ერუშეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღეს

ერუშეთის

საქართველოს პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა. კანონპროექტში ცვლილება ერუშეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად იქნა შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება.

ერუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს მცირე კავკასიონზე, ე.წ. ერუშეთის მაღლობზე (ზეგანი), სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე. მოიცავს ასპინძისა და ახალციხის რაიონების ნაწილს: ვალეს, ასპინძას, ახალციხეს, მდინარე ურაველის ხეობას და მიმდებარე ტერიტორიებს.

ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარს შეადგენს.

ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: 

  • ერუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, დიდი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის, რეკრეაციისათვის, ტურისტული საქმიანობისათვის, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ეკოდერეფნების განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის;
  • ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), რომელიც იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით, ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად.

ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 2021 წელს დაარსდა. დემარკაციის შედეგად დაზუსტდა დაცული ტერიტორიების საზღვრები, გაიმიჯნა საზღვრებში მოხვედრილი მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურული ობიექტები, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად პარკის საზღვრებში იყო მოხვედრილი.

დემარკაციის პროცესი  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ივნისის №414 დადგენილების – „დაცული ტერიტორიების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

თქვენი რეკლამა