სასარგებლო ცხოველებიც, როგორიცაა ზღარბი, გომბეშო, ბაყაყი, ხვლიკი და სხვები, რომლებიც მავნებლებით იკვებებიან. ბაღში ბინადრობენ სასარგებლო ფრინველები, რომლებიც ძირითადად მწერებით იკვებებიან. როგორც ცხოველებს, ასევე ფრინველებსაც სჭირდებათ საცხოვრებელი გარემო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას ორგანული მეურნეობის დაგეგმვისას.
ორგანულ მეურნეობაში მცენარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისათვის მიმართავენ სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, მაგრამ ეს ღონისძიება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მცენარეთა დაცვის სხვა ღონისძიებები ამოწურულია და პრობლემა მაინც არსებობს. მცენარეთა მკურნალობა ხდება მცენარეული ან ბუნებრივი მინერალური პრეპარატებით, რომელთა დამზადება შესაძლებელია მეურნეობის პირობებში ან ზოგიერთი მათგანის შეძენა შესაძლებელია მზა ფორმით.
ბუნებაში არსებობს შხამიანი ე.წ. პესტიციდური აქტივობის მცენარეები, რომელთაგან დამზადებული ნახარშები, ნაყენი, ფხვნილი ტოქსიკურად მოქმედებს მთელ რიგ ორგანიზმებზე, მაგრამ ნაკლებ ზიანს აყენებს სასარგებლო ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანს. მათი გამოყენება შესაძლებელია ნაყოფის სიმწიფის პერიოდშიც, ისინი არ ანაგვიანებენ გარემოს, ვინაიდან ბუნებაში არსებობს მათი სწრაფად დაშლის მექანიზმები. პესტიციდური აქტივობის მცენარეები ბუნებაში დიდი რაოდენობითაა და შესაძლებელია მათი კულტივირება, თვისებების გაუმჯობესება სელექციისა და აგროტექნიკის გზით.
ამასთან ზოგიერთ პესტიციდური აქტივობის მცენარეს ახასიათებს კომპლექსური მოქმედება–მათი გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ. მცენარეების პესტიციდური აქტივობა განპირობებულია მათში სხვადასხვა შენაერთების არსებობით, როგორიცაა: ალკალოიდები, საპონინები, რთული ეთერები, ეთერზეთები და ა.შ.
ამ ნივთიერებების შემცველობა მცენარეში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებულია, კერძოდ მცენარის განვითარების ფაზებზე, ნიადაგურ–კლიმატურ პირობებზე, მცენარეთა კვების რეჟიმზე და ა.შ. მცენარე „შხამა“ სომხეთის რესპუბლიკის პირობებში ცხოველების მიმართ ტოქსიკურობას არ ამჟღავნებს, მაგრამ საქართველოს პირობებში მაღალტოქსიკურია ცხოველებისა და სხვადასხვა მწერების მიმართ.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პესტიციდური აქტივობის მქონე მცენარეების ნაყენში, ნახარშსა და ფხვნილში სხვადასხვა ფაქტორების მოქმედებით ხშირად იცვლება მათ შემცველობაში არსებული ნივთიერებების რაოდენობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები, ამიტომ სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დამზადების პირობები, დოზები და შესხურების ვადების ზუსტი დაცვა.
ორგანულ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აკარიციდული (მავნე ტკიპების), ინსექტიციდური (მავნე მწერების), რეპლენტური (მწერების დამაფრთხობელი), როდენტიციდური (მავნე მღრღნელების), ნემატიციდური (მრგვალი ჭიების), ფუნგიციდური ( სოკოვანი დაავადების), ჰერბიციდური (სარეველა მცენარეების) აქტივობის მცენარეების გამოყენებას მავნებელ–დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ინსექტოაკარიციდული აქტივობის მცენარეებია: აბზინდა, ავშანი, ამორფა, ანწლი, შხამა, იელი, ხარისთვალა და სხვები.
ნემატიციდური აქტივობის მცენარეებია: აბუსალათინი, ბაღის სატაცური, გულყვითელა, მთის ჩადუნა, ქრიზანთემა, ხავერდა, ზაფრანა და სხვები.
ფუნგიციდური აქტივობის მცენარეებია: მთის ღანძილი, ნიორი, ღანძილი, ღორისქადა და სხვა.
ფიტონციდური აქტივობის მცენარეებია: ნიორი, პირშუშხა, შოთხვი, ხახვი და სხვა.
რეცელენტური აქტივობის მცენარეებია: გლედიჩია, დიდგულა, თეთრი მდოგვი, ქაფურა, ჩვეულებრივი კანაფი, ძაღლის ენა და სხვა.
ჰერბიციდული აქტივობის მცენარეა მაგ. ხემყრალი.
ავტორები: ნ. ნაკაშიძე, დ. ჯაში /ორგანული სოფლის მეურნეობა/