უნაბი (ორნაბი) – სამკურნალო მცენარე

ორნაბი

უნაბი (Ziziphus Jujuba Mill.) ხეჭრელისებრთა ოჯახში შედის. დატოტვილი 3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია ან 6-8 მ სიმაღლის ხეა და კუთხულ-დაბრეცილი ყლორტებით, რომლებზეც 3 სმ-მდე სიგრძის გრძლად წაწვეტილი ეკლებია განლაგებული. ქერქი ღეროზე მუქი მოშაოა, ყლორტებზე კი მოყავისფრო.

განიერი ლანცეტა ან კვერცხისებრი, ზემოდან მბრწყინავი ქვემოდან ბაცი, 20-50 მმ სიგრძის, 15-20 მმ სიგანის, კიდეწვრილხერხისებრდაკბილული, არათანაბარგვერდებიანი, მეტად მოკლე ყუნწიანი ფოთლები, წვრილ ყლორტებზე ორ მწკრივადაა განლაგებული და ასეთი თავისებურები სგამო კენტფრთართულ ფოთოლს მოგვაგონებს.

ხუთწვერიანი პატარა ყვითელი ყვავილები სამ-სამ ყვავილიან მჭიდრო თანაყვავილედებად შეჯგუფული ფოთლების უბეებშია განლაგებული. მრგვალი ან მოგრძო ოვალური ფორმის, მბრწყინავკანიანი, 15-20 მმ სიგრძის, მუქი მოწითალო ან მოყავისფრო, ხორციანი ნაყოფებიც ფოთლების უბეებშია განლაგებული.

შუა აზიის და ამიერკავკასიის მთებში იგი ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზეა აღრიცხული. ფრიად გვალვაგამძლე მცენარეა, ამავე დროს 30 გრადუს ყინვასაც იტანს.

ნაყოფი 40 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 5 პროცენტზე მეტ პროტეინს, 1,5 პროცენტზე მეტ ქარვის და ვაშლის მჟავებს, 2,5 პროცენტამდე პენქტინოვან ნივთიერებს, 2 პროცენტზე მეტ ფისებს, 1,2 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. ფრიად მდიდარი C ვიტამინით (880 მგ პროცენტამდე). იჭმება როგორც უმი, ასევე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული.

გამოყენებულია საკონდიტრო წარმოებაში და გამაგრილებელი წყლების დასამზადებლად. ნაყოფები უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც რბილი ამოსახველებელი, მატონიზებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება.

ამჟამად მეცნიერული მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდდამდენი თვისება გააჩნია.

ცალკეული ექიმი-მკვლევარები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს. ხშირ შემთხვევებში სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა ბევრ ავადმყოფს უნაბის ნაყოფებით ჩატარებული სპეციფიური მკურნალობის შედეგად.

ხალხურ მედიცინაში ჰიპერტონიის სამკურნალოდ გამოიყენება ნაყენი: აიღეთ 1 კგ. გამომშრალი ნაყოფი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, შეფუთეთ და 8-10 საათით გააჩერეთ სითბოში. შემდეგ გადაწურეთ, ნაყოფს ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათს დააყოვნეთ და ისევ გადაწურეთ. ცალ-ცალკე იღებენ ნაყოფს და ნაყენს. ერთ მიღებაზე ერთი ჭიქა უნდა მიირთვათ.

ხალხურ მედიცინაში ხველებისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ, გამოიყენება უნაბის ფოთლების ნაყენი: ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ უნაბის ფოთოლს, დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ. მიირთვით 50 მლ დღეში 3-4 ჯერ.

უნაბის ფოთლები 10-20 მგ პროცენტამდე C ვიტამინს შეიცავს და მაანესთეზირებელი თვისებებიც გააჩნია. ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში ადამიანი დროებით ჰკარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.

ქერქი ტყავის გასათრიმლად და შესაღებად, ხოლო მკვრივი, მოწითალო გულიანი მერქანი წვრილი სახარატო ნაკეთობისათვის გამოიყენება.

unabi_samkurnalo_000298111165

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

იხილეთ: უნაბი (ორნაბი) დარგვა, მოვლა-მოყვანა, გამოყენება

თქვენი რეკლამა