აშშ-ში, წყლის ნაკლებობის გამო, ნუშის ბაღების გაშენება მცირდება

ნუშის, ბაღი, ნუში

აშშ-ში, წყლის ნაკლებობის გამო, ნუშის ბაღების გაშენება მცირდება- რას ნიშნავს ეს ნუშის გლობალური ბაზრისთვის?

აშშ-ში, კალიფორნიის შტატი აღიარებულია ნუშის ლიდერ მწარმოებლად, რომელიც მსოფლიო მარაგის 80%-ს მაღალხარისხიანი ნუშით უზრუნველყოფს.

ინდუსტრიას ამ რეგიონში, 20/21 წლის მოსავალზე პოზიტიური მოლოდინები ჰქონდა, რომელიც +3%-იან ზრდას გულისხმობდა წინა რეკორდულ 2020 წელთან შედარებით.

თუმცა, ერთი კვირის წინ, „ნუშის მწარმოებელთა საბჭომ (Almond Growers Council) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში ნუშის წარმოება, წინა წლებთან შედარებით, 10%-ით შემცირდება და 1.27 მილიონ ტონას შეადგენს. ეს შედეგები, ძირითადად, წინა სეზონთან შედარებით მოსავლიანობის 18%-ით შემცირებით იყო გამოწვეული, რაც კალიფორნიაში წყლის მწვავე უკმარისობას უკავშირდება.

ანგარიში საველე გამოკვლევების საფუძველზე მომზადდა, რომლის ფარგლებში სპეციალისტებმა 26 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, 914 ბაღში ნუშის ხეები შერჩევით შეისწავლეს.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.almonds.com/sites/default/files/2021-07/2021ObjectiveReport.pdf

„2021 წლის მაისი 127 წლის განმავლობაში ყველაზე გვალვიანი იყო“ ვეცნობით აშშ-ს ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაში, რომელსაც აშშ-ს ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია გვაწვდის. პრობლემა ყველაზე მწვავედ კალიფორნიაშია, სადაც ბოსტნეულის მესამედი და აშშ-ს ხილის ორ მესამედი იწარმოება. მაღალმა ტემპერატურამ და კალიფორნიაში რიგით მეორე ყველაზე მშრალმა ზამთარმა, შტატის მიწის 85%-ზე მეტი „ექსტრემალურ“ გვალვაში მოაქცია.

ზოგი ფერმერი უარს ამბობს წყლისადმი მგრძნობიარე კულტურებზე და იწყებს მათ გაჩეხვას, ძირითადად, ეს არის ნუშის ის ბაღები, რომლებიც დაბალი მოსავლიანობით ხასიათდებიან. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის შემდეგ ახალი პლანტაციებიდან მიღებული მოსავალი შემოდის ბაზარზე, კალიფორნიაში ნუშის ბაღების გაშენების მაჩვენებელი წელიწადში, საშუალოდ 2 ათასი ჰექტარით მცირდება, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში, დარგვის მაჩვენებელი ნახევრამდე შემცირდა.

ნუშის, ბაღი, ნუში

ამ სეზონზე კალიფორნიაში ნუშის წარმოების შემცირების შესახებ განცხადება უდაოდ ხელს შეუწყობს პროდუქტზე მსოფლიო მასშტაბით ფასების მომატებას. წინა წელს, რეგიონში, მოსავლის 22%-იანმა ზრდამ ფასები 4$-მდე დააგდო.

ამავდროულად, ხარისხიან ნუშზე მოთხოვნის შესაძლო ზრდას უნდა ველოდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც კალიფორნიის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედია. Union de Uniones – ს თანახმად, ნუშის წარმოება ესპანეთში, სადაც შეერთებული შტატების ექსპორტის 10% გადის, წელს 20%-ით შემცირებულ მოსავალს მიიღებს, რომელიც ნაწილობრივ წინა წლის ფიტოსანიტარული პრობლემებითა და შესაბამისად, დაბალი ხარისხის ნუშის მოსავლით იქნება განპირობებული.

ნუშის მოყვანის სქემა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: ნუში – გამრავლება, ბაღის გაშენება

ეს ვითარება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ნუშის ბაზრის ისეთი ახალბედა მოთამაშეებისთვის, როგორებიცაა საქართველო და აზერბაიჯანი, რომ ბაზარს ხარისხიანი და ასევე გადამუშავებული ნუში მიაწოდონ, რომელიც რეგიონში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

თქვენი რეკლამა